Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დაიწვა, რა გადარჩა, როგორ იმუშავეს მეხანძრეებმა და როგორ შეიძლება ნოტრ-დამის აღდგენა

17 აპრილი, 2019 19:22

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა ტაძრის გადახურვა და შპილი. ისტორიულ ტაძარზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ჯერ არ დაუთვლიათ, თუმცა ბიზნესმენებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება ტაძრის რეკონსტრუქციისთვის. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელვიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში აღდგება. 

15 აპრილის საღამოს ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესს პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მეხანძრეების მუშაობის პროცესს მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არ ჩააქრეს ხანძარი ვერტმფრენით. პარიზის სახანძრო დეპარტამენტი კი აცხადებდა, რომ ასეთ შემთხვევაში ტაძარი უფრო დაზიანდებოდა. 

რა დააზიანა ხანძარმა ტაძარში?

„ლიბერალი“ ხელოვნებათმცოდნე ნინო სილაგაძეს ესაუბრა. როგორც ნინო სილაგაძე აღნიშნავს, ის მეთოდი, რითაც იმუშავეს მეხანძრეებმა, ამ შემთხვევაში მისაღები იყო, რადგან თუ ხანძარს ვერტმფრენით ჩააქრობდნენ, შესაძლოა, ტაძარი სრულად განადგურებულიყო.

„ეს იგივე იქნებოდა, რომ ბომბი ჩაეგდოთ ტაძარში. გარდა ამისა, მეხანძრეები პირდაპირ არ უშვერდნენ წყლის ჭავლს ტაძარს, რომ მას დაზიანება არ გამოეწვია“, - ამბობს ნინო სილაგაძე. 

მისივე თქმით, აერო-ფოტოგადაღებიდან ჩანს, რომ მთლიანად დამწვარია გადახურვის კონსტრუქცია, მთავარი ნავის კამარები, ნერვიურები და, სავარაუდოდ, ტრანსეპტიც. 

„მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა ჯერ არ დადებულა, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დაიწვა სახურავი, გადახურვის კონსტრუქცია მთლიანად და საერთოდ განადგურდა შპილი. იქ უამრავი დეკორატიული ელემენტი იყო, მათ შორის ქანდაკებები, რომლებიც XIX საუკუნის რესტავრაციას განეკუთვნებოდა. ისინი გადარჩა, რადგან ზუსტად რესტავრაციის დროს მოხსნეს და  გადაიტანეს“, - ამბობს ის. 

ნინო სილაგაძე, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული დასავლეთის ხელოვნების ისტორიკოსია, ამბობს, რომ დამწვარი ნაწილების უმეტესობა მე-19 საუკუნის რეკონსტრუქციის პერიოდისაა. 

„მოგეხსენებათ, ვიოლე ლე დიუკმა, ცნობილმა არქიტექტორმა ჩაუტარა რეკონსტრუქცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. რეკონსტრუქცია საჭირო გახდა რევოლუციის პერიოდში მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ეს დამწვარი ნაწილი არ იყო ავტოქთონური, ანუ შუა საუკუნეების პერიოდის, ეს იყო მე-19 საუკუნეში აღდგენილი.

თვითონ შპილი იყო მუხის, ტყვიის ფირფიტებით დაფარული. ასევე, სახურავისთვის ვიოლე ლე დიუკმა სპეციალური კონსტრუქცია შეიმუშავა, რომელიც თევზის ქერცლისებურად ტყვიის ფირფიტებისგან იყო შემდგარი. შიგნით, რა თქმა უნდა, უხვად იყო გამოყენებული ხის მასალა, როგორც ზოგადად გადახურვის კონსტრუქციაში კეთდებოდა. როგორც ჩანს, ამის გამო მძვინვარებდა ასე ცეცხლი“,-ამბობს სილაგაძე. 

ხელოვნებათმცოდნის თქმით, სავარაუდოდ, ხანძარს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ტაძრისთვის, აღდგენას რომ არ ექვემდებარება. 

 „თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ   ვიტრაჟები დაზიანდა, თუმცა არ აღმოჩნდა სიმართლე.   ტაძარში ვიტრაჟები დიდი რაოდენობითაა მე-19   საუკუნის რეპლიკებით და არა ავტოქთონური.  რაც შეეხება  ვარდულებს... სამი დიდი ვარდული აქვს ტაძარს. მათ აქვთ ელემენტები მე-13 საუკუნის ფენიდან  და   ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა, ისინი რომ   დაზიანებულიყო. თუმცა ბოლოს გავრცელებული   ფოტოებიდან როგორც ჩანს, ვარდულები არ   დაზიანებულა“, - ამბობს სილაგაძე. 

მისივე თქმით, შესაძლოა, გამოუსწორებლად არ დაზიანებულა ტაძარი, მაგრამ შესამუშავებელი იქნება ძალიან სერიოზული და ძვირადღირებული პროექტი მის აღსადგენად. „დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგები ამას შეძლებენ, მით უმეტეს, რომ მათი სარესტავრაციო სკოლა ცნობილია მსოფლიოში“.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია და კულტურული ღირებულება

ნინო სილაგაძის თქმით, ნოტრ-დამის აგებამდე ამ  ადგილას მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობები იყო. 

„ჯერ კიდევ რომაულ ხანაში იქ იუპიტერის ტაძარი იდგა, ანუ გალურ-რომაული ტაძარი. ეს არის კუნძული სიტე, სადაც მდინარე სენა ორად იყოფა. სხვათა შორის ამან შეაფერხა  სახანძრო სამუშაოები, რადგან ვიწრო ქუჩებია და სახანძრო მანქანების მოძრაობა რთული იყო. 

ასევე, იქ იყო წმ.სტეფანეს სახელობის ადრექრისტიანული ბაზილიკა, რომლის ერთ-ერთ პორტალში ამ წმინდანთან დაკავშირებული ქანდაკებები შემდეგში ნოტრ-დამში განათავსეს.

1163-1345 წლები ოფიციალურად მიიჩნევა მშენებლობის პერიოდად. ზოგადად გოთური ტაძრები საუკუნეების განმავლობაში  შენდებოდა.  ამ ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს, ხოლო 1190 წელს იკურთხა საკურთხევლის ანუ აღმოსავლეთი ნაწილი. დასავლეთის ნაწილი - ცნობილი კოშკებიანი ფასადი მე-13 საუკუნის დასაწყისში დაასრულეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაკეთდა ეს ტაძარი.  მე-13 საუკუნეში გააფართოვეს ტრანსეპტი, მე-19 საუკუნეში უკვე სერიოზული რესტავრაცია ჩატარდა“. 

ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ ნოტრ-დამი გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.

„რაც შეეხება მის მნიშვნელობას, მოგეხსენებათ, გოთური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ე.წ. მაღალი გოთიკის, მაგრამ „მაღალი გოთიკის“ ადრეული ეტაპის, იმ დიდი კათედრალების ჯგუფიდან, რომლებიც ამ პერიოდში იგებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში. როგორებიცაა:  პარიზის, ამიენი, რეიმსი და ა.შ“, - ამბობს სილაგაძე. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილია, ასევე, მასში დაცული ხელოვნების ნიმუშებითა და  რელიკვიებით. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხანძარს გადაურჩა. 

„ზოგადად, რელიკვიებით ძალიან მდიდარია ეს ტაძარი.  მათ  შორისაა ლათინთა იმპერატორის ბოდუენ II -ის მიერ კონსტანტინოპოლიდან ჩამოტანილი ქრისტეს გვირგვინი. როგორც ამბობენ, ყველაფერი გადარჩა“.

ფოტო: AFP; Getty images

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^