„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს იყო დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.
„ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები, რა დროსაც ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან საოცარი ინტენსივობის ცილისმწამებლური და ბინძური შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან“, - თქვა შალვა შავგულიძემ.
მისი თქმით, ხდებოდა დაშინება და მოსყიდვა მოწყვლადი ოჯახების. ასევე კრიმინალური მენტალიტეტის პირების მხრიდან ხდებოდა ამომრჩევლის ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა და „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ სახელმწიფო, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.
„ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. სამწუხაროდ, ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩეველის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებზე მოსულიყვნენ“.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გააგრძელებენ თანამშრომლობას.
დღეს მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი - შალვა შავგულიძე. ამ დროის მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახიძე მეორე ტურს იგებს.