რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მმართველი გუნდის სახელით განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. პრემიერის თქმით, მოქალაქეთა სამართლიანი პროტესტი „რევანშისტულმა ოპოზიციამ“ გამოიყენა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გააკეთა, პოლიციამ კი კანონის ფარგლებში იმოქმედა.
„ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორად არის გაყოფილი.
ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში, პრაქტიკულად, სრულად აღკვეთა.
შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.
ამავდროულად, 19:00 საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს პარლამენტზე და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა როგორ იძალადეს პოლიციელებზე.
შესაბამისად, შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში დაწყებულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ მოწყობილი ძალადობა.
რევანშისტული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული ძალადობის შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები.
პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მანიპულირებდნენ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტით.
ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.