
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ, „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიანია.
„ყველამ იცის, რაც მოხდა „რუსთავი 2-ში". ბატონო გიგა, როგორ წაართვით „რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს. მართალია, „ნაცმოძრაობა" ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი, მაგრამ მაინც ერთად ხართ. ეს დღევანდელი სურათიდანაც ძალიან კარგად ჩანს.
დღემდე „რუსთავი 2" მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაშია. იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში და არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში. ერთადერთი, რაც თქვა 9 მოსამართლემ, რომელიც წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში - სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი 2". ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს იცის ქართველმა ხალხმა", - აცხადებს პარლამენტის სპიკერი.
ირაკლი კობახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს არსად უთქვამს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო.
„რუსთავი 2" არის ზუსტად საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის მათ შორის კანონიერ მესაკუთრეებს უბრუნებს საკუთრებას. თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს", - აცხადებს კობახიძე.