Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნუსრათ ჯაჰან რაფი - სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, რომელიც ხმის ამოღებისთვის დაწვეს

18 აპრილი, 2019 14:01

ბანგლადეშის პატარა ქალაქ ფენიში 19 წლის ნუსრატ ჯაჰან რაფი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ნუსრათმა, რომელიც მუსლიმურ სკოლაში - მედრესეში სწავლობდა, სექსუალურ შევიწროებაში სკოლის დირექტორი დაადანაშაულა და პოლიციას მიმართა, რასაც მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვა. ნუსრათი პოლიციაში მისვლიდან ორ კვირაში ცოცხლად დაწვეს.

BBC წერს, რომ ბანგლადეშში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც საზოგადოება უფრო კონსერვატულია, ხშირია ქალების სექსუალური შევიწროება. მაგრამ ძალადობის მსხვერპლი გოგოები, ქალები, როგორც წესი, გაჩუმებას ამჯობინებენ. საზოგადოება სექსუალურ შევიწროებაში ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებს.

ნუსრათ ჯაჰან რაფიმ კი არა მარტო გაბედა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო, მოძალადის წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა. მისი ჩვენებით, სკოლის დირექტორმა 27 მარტს თავის კაბინეტში დაიბარა, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ტანზე შეხება დაუწყო. გოგო დირექტორის კაბინეტიდან გამოიქცა და სამართალდამცველებს მიმართა.

ნუსრათისთვის პოლიციის განყოფილებაში უსაფრთხო გარემო უნდა შეექმნათ, რათა ტრავმაზე ღიად ესაუბრა. ამის სანაცვლოდ, პოლიციელმა სექსუალური შევიწროების მსხვერპლის საუბრისას ვიდეოს გადაღება დაიწყო. ნუსრათი სახის დამალვას ცდილობდა, მაგრამ როგორც BBC წერს, ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი ცდილობს კადრში მისი სახე გამოაჩინოს.

შევიწროების მსხვერპლის ჩვენების შემდეგ მედრესეს დირექტორი დააკავეს, თუმცა ნუსრათის ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, რასაც მის წინააღმდეგ კამპანიის აგორება მოჰყვა.

ორმა ბიჭმა სტუდენტმა პოლიციის წინ აქცია გამართა დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით. მათ პროტესტს პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების ნაწილიც შუერთდა. ხალხმა მომხდარში გოგოს დადანაშაულება დაიწყო.

სექსუალური შევიწროებიდან 11 დღის შემდეგ ნუსრათი მედრესეში დაბრუნდა, რათა გამოცდები ჩაებარებინა. ის სკოლაში ძმამ მიაცილა, რომელიც იხსენებს და წუხს, რომ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

„ჩემთვის რომ სკოლაში შესვლის საშუალება მიეცათ, ასეთი რამ არ მოხდებოდა“, - თქვა ნუსრათის ძმამ მოგვიანებით.

ნუსრათ ჯაჰან რაფის ჩვენებით, სკოლაში მისვლისას მას თანაკლასელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მათი მეგობარი სცემეს და სკოლის სახურავზე წაყოლა სთხოვა. სახურავზე ასვლისას ნუსრათს ბურქაში ჩაცმული 5 ადამიანი შემოეხვია და სარჩელის პოლიციიდან გატანა მოსთხოვა. უარის შემდეგ კი ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

გამომძიებლის თქმით, თავდამსხმელებს თვითმკვლელობის დადგმა სურდათ, მაგრამ ნუსრათ რაფიმ რამდენიმე დღე იცოცხლა და მიუხედავად იმისა, რომ სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, ჩვენების მიცემაც მოასწრო.

ნუსრათ რაფის სიკვდილს ბანგლადეშში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავეს დასჯიდა. პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის 7-ს გოგოს მკვლელობის მონაწილეობაში ედება ბრალი. პატიმრობაში რჩება მედრესეს დირექტორიც.

ნუსრათის სიკვდილის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაც დაიწყო, ათასობით მოქალაქე სექსუალური შევიწროების შესახებ ალაპარაკდა.

ბანგლადეშში ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფის ინფორმაციით, ქვეყანაში 2018 წელს 940-მდე გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა. მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^