"კვლევის შედეგების მიხედვით, 59% სისხლში ტყვია დღევანდელი ნორმის ქვემო საზღვრებშია, ანუ აქვთ 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები. 25% ჰქონდა მსუბუქი მატება 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. რატომ ვამბობ მსუბუქი? იმიტომ, რომ მთელ რიგ ქვეყნებს დღესაც ზღვრულად მიაჩნიათ 10 მკგ/დლ-მდე ან ტოლი და 10-ის შემდეგ იწყებენ სერიოზულ ჯანდაცვით ღონისძიებებს. ჩვენთან 16% აღმოჩნდა, ვისაც 10-ზე მეტი აქვს. მთლიანად ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, ბევრჯერ განვიხილეთ ეს მონაცემები კონსულტანტებთან ერთად, მაგრამ არ არის პანიკის საფუძველი. ეს საჭიროებს შემდეგ ინტერვენციებს." - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.