Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გვჭირდება სოციალურად სამართლიანი გარემო“ - რას ეხებოდა ქვიარ დების გარბენი

12 მაისი, 2019 21:49

12 მაისს თბილისში, ლისის ტბაზე ქვიარ უფლებების აქტივისტებისა და თემის წევრთა მონაწილეობით ქვიარ დების გარბენი გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) და „ახალგაზრდა მწვანეები“ იყვნენ. WISG-ის მედიის ოფიცერი ნათან გულიაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ ქვიარ აქტივისტების, თემის წევრების ყოველდღიურობა შიშითა და მათდამი ნეგატიურად განწყობილი გარემოთია გაჯერებული. გარბენი კი ამ ნეგატივისა და მათი საპროტესტო აქციების ალტერნატივაა, დადებითი და ჯანსაღი ფორმა მათი უფლებების შესახსენებლად სახელმწიფოსთვის.

როგორც ნათან გულიაშვილი ჰყვება, ქვიარ დების გარბენის იდეა შარშან 17 მაისს შექმნილი მდგომარეობის გამო გაუქმებული ღონისძიებების დროს გაუჩნდათ. მაშინ, როცა ფიქრობდნენ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ქვიარ თემის პრობლემებზე ესაუბრათ, მიწვდინათ ხმა საზოგადოებასა და პირველ რიგში სახელმწიფოსთვის, თან ისე, რომ ეს სიცოცხლის ფასად არ დაჯდომოდათ.

წლევანდელი გარბენი კი ნათან გულიაშვილის თქმით, ქვიარებისა და ეკოლოგიურ პრობლემებს აერთიანებს. რადგან დისკრიმინაციას ბევრი ფორმა აქვს და სოციალური უთანასწორობის გამო ბევრი ადამიანი იჩაგრება.

„წლევანდელ გარბენს რაც შეეხება, მისი თანაორგანიზატორები არიან „ახალგაზრდა მწვანეები“. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტივისტებმაც დავინახოთ დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ ერთი ნიშნით, ბევრი სამოქალაქო, სოციალური ჯგუფია ამ ქვეყანაში, რომელიც სოციალური უთანასწორობის გამო იჩაგრება.

„ახალგაზრდა მწვანეები“ ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებდნენ ამაზე და WISG-მა ჩათვალა, რომ ჩვენი პოლიტიკა ერთმანეთს კვეთს. მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოსთვის გვეჩვენებინა, ძალიან ბევრი მოქალაქე გენდერული იდენტობისა თუ საცხოვრებელი ადგილის გამო ხდება დისკრიმინაციული პოლიტიკის მსხვერპლი.

„მწვანეებიც“ არა მხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებზე აკეთებენ ხოლმე განცხადებებს, აქტიურობენ იგივე ქვიარ საკითხებზეც. გვაქვს ხოლმე მსგავსი ხედვა და მიგვაჩნია, რომ სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკა აერთიანებს ქვიარ საკითხებსაც და მწვანე პოლიტიკასაც. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული ძალით მიგვეწვდინა ხმა“, - ჰყვება ნათან გულიაშვილი „ლიბერალთან“.

ნათან გულიაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ 2013 წლის შემდეგ თემს არ ჰქონია საშუალება თუნდაც ასეთი აქტივობის საჯაროდ თავისუფლად ჩატარება. წელსაც მხოლოდ შიდა ორგანიზებით მოხერხდა გარბენის ჩატარება.

ღონისძიების ორგანიზატორებმა გარბენთან ერთად მიმართვაც გაავრცელეს. მიმართვაში მისი ავტორები სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკის აუცილებლობასა და გარბენის მიზანზე საუბრობენ:

„ჩვენ გვჯერა, რომ ქვიარ და მწვანე პოლიტიკებს შეიძლება მხოლოდ საერთო მიზანი ჰქონდეთ - სოციალურად სამართლიანი, თანასწორი და უსაფრთხო გარემო ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ასაკის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, საცხოვრებელი ადგილის, აღმსარებლობის თუ წარმომავლობისა.

სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სამართლიან, თანასწორ და უსაფრთხო გარემოს, „თანაბარი წარმატებით“ უწყობს ხელს ადამიანთა დისკრიმინაციას, როგორც გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ისე - ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოებებით.

სოციალურად უსამართლო სახელმწიფო ლგბტქ მოქალაქეების ჯანდაცვის და დასაქმებისსაკითხებზე, ძალადობასა და მის პრევენციაზე თვალს ისევე ხუჭავს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დაბინძურებული გარემოს თუ უპასუხისმგებლო ეკონომიკურ აქტორთა მიერ მიერ ექსპლუატირებული სივრცეებისა და ადამიანების პრობლემებზე.

დღევანდელი გარბენი ჩვენი მცდელობაა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევახსენოთ, რომ მათ დღის წესრიგში არ დგას სოციალურად და ეკონომიკურად თანასწორი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია მათ მიმართვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^