Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის“ შესახებ

28 ივნისი, 2019 13:41

იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კვირაა საქართველოში, მეუხერხულება კიდეც მკითხველის ყურადღების მიპყრობა, მაგრამ, რადგან ჩვენს გულშემატკივრებსა და, ზოგადად, მედიით დაინტერესებულ ადამიანებში არსებობს კითხვები და გარკვეულწილად სპეკულაციებიც, საჭიროდ მივიჩნიე, მეტი სიცხადე შემეტანა „ლიბერალში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში. 

10 წლის წინ, უაღრესად რთულ, ახალომგამოვლილ ქვეყანაში „ლიბერალის“ გამოცემა იმ მისიის შეგრძნებით დავიწყეთ, რომ ქართულ მედიაბაზარს სჭირდებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაყრდნობილი, ყოველმხრივ კრიტიკული და ანალიტიკური მედიაგამოცემა, რომელიც, ერთი მხრივ, დაუპირისპირდებოდა გაბატონებულ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ პარადიგმებს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობდა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრებას. ამ მიზნის შესასრულებლად შევკრიბეთ გამოცდილი ჟურნალისტები და რედაქტორები სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან (მათ შორის, ჩვენივე „ცხელი შოკოლადიდან“) და ასევე, მოვიყვანეთ ჟურნალისტების სრულიად ახალი, სტუდენტური ნაკადი. მათი რიგები ნელ-ნელა ივსებოდა და „ლიბერალი“ იქცა იმ ოაზისად, სადაც ახალბედა ჟურნალისტები პროფესიულად იზრდებოდნენ და რეალიზდებოდნენ. ისინი ახლაც წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ ორგანიზაციებში, რითაც ვამაყობ. 

ეს მისია და მიზანი მის დამფუძნებლებს, ქეთი ბაბუნაშვილს, შალვა ჩუბინიძეს და მე, საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა. „ლიბერალის“ გამოსვლიდან ძალიან მალე გავხდით არსებული სახელისუფლებო ისტებლიშმენტის სამიზნე და ჩვენს გამოცემებში დავკარგეთ სარეკლამო შემოსავლები, რამაც მედიაბაზარზე ჩვენს არსებობას საფრთხე შეუქმნა. როგორც რეალურად დამოუკიდებელ, პატარა, მაგრამ გავლენიან მედიაჯგუფს, ყოველდღიურად გვიწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა, და რომ არა დონორი ორგანიზაციების, უფრო მოგვიანებით კი, გერმანიაში მცხოვრები ქართული ოჯახის, კოკა ტოგონიძისა და ნუცა ალექსი-მესხიშვილის მხარდაჭერა, ასევე, მე-9 არხთან დადებული სარეკლამო კონტრაქტი, „ლიბერალი“ ვერ შეძლებდა არსებობის გაგრძელებას. 

„ლიბერალისთვის“ ბრძოლის პარალელურად, ზოგადად თავისუფალი მედიაგარემოსთვის ბრძოლაში ჩავებით, შემდეგ კი სოლიდარობა გამოვუცხადეთ ყველა სამოქალაქო ფრონტის ხაზს, სადაც ადამიანის ღირსება და უფლებები ირღვეოდა. ამავე პერიოდში ვიყავი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში, რაც ცალკე საომარი ველი იყო. 

ადამიანური თვალსაზრისით, როცა „საჯარო ინტერესის“ სამსახურში ყოფნას ყოველდღე უფრო მაღლა ვაყენებდით, ვიდრე ჩვენს პირად ინტერესსა თუ კეთილდღეობას, ურთულესი წლები იყო. ხშირად თვეების განმავლობაში, მფლობელები, მენეჯერები თუ რედაქტორები ვერ ვიღებდით ვერანაირ გასამრჯელოს. ნებისმიერი ფინანსური რესურსი კი მხოლოდ „ლიბერალის“ და ჩვენი სხვა მედიასაშუალებების რედაქციას და განვითარებას ხმარდებოდა. ვფიქრობ, ეს წლები ღირსეულად გამოვიარეთ და შევძელით „ლიბერალის“ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, განვითარება, ნდობის მოპოვება და მისი მაღალი მედიარეპუტაციის დამკვიდრება. 

ამიტომ არის მეტად უსამართლო და გულდასაწყვეტი სპეკულაციები თემაზე, რომ თურმე ახლა იმიტომ დავუბრუნდი გამოცემას, რომ ჩვენივე შექმნილი და ნაომარი „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“ მედია „დამოკიდებულ და მიკერძოებულ“ მედიაპლატფორმად ვაქციო, თან არსებული „მაღალპროფესიონალური“ ჟურნალისტური რესურსის „სამსახურიდან გაყრის“ ხარჯზე. თურმე, ჩემს მფლობელობაში არსებული მედიაგამოცემის ჟურნალისტები გამოირჩევიან პრინციპულობით, მე კი რატომღაც ვარ უპრინციპო მედიამესაკუთრე, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის 15 წლის თავზე, აპირებს უღალატოს იმ ფასეულობებს, რისთვისაც მთელი ეს წლები იბრძოდა, მეტწილად - პირადი ინტერესების საზიანოდ.

სინამდვილე კი ასეთია: 

2013 წელს, როცა ყოველდღიურ მედიასაქმიანობას ჩამოვშორდი და თავს უფლება მივეცი, მიმეხედა, ერთი მხრივ, ჩემი შვილებისთვის (რომელთაც ბოლო წლებში ხშირად სამ დღეში ერთხელ თუ ვხედავდი) და, მეორე მხრივ, ჩვენი საოჯახო ბიზნესისთვის (გამომცემლობა და სტამბა „სეზანი“), „ლიბერალის“ ორ ჟურნალისტს გადავაბარე რედაქტორობა და მისი მართვა, უკვე სრულიად მშვიდ მედიაგარემოში. თუმცა ვაცნობიერებდი, რომ მათთვის ეს არ იქნებოდა იოლი - ერთია, იყო ჟურნალისტი და მეორე, მმართველი რედაქტორი) და ამიტომ, სრულ თავისუფლებასთან ერთად, შევთავაზე „ლიბერალის“ პარტნიორობა და ამით დავაფასე ის პასუხისმგებლობა, რაც მათ უნდა ეტვირთათ. 

ეს თანამესაკუთრეობა მას მერე დასრულდა, რაც ისე დაიწყეს გამოცემის საორგანიზაციო სტრუქტურის გარდაქმნა, მე გავლენა აღარ მქონდა მის მართვაზე. 

ამის მიუხედავად, და ამის შემდეგ, იმავე, თანამშრომლობის რეჟიმში გავაგრძელეთ ურთიერთობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში რედაქტორებს და, ცხადია, მთელს სარედაქციო ჯგუფს, ჰქონდათ სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, განეკარგათ როგორც „ლიბერალის“ სარედაქციო, ისე ადმინისტრაციული და ფინანსური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში „ლიბერალიდან“ არ მიმიღია არანაირი ფინანსური თუ სხვა სახის დივიდენდი. ვფიქრობდი, რომ, რადგან სრულად გადავაბარე მართვის პასუხისმგებლობა, არც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩარევის უფლება უნდა მქონოდა. ჩემი აზრით, ეს თავისუფლება საუკეთესო გარემო იყო „ლიბერალის“ გუნდის განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ამ ცოტა ხნის წინ, „ლიბერალის“ რედაქციამ გამოცემის იურიდიულად დასაკუთრებაც „შემომთავაზა“ - „ლიბერალი“ ჩვენი „სამუშაო ადგილია“ და ბარემ ჩვენი გახდესო, გვაჩუქე ან სიმბოლურ, ჩვენთვის მისაღებ ფასად მოგვყიდეო... 

ვიდრე ვუპასუხებდი, გავეცანი „ლიბერალის“ შიდა სამზარეულოს და მივხვდი, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებოდი მათ ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ პოლიტიკას. სარედაქციო ხედვის სიმწირეზე კი მანამდეც არაერთხელ გვქონია დისკუსია, რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე. 

ამიტომ, გამოცემის მმართველმა რედაქტორებმა „ლიბერალის“ მათთვის გადაცემის შემოთავაზებაზე ჩემგან დასაბუთებული უარი მიიღეს წერილობით. იმავე წერილში ვახსენე ისიც, რომ ისევ მე ავიღებდი „ლიბერალის“ მართვაზე პასუხისმგებლობას და ჩამოვაყალიბებდი ახალ, განვითარებაზე ორიენტირებულ სარედაქციო კონცეფციას (ამ თემას ქვემოთ განვავრცობ). 

ისევ და ისევ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „ლიბერალის“ რედაქციამ არ მოინდომა ჩემი მმართველობით მუშაობის გაგრძელება და ჩემი წერილის მიღებიდან მეორე დღესვე დაიწყო „ლიბერალიდან“ წასვლის სტრატეგიაზე ზრუნვა. გამოცემის სახელით დაიწყეს ჩვენს დონორებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ჩვენს მეგობრებთან თუ პარტნიორებთან კომუნიკაცია, ხშირად - „ლიბერალის“ ინტერესების საზიანოდ. 

მალევე მივიღე შეტყობინება, რომ ისინი კოლექტიურად დატოვებდნენ რედაქციას ერთი თვის თავზე. მათი ეს განცხადება, ცხადია, დავაკმაყოფილე. თუმცა მოგვიანებით, დაპირისპირების ფონის გადავლის შემდეგ, წასვლის ყველა მსურველს შევთავაზე, რომ მზად ვიყავი მათთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ამაზეც უარი მივიღე.

რაც შეეხება „ლიბერალიდან“ წასულ ჟურნალისტთა განცხადებებს „განსხვავებული სარედაქციო“ ხედვების შესახებ, ჩვენ მართლაც გვქონდა განსხვავებული ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მედიაბაზარზე „ლიბერალის“ როლი და მისია. 

ბოლო წლებში „ლიბერალი“ თითქოს იქცა რიგით საინფორმაციო ამბების სააგენტოდ და მთელი მისი შეზღუდული ჟურნალისტური რესურსი სწორედ ახალი ამბების ლენტს ემსახურება, რომლითაც ის იშვიათად უწევდა კონკურენციას სხვა სააგენტოებსა თუ საინფორმაციო სამსახურებს. 2017 წელს შეწყდა ჟურნალის ბეჭდური გამოცემაც. 

წლების განმავლობაში „ლიბერალის“ ძლიერი მხარე იყო სოციალური თემატიკა, რასაც თანმიმდევრულად და ხშირად სიღრმისეულად აშუქებდნენ. ეს ცალსახად დასაფასებელია. მაგრამ, ჩემი (და არამარტო ჩემი) აზრით, ამავდროულად, „ლიბერალი“ გაღარიბდა თემატურად, გაღარიბდა ახალი საინტერესო ავტორებისა და ბლოგერების კუთხით, თითქმის მთლიანად დაიცალა პოლიტიკური, რეგიონული თუ საერთაშორისო პოლიტიკისგან, ეკონომიკური თუ ბიზნესთან დაკავშირებული თემებისგან, მედიარეცენზიებისგან, პლურალისტული და საინტერესო ანალიტიკური ხედვებისა და შეფასებებისგან, საინტერესო ვიზუალური კონტენტისგან. თითქოს დაკარგა ის ხედვა და ღერძი, რის გარშემოც უნდა აწყობილიყო მისი განვითარების სტრატეგია. წლების განმავლობაში ვსაუბრობდით რედაქტორებთან, რომ „ლიბერალი“ უნდა ყოფილიყო ყველაზე საინტერესო და აქტუალური, განათლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მედიაპლატფორმა. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა. რამდენჯერ შევსულვარ „ლიბერალის“ ვებგვერდზე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, რომელიც მეც მაღელვებდა, და, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად, ჩვენს პლატფორმაზე ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა ამ მოვლენის გარშემო. 

სიტყვა გამიგრძელდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. 

იმ მოვლენების ფონზე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში განვითარდა, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში გვიწევს ახალი რედაქციისა და კონტრიბუტორების ახალი ქსელის ფორმირება, დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა ჩვენს პარტნიორებთან, უწყვეტი ჟურნალისტური ციკლის უზრუნველყოფა და, რაც მთავარია, „ლიბერალის“ ახალ გუნდთან ერთად ახალი ხედვის ჩამოყალიბება.

მიხარია, რომ სულ მალე წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ, ახალგაზრდულ და ძალიან საინტერესო რედაქციას. ასევე, უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ სარედაქციო ხედვას. 

დიდი მადლობა „ლიბერალის“ უკვე ყოფილ ჟურნალისტებს, რომ „იძულებული გამხადეს“ მივბრუნებოდი გამოცემას იმისთვის, რომ კვლავ გაგვეცოცხლებინა ის ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტინქტები, რაც „ლიბერალის“ ფუნდამენტში ჩავაშენეთ. ვწუხვარ, რომ ეს არსებული სარედაქციო ჯგუფის შენარჩუნებით ვერ მოხერხდა. ჩემი მიზანია, კვლავ ახალ, საღ, განათლებულ და ჯანსაღ თაობას დავუთმოთ ასპარეზი. 

რა თქმა უნდა, ასევე დიდი მადლობა მათ „ლიბერალში“ გატარებული წლებისა და თავდადებისთვის. იმედია, მათაც უკეთესი მომავლისკენ გაუკვალა „ლიბერალმა” გზა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ ასპარეზზე!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლ ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გუშინ, 15 აგვისტოს დასრულდა, ანა დოლ ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

რას მოასწავებს „კონტი-ჯგუფის“ წასვლა ანა ...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, მათი პარტნიორებიდან &quo ...
^