Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით EMC განცხადებას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 14:24

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„2003 წლიდან საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. ეს დღე არის სახელმწიფოს ვალდებულებების კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულება, ეფექტიანად დაიცვას შშმ პირთა უფლებები, გააუმჯობესოს ამ თემის წევრთა სოციალური დაცვის სტადარტები და ეფექტიანად უზრუნველყოს საზოგადოებიდან მათი გარიყვისა და მარგინალიზაციის პრევენცია.  

სახელმწიფოს მიერ ფორმალურ დონეზე გაცხადებული ნება, ცალკეული მიმართულებებით გადადგმული ფრაგმენტული ნაბიჯების გარდა, ძირითადად მხოლოდ ფურცელზე რჩება და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეალურად არ იცვლება - ისინი კვლავ დგანან  დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემის პირისპირ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებას მთლიანად უნდა გარდაექმნა სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც გამოიწვევდა მთელ რიგ სფეროებში (მათ შორის, დამოუკიდებელი ცხოვრების, მისაწვდომობის, თანაბარი სამართლებრივი ქმედუნარიანობის, დასაქმებისა და განათლების მიმართულებით) შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეალურ ცვლილებას და ამ მიზნით რელევანტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

მიუხედავად კონვენციის შინაარსისა და მისი რეფორმატორული ბუნებისა, საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 5 წლის თავზეც კი შშმ პირთა უფლებების დაცვა და ამ მიზნით ერთიანი, სისტემური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება არ გამხდარა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. ქვეყანას ამ დრომდე არ მიუღია შესაბამისი ზომები კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისთვის.

ეს პროცესი, პირველ რიგში, უნდა წარმართულიყო კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოების განსაზღვრით, კანონმდებლობის ყოვლისმომცველი რევიზიით, დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციით, შშმ პირების საჭიროებების კვლევითა და ამ კვლევაზე დაფუძნებული სერვისების შექმნა/განვითარებით. ამ პროცესში კი შშმ პირთა უშუალო ჩართულობა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო.

თუმცა, ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულების ვადა წლიდან წლამდე, პოლიტიკის ერთი დოკუმენტიდან მეორე დოკუმენტამდე იწელება.

სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით სისტემური და ეფექტიანი პოლიტიკის განუხორციელებლობის პირობებში, გამოწვევად რჩება საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ და ის სტიგმა, რომელსაც ეს პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ცალკე გამოიყოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი:

ერთი მხრივ, სახელმწიფომ 2014-2015 წლებში განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც  სისტემა არსებითად გადაიხედა, გაუქმდა მეურვის ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს თავადვე მიეცათ საკუთარი ცხოვრების წარმართვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

ეს რეფორმა, სახელმწიფოს მხრიდან იშვიათი  წინგადადგმული შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სამწუხაროდ, რეფორმის დიდი ნაწილი დღემდე  ფურცელზე რჩება და ხელისუფლება არ დგამს  ნაბიჯებს მისი პრაქტიკაში დანერგვისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ის ფაქტიც, რომ  სახელმწიფოს  ფაქტობრივად, არ უზრუნია პროცესის ყველა მონაწილე მხარის ჯეროვანი ინფორმირებაზე. 

მეორე მხრივ, უმწვავესი და განგრძობადი პრობლემაა  დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობა.  ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში იძულებულია, ცხოვრობდეს საზოგადოებისგან შორს, ხშირ შემთხვევაში უმძიმეს  და ღირსების შემლახავ პირობებში და არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს საზოგადოებას იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ სთავაზობს შესაბამისი საცხოვრისის, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ სერვისებს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეინსტიტუციონალიზაციის გაცხადებული პოლიტიკისა, ამ მიმართულებითაც ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არ არის მიღწეული.

ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც რეალურად იქნება მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინკლუზიისკენ, გადაწყვეტილების მიღებისას რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ. გარდა ამისა:

Ø  მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა აქციის პრიორიტეტად პოლიტიკურ დღის წესრიგში;

Ø  მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს კანონმდებლობის გადააზრებისა  და რევიზიის პროცესი, ასევე, გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანი დანერგვა;

Ø  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობა;

Ø  აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების ანალიზი და მასზე დაფუძნებული სერვისების შექმნა  ან/და განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით;

Ø  სახელმწიფომ უნდა გადადგას  ნაბიჯები ქმედუნარიანობის რეფორმის ჯეროვანი იმპლემენტაციისთვის და ამიზნით, უნდა დაიგეგმოს კონკრეტული, დროში გაწერილი და სათანადო ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი საქმიანობები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ყველა შესაბამისი აქტორის ინფორმიერება  რეფორმის შესახებ.

Ø  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  გონივრულ ვადაში დასარულდეს შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და აღიკვეთოს  ბენეფიციართა უფლებების განგრძობადი და უხეში დარღვევების პრაქტიკა.

Ø  ქვეყანამ უნდა შემქნას ან/და გააუმჯობესოს  შესაბამისი სერვისები, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტერგაციისათვის", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^