
როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გვაუწყეს, მოპოვებული აქვთ მტკიცებულებები, რაც უმყარებთ ეჭვს, რომ 20-დან 21 ივნისის ღამეს ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. „დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით“.
უწყებაში აანონსებენ, რომ ბრალდების დამძიმების პარალელურად, გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული.
გენერალურმა პროკურატურამ ფაქტობრივად, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყება დააანონსა,“ - ასე აფასებს ოპოზიცია გენერალურ პროკურატურის განცხადებას. „მოქმედებენ გაღმა შეედავეს პრინციპით. უნდათ საკუთარი დანაშაული მიჩქმალონ და ის საპროტესტო გამოსვლები ჩაახშონ, რომელიც არ დამთავრდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის გარეშე“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე, არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ ოპოზიციონერებს, თუმცა ამაში დრამატულს ვერაფერს ხედავს: „ამით ისინი ვერც ხელისუფლებას გაიხანგრძლივებენ და ვერც გახარიას აარიდებენ პასუხისმგებლობას“,- დარწმუნებულია სერგი კაპანაძე.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 20-დან 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. როგორც შსს-ში განმარტეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობის დაყენება იმ მიზეზით გახდა საჭირო, რომ სამივე პირი გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აპირებს მაგისტრ მოსამართლესთან ყველა იმ დეტალის მოყოლას, რომელიც ამხელს ხელისუფლებას: „ხელისუფლებას, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა“.
მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე გამოცხადდება ნაციონალურ მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე, მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავს, მის მიმართაც იგივე სცენარი განვითარდეს, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა. (პარლამენტის წევს ნიკა მელიას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა)
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. თუმცა, როგორც იგი აცხადებს, მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, მზადაა საქართველოში დაბრუნებამდე დისტანციურად გასცეს პასუხები გამოძიებას, .