Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია და დიპლომატები

12 ივლისი, 2019 18:52

უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად..."

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ  20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობიდან, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად აკვირდებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა შტურმს, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განმარტებების გაკეთება მოუხდათ. ელჩების უმრავლესობამ უარყვეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში ყოფნის ფაქტი.

„ვინ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ დღეს პარლამენტში, ვერ გეტყვით. პირადად მე შეერთებულ შტატებში ჩემი ქალიშვილის ქორწილში ვიმყოფებოდი”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისს დილიდან დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რეგიონული ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად პარლამენტში ფიზიკურად ვერ იქნებოდა.

„დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა“ - განმარტება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც.  

გავრცელებული ინფორმაციით, 20 ივნისის ღამით, ელჩების პარლამენტში ყოფნა არ დაადასტურეს იტალიის, უკრაინის, ნიდერლანდების სამეფოს, შვედეთის, შვეიცარიის და საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმაც, თუმცა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ აღნიშნა, რომ პარლამენტიდან მას გერმანიის ელჩმა დაურეკა.

ჯერჯერობით ერთადერთი დიპლომატი, რომელმაც დემონსტრაციის დროს  პარლამენტში ყოფნა აღიარა, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშია. „ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად”,- განაცხადა ელჩმა.

მინისტრ გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია მის მოადგილეს ნინო ჯავახაძეს. მისი განცხადებით, პარლამენტის წინ ვითარების დაძაბვის მომენტიდან შენობაში ფიზიკურად იმყოფებოდა გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, თუმცა მას მერე, რაც სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და პარლამენტის შტურმი დაიწყო, რამდენიმე ქვეყნის ელჩი გვყავდა პირდაპირ კავშირზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას განცხადებას, გარკვეულწილად, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში ელჩების მობილიზაცია მათი ეგიდით არ მომხდარა და ვითარების ადგილზე გასაცნობად დიპლომატები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ. უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ადასტურებს პარლამენტში გერმანელი დიპლომატის, ჰუბერტ ქნირშის ყოფნას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად სხვა ელჩებიც ყოფილიყვნენ. „სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აკრედიტებულ ელჩებთან, თუმცა მათ ასევე ჰყავთ თავიანთი წყაროები და მათგანაც იღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას“.

20 ივნისის ღამეს პარლამენტში ჰუბერტ ქნირშის გარდა სხვა ელჩების ყოფნას  ვერ იხსენებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, მაგრამ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ყოფნას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთვი 2"-ის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადება არხის მფლობელმა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 14 აგვისტოს ბრძანება გამოსცა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამდენიმე ც ...
^