
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი
პირი დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ
მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით
დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის
შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის
მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების
შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე
- დაბა ბაკურიანში დააკავეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ
ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს.