
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს, დაასრულოს ანაკლიის პორტის პროექტი. ამის შესახებ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს [ანაკლიის] პორტის პროექტს. პროექტი თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას გააძლიერებს და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. ეს მოჩვენებითი მეგობრები არ ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოდ განვითარება საბჭოთა კომუნიზმის თითქმის საუკუნოვანი გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ის ამაყობს, რომ ამ გზაზე ამერიკის შეერთებულმა შტატები საქართველოს პარტნიორია და ეს თანამაშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რათა თავიდან ავირიდოთ ამ მიღწევების დაკარგვის რისკი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. მაიკ პომპეოს შემდეგ დღეს ბახტაძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონსაც შეხვდება.