Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კითხვები და პასუხები ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევასთან დაკავშირებით

24 აპრილი, 2019 16:33

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.  

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაინერგოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს მასალას, რომელიც მოიცავს კითხვებსა და პასუხებს ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევასთან დაკავშირებით.

„ლიბერალი“ მასალას უცვლელად გთავაზობთ:

***********

1. რატომ არის ტყვია საშიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის?

ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც, ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს ინტენსიური დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად იქცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან; ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვ. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა, და სხვ.

2. რა არის ტყვიით დაბინძურების ყველაზე გავრცელებული წყარო მსოფლიოში?

დღეისათვის ტყვიით დაბინძურების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს, მსოფლიო მასშტაბით, წარმოადგენს სამრეწველო ნარჩენების გადამუშავება განმეორებითი გამოყენებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სამთო მრეწველობა, დნობითი სამუშაოები და სხვ. ტყვია ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მაგალითად, პიგმენტებში, საღებავში, სარჩილებში, ფერად მინაში, ბროლის ჭურჭელში, სამხედრო აღჭურვილობაში, კერამიკაში, სამკაულებში, სათამაშოებში, კოსმეტიკასა და ტრადიციულ (ხალხურ) სამკურნალო საშუალებებში. სასმელი წყალი, რომელიც მოედინება ტყვიის ან ტყვიით შედუღებული მილებიდან, ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. გარდა ამისა, ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა, ასევე შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას; დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან კი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს.

3. როგორ მოხდა ბავშვების სისხლში ტყვიის დონის შესწავლა საქართველოში?

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა მოხდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე მასშტაბური კვლევაა მსოფლიოში და საქართველოში 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ჩატარდა. კვლევა გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში და, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა მაღალი ხარისხის მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ, რომელთა შედარებაც შესაძლებელია საერთაშორისო მონაცემებთან. კვლევა ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას ფინანსური მხარდაჭერა ასევე გაუწიეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა, გაეროს განვითარების პროგრამამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა.

ტყვიის შესაძლო წყაროების შეფასების მიზნით, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და აშშ ემორის უნივერსიტეტის ექსპერტების მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა სატელეფონო გამოკვლევა.

4. რამდენ ბავშვს ჩაუტარდა გამოკვლევა საქართველოს მასშტაბით?

ვენურ სისხლში ტყვიის დონე განესაზღვრა 2-დან 7 წლამდე ასაკის 1578 ბავშვს. სინჯები გაიგზავნა ევროპის წამყვან, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.

5. რა მეთოდოლოგია იყო გამოყენებული ტყვიის კვლევისას?

ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩაუტარდა MICS კვლევაში მონაწილე იმ ოჯახების 2-7 წლის ბავშვებს, ვინც თანხმობა განაცხადა ვენური სისხლის აღებაზე. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრული (ICP MS) მეთოდი, რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთერთ საუკეთესო სტანდარტს[1].

6. კვლევის თანახმად, რამდენად გავრცელებულია ტყვია ბავშვების სისხლში საქართველოში?

სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ აღმოაჩნდა ბავშვთა 41%-ს, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე - 25%-ს, ხოლო ≥10 მკგ/დლ - 16%-ს.

7. რას ნიშნავს ტყვიით ინტოქსიკაცია და რას იწვევს იგი?

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:

· ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,

· ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,

· ჰიპერაქტიულობას,

· სირთულეებს კითხვისას,

· კოორდინაციის გაძნელებას,

· ქცევით დარღვევებს,

· დაბალ მოსწრებას სკოლაში,

· ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.

კლინიკური სიმპტომები:

· ტკივილი მუცლის არეში,

· ანემია,

· ყაბზობა,

· თავის ტკივილი,

· მადის დაქვეითება.

რეკომენდებულია:

(ა) შეფასდეს ბავშვის კვებითი სტატუსი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება და რკინის დეფიციტის რისკი;

(ბ) ექიმის რეკომენდაციით ჩაუტარდეს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C-რეაქტიული ცილა);

(გ) ექიმის რეკომენდაციით დაენიშნოს რკინის პრეპარატები, კალციუმი და სხვ;

(დ) ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროების გამოსავლენად შეფასდეს საცხოვრებელი გარემო - შეგროვდეს დეტალური ანამნეზი სპეციალური კითხვარით;

(ე) საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გარემო ფაქტორების ლაბორატორიული შესწავლა.

8. როგორია ბავშვის სისხლში ტყვიის მომატებული დონის მოკლე და გრძელვადიანი გართულებები? რას იწვევის ტყვიის მომატებული დონე ზრდასრულებში?

იმის მიხედვით, თუ რამდენადაა მომატებული ტყვიის შემცველობის დონე სისხლში, მას შეუძლია გამოიწვიოს:

ორსულობისას:

  • ნაადრევი მშობიარობა;
  • ორსულობის სპონტანური შეწყვეტა;
  • ნევროლოგიური დარღვევები და ნაყოფის ზრდის შეფერხება;
  • სპონტანური აბორტი ან მკვდრადშობადობა;
  • დაბალი წონა დაბადებისას.

ტყვიის შემცველობა სისხლში უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ უნარზე

  • მამაკაცებში - სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება, პათოლოგიური სპერმის სიხშირის მატება;
  • ქალებში – მრავალმხრივი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ჩასახვის შეფერხება.

სხვა გავლენა ჯანმრთელობაზე

  • ტყვიით ინტოქსიკაცია მოქმედებს სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის:

    • თირკმელებზე
    • ტვინზე
    • გულზე
    • ძვლებზე

უარყოფითი გავლენა სწავლის უნარზე

(ა) ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტის სინდრომი (ADD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის (ADHD) სინდრომი ბავშვებში;

(ბ)ტყვიის დონის მატება შეიძლება გახდეს წაკითხულის გააზრების უნარის დაქვეითების და მათემატიკაში დაბალი მოსწრების მიზეზი.[2]

ტყვიის მაღალი შემცველობა აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას, იწვევს ინტელექტუალური განვითარების დაბალ კოეფიციენტს, ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობას, შესაძლებელია, ითქვას რომ პირდაპირ თუ ირიბად, იწვევს სიღარიბეს და ხელს უწყობს უთანასწორობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იმ ადამიანთა 90%-ზე მეტი, რომელთაც აღმოაჩნდათ სისხლში ტყვიის მომატებული დონე, ცხოვრობს დაბალი/საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა რიცხვს ჯერჯერობით მიეკუთვნება საქართველოც.[3]

საქართველოს შემთხვევაში, სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ აღმოაჩნდა ბავშვთა 41%-ს, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე - 25%-ს, ხოლო ≥10 მკგ/დლ - 16%-ს, რაც მიუთითებს, რომ მდგომარეობა ფრიად საყურადღებოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. მსგავსი და უფრო მძიმე სიტუაცია იყო მრავალ განვითარებულ ქვეყანაში 20-30 წლის წინ, რომელიც დაიძლია შესაბამისი მიზნობრივი პროგრამებით და ინტერვენციებით.

9. როგორია ტყვიის შემცველობის გავრცელება რეგიონების მიხედვით? არის განსხვავება რეგიონებში?

ტყვიის შემცველობა სისხლში რეგიონების მიხედვით განსხვავებულია; უფრო მეტად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.

1. სად სჭარბობს ტყვიის მაღალი დონე, ქალაქებში თუ სოფლებში?

უმრავლეს შემთხვევაში, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.

2. როგორ შეატყობინებენ შედეგებს კვლევის მონაწილეებს?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კვლევაში ჩართულ ბავშვთა ოჯახებს ინდივიდუალურად გაუგზავნის ბავშვის სისხლში ტყვიის ანალიზის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს.

3. რა კლინიკური გამოვლინება ახასიათებს სისხლში ტყვიის შემცველობის მატებას?

ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგად ბავშვების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები გამოკვლევის მომენტისათვის. თუ სიმპტომები არსებობს, ისინი ძალიან მრავალფეროვანი და არასპეციფიურია (ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აღგზნებადობა და გაღიზიანება). გახანგრძლივებული ექსპოზიციისას ეს სიმპტომები მძიმდება და ვლინდება მულტიორგანული დისფუნქცია.

ნერვულისისტემა: ვლინდება განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხებები; მძიმე ენცეფალოპათია ვლინდება სისხლში ტყვიის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას (45 მკგ/დლ-ზე მეტი). ტყვიის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ (>100–150 მკგ/დლ) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე სიმპტომები; ისეთი, როგორიცაა ანორექსია, ატაქსია, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და სიკვდილიც კი. შედარებით დაბალი კონცენტრაციები დაკავშირებულია განვითარებისა და ქცევის პრობლემებთან და ნეიროკოგნიტურ დეფიციტებთან.

ტყვიის ზეგავლენით ბავშვებში ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა.

ჰემატოლოგიურისისტემა: მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიები.

საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ მოსალოდნელია ღებინება, შეკრულობა და მუცლის ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის კლება, საერთო სისუსტე.

ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგები ასევე მოიცავს ჰიპერტენზიას, სპერმის პროდუქციის პრობლემებს.

4. რა სამედიცინო ჩარევები უნდა განხორციელდეს, როდესაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობაა?

სამედიცინო ჩარევები დამოკიდებულია სისხლში ტყვიის შემცველობის დონეზე.

თუ სისხლში ტყვიის დონე არ აღემატება 5 მკგ/დლ-ს, უნდა გატარდეს შემდეგი ბაზისური ღონისძიებები:

· ექიმმა ან ექთანმა ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტმა ოჯახს უნდა გააცნოს ლაბორატორიული კვლევის შედეგები და იმსჯელოს მათთან ტყვიის სავარაუდო წყაროების თაობაზე;

· უნდა შეფასდეს ბავშვის კვებითი სტატუსი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება და რკინის დეფიციტის რისკი;

· ექიმმა, ექთანმა ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტმა უნდა უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება შემდეგი საკითხების თაობაზე:

· ტყვიის შესაძლო ექსპოზიციის წყაროები და ტყვიის შემცველი საღებავები;

· ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ექსპოზიციის შემცირებას

 სველი წესით დალაგება, მტვრის მოშორება ზედაპირებიდან, ჩამოშლადი ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაცია კედლებიდან და ზედაპირებიდან

ბავშვისთვის რკინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მომზადება

თუ სისხლში ტყვიის დონე 5-9.9 მკგ/დლ-ია, ბაზისური ღონისძიებების გარდა უნდა გატარდეს:

  • კვების სტატუსისა და ზოგადი განვითარების შეფასება;
  • საცხოვრებელი გარემოს შეფასება - დეტალური ანამნეზი კითხვარით, რათა იდენტიფიცირებულ იქნას ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროები;
  • ექიმის რეკომენდაციით დაინიშნება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C-რეაქტიული ცილა) და მედიკამენტები: რკინის პრეპარატები, კალციუმი, მულტივიტამინები და სხვ.

თუ სისხლში ტყვიის დონე აღემატება 10 მკგ/დლ-ს, ბაზისური ღონისძიებების გარდა უნდა გატარდეს:

  • კვების სტატუსისა და ზოგადი განვითარების შეფასება;
  • საცხოვრებელი გარემოს შეფასება - დეტალური ანამნეზი კითხვარით, რათა იდენტიფიცირებულ იქნას ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროები;
  • ექიმის რეკომენდაციით დაინიშნება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C-რეაქტიული ცილა), ვენური სისხლის განმეორებით ტესტირება, ნეიროგანვითარების შეფასება, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, და მედიკამენტები:რკინის პრეპარატები, კალციუმი, მულტივიტამინები და სხვ;

· საჭიროებისშემთხვევაში განხორციელდება საცხოვრებელი გარემოს სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა.

5. როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას?

ტყვიის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ იქნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები.

მოკლევადიანი გეგმა - სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში:

· კვლევაში მონაწილე ყველა ბავშვის ოჯახს გაეწევა რეკომენდაციები სისხლში ტყვიის დონის შესაბამისად;

· კვლევაში მონაწილე ყველა იმ ბავშვის შემთხვევაში, რომლის სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ-ს, განხორციელდება

საცხოვრებელი გარემოს შეფასება ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროების გამოსავლენად -დეტალური ანამნეზი სპეციალური კითხვარით;

მათი ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრების სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრა;

 ექიმის კონსულტაცია 18 წლამდე ასაკის ოჯახის ყველა წევრთან დაკავშირებით

საქართველოს თითოეული რეგიონში ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების სპეციალისტების გუნდების მომზადება ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებში;

ექიმის დანიშნულებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უზრუნველყოფა მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით),;

· კვლევაში მონაწილე ყველა იმ ბავშვის შემთხვევაში, რომლის სისხლში ტყვიის დონე ≥10 მკგ/დლ, გარდა უკვე ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, განხორციელდება საცხოვრებელი გარემოს სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ იმ 16 ბავშვის ოჯახში, რომელთაც MICS კვლევის ფარგლებში სისხლში ტყვიის დონე გამოუვლინდათ 30 მკგ/დლ-ზე მაღალი. ოჯახებს წარედგინათ კვლევის შედეგები, ჩაუტარდათ საცხოვრებელი გარემოს შეფასება ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროების გამოსავლენად სპეციალური კითხვარით; გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აღებულ იქნა წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სინჯები. ამჟამად მიმდინარეობს ამ 16 ბავშვის და მათი 18 წლამდე ოჯახის წევრების ჩაღრმავებული გამოკვლევა.

26 მარტს ჩატარდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმის (NEHAP) სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც განისაზღვრა სხვადასხვა უწყებებზე შესაბამისი დავალებები.

19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“.

მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის№693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. დააფინანსებს მთავრობა პროგრამებს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შემოწმდნენ MICS-ის ფარგლებში და აღმოაჩნდეთ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა?

სახელმწიფო პროგრამა MICS კვლევაში მონაწილე 2-7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის18 წლამდე ასაკის წევრებისთვის სრულიად უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს.

7. იქნება თუ არა უფასო ლაბორატორიული ანალიზები მათთვის, ვინც არ მონაწილეობდა MICS-ში, მაგრამ სურთ საკუთარი თავის ან შვილების შემოწმება სისხლში ტყვიის შემცველობაზე?

აღნიშნული საკითხი იქნება გრძელვადიანი პროგრამის ნაწილი, რომელზეც მუშაობს მთავრობა

8. რა არის ტყვიით დაბინძურების წყაროები საქართველოში?

ტყვიის პოტენციური წყაროების ჩამონათვალი ყველა ქვეყანაში ცნობილია (ტყვიისშემცველი საღებავი, სამრეწველო ნარჩენების გადამუშავება განმეორებითი გამოყენებისთვის, ტყვიისშემცველი ჰაერი, ტყვიისშემცველი ნიადაგი, ტყვიისშემცველი საკვები, ტყვიისშემცველი სათამაშოები, ფერადი მინა, ბროლის ჭურჭელი, კერამიკა, სამკაულები და პარფიუმერული ნაწარმი, და სხვ ).

კონკრეტული წყაროს გამოვლენა საქართველოში ამ ეტაპზე შემდგომი კვლევების საგანია.

9. არსებობს ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლის კონკრეტული გეგმა?

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც აღწერს ტყვიის შემცველი წყაროების კვლევის მიდგომებსა და მეთოდებს. დოკუმენტში, ასევე, გადმოცემულია წყაროების გამოვლენის შემდეგ ტყვიით დაბინძურებასთან ბრძოლის ღონისძიებები.

ვინაიდან პრობლემა მულტისექტორულია, უნდა მოიცავდეს სხვა უწყებების კონცეფციებსაც, რომელიც გაიწერება მთავრობის კონკრეტულ, გრძელვადიან გეგმაში, რომელიც დამტკიცდება 2 თვის განმავლობაში.

10. როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი ტყვიის ზემოქმედებისაგან?

ბავშვის ტყვიისაგან დასაცავად, მისმა მომვლელმა/ოჯახის წევრმა უნდა:

• უზურნველყოს, რომ ბავშვისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით. რეგულარულად დაბანოს ბავშვს ხელები და გარეცხოს მისი სათამაშოები. ხელებისდაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს.

• რეგულარულად სველი წესით წმინდოს იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებზე და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი.

• დაუშალონ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში; თუ შესაძლებელია, უზრუნველყონ ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარონ ბალახის საფარით ან დათესონ ბალახი, დაფარონ ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით. მოერიდონ ისეთი ტრადიციული ხალხური სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.

• ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღონ შხაპი და გარეცხონ ტანსაცმელი.

• განაცალკევონ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან. სახლების გარემონტებისას თავი აარიდონ ტყვიით დაბინძურებას.

• არ მოწიონ ბავშვების თანდასწრებით.

• არ მიაკარონ ბავშვები ნაგავსაყრელებს.

რჩევები კვებასთან დაკავშირებით

კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია:

• იოგურტი/მაწონი და ყველი

• მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის ”ხუჭუჭა კომბოსტო”, იგივე კომბოსტო ”კალე,” და თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი)

• დაკონსერვებული ორაგული და სარდინი

რკინაც ხელს უშლის ტყვიის შეწოვას. რკინით მდიდარი საკვებია:

• მჭლე წითელი ხორცი

• რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი

ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის:

• ციტურსებში, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიფრუტი

• სხვა ხილში, როგორიცაა კივი, ხენდრო და ნესვი

• პომიდორში

• კარტოფილში

• წიწაკაში

11. რა რეკომენდაციებია ტყვიით დაბინძურების გავრცელების შესამცირებლად?

1. დაბინძურების წყაროს დადგენა

2. პოლიტიკის განსაზღვრა, რეგულაციების შემუშავება და განახორციელება, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შეძენა:

· ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საჭირო რესურსების გამოყოფას, შესაბამისი ორგანიზაციების და ორგანოების (ბაზრის შესწავლის / ინსპექციის / შესაბამისობის შეფასების / გარემოსდაცვითი / საკვების უსაფრთხოების / ჯანდაცვის / აკრედიტაციის) ვალდებულებისა და უფლებასმოსილების განსაზღვრას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

· ტყვიასთან და სხვა ტოქსიურ ნივთიერებებთან უწყვეტი და ეფექტიანი ბრძოლისა და ტყვიისა და გარემოს/ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა რისკების სისტემატური მონიტორინგისა და მართვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ორგანიზაციების პერსონალის სათანადო გადამზადება და შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა.

· ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ინფორმირებისთვის ტყვიასთან დაკავშირებულ რისკებზე და ამ რისკების შესამცირებლად მისაღებ ზომებზე.

· ტყვიის პრობლემის გამოსწორების/შეჩერების მრავალწლიანი სექტორთაშორისი სახელმწიფო გეგმის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების გასანეიტრალებლად, იზოლაციისა და მართვისთვის; პრიორიტეტები განისაზღვრება რისკთან მისადაგებული ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი საფუძველზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ბავშვზე იქნება ფოკუსირებული.

12. რა არის სისხლში ტყვიის „დასაშვები“ დონე?

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო და ეროვნული მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ ტყვიის სხვადასხვა დასაშვები დონე იყო დადგენილი - 40 მკგ/დლ, 20 მკგ/დლ, 10 მკგ/დლ და სხვ.

ამჟამად ითვლება, რომ არ არსებობს ტყვიის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დონე. თუმცა, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გარკვეული ინტერვენციები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატებს 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ინტერვენციების მოცულობა დამოკიდებულია ტყვიის დონეზე და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

  1. https://www.who.int/ipcs/assessment/public_health/lead_blood.pdf?ua=1

[2] Evans at. Al (2015) at https://core.ac.uk/download/pdf/81522688.pdf (accessed 3 December 2018)

[3] WHOhttps://www.who.int/mediacentre/news/notes/2013/lead-20131018/en/

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^