ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ.
ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან. რამეთუ, დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.