Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღსრულდა თუ არა ნაჩქარევად სტრასბურგის გადაწყვეტილება?

23 ივლისი, 2019 16:51

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას  და მასზე თანდართულ განმარტებით დოკუმენტებს მოდავე მხარეები არაერთგვაროვნად, ინტერპრეტაციით კითხულობენ და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად სხვადასხვა წინადადებას ციტირებენ.

არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ „ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად აღასრულა“. მისი პოზიციის დასაცავად ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს მოჰყავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება, სადაც, მისი მტკიცებით, წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

საპირისპიროს ამტკიცებს „რუსთავი 2“-ის მოქმედი გენერალური დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. მისი შეფასებით, განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, რეალურად, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაარეგისტრირა არა მხოლოდ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება წილებზე, თავად გენერალური დირექტორიც. „რეალურად გვაქვს შემთხვევები, როცა მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრი აკეთებდა განცხადებას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, რადგან მთავრობა აპირებდა სამ თვეში მის გასაჩივრებას დიდ პალატაში, თუმცა ჩვენს საქმეზე ვნახეთ საპირისპირო ქმედება, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაამთავრა ყველაფერი ისე, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ წავალთ დიდ პალატაში და დიდი პალატა დააკმაყოფილებს საჩივარს, შემდეგ აღსრულებას შეიძლება შეექმნას პრობლემა“, - ამბობს ადვოკატი.

პაატა სალიას მტკიცებით, იუსტიციის სახლს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ  ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ აღესრულებინა. „სტრასბურგის სასამართლომ განიხილა რა „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე - „ლიბერალი“), რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული წერილი, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ჩვენი მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ამ საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტრო. როგორც უწყების ვებგვერდით გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული წერილის გამოქვეყნება „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარკამპანიის საპასუხოდ გადაწყვიტეს.

„წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.  წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მხარეთა შორის მიმდინარე დავაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, „რუსთავი2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ვინაიდან, წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, ძალაში შედის მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული წერილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლ ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გუშინ, 15 აგვისტოს დასრულდა, ანა დოლ ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

რას მოასწავებს „კონტი-ჯგუფის“ წასვლა ანა ...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, მათი პარტნიორებიდან &quo ...
^