Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

02 აგვისტო, 2019 14:54

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"- ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, დასრულდა. საქალაქო სასამართლოში შესვლის წინ, ჟურნალისტებთან მის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ შესაძლოა დაეპატიმრებინათ, არ გამართლდა. ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურორები დავალებას ასრულებენ, რაც მათ საღ აზრს მოკლებულ შეკითხვებში მჟღავნდებოდა:

„მეკითხებოდნენ, რატომ იდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე. ეს იგივეა, გაარჩიო რატომ არის მედია ბიზნესი ასეთი. რატომ არის მედია ბაზარი ასეთი?! ამის გარჩევა საღ აზრს არ შეესაბამება. პროკურორები ვერაფერს იზამენ, ეს დავალება აქვთ, სხედან და იკვლევენ. დაახლოებით იგივეა, მეღვინეებს რომ ჰკითხონ, რატომ დგინდება ღვინოზე ფასი, რის მიხედვით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მან არ გამორიცხა, რომ დაკითხვაზე კვლავ დაიბარონ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება, (რომლის ფარგლებშიც ნიკა გვარამია დაიკითხა) სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე წამოიწყეს, თუმცა მოგვიანებით ამ საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის - პაატა სალიას საჩივარიც, სადაც იგი ტელეკომპანიაში შესაძლო ფინანსური დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს.

პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვა.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის - გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2-ს“ 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი: „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ინტერ მედიადან“ შემოსული შემოსავლების განკარგვის ნაწილი. საბუთებით, რომლის შესწავლაც ჩვენმა აუდიტორებმა მოახერხეს, ჩავთვალეთ, რომ დირექტორის მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. მან შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება „ინტერ მედიადან“... გაუზარდა „ინტერ მედიას“ საშუამავლო შემოსავალი, რის გამოც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ ზიანი მიიღო“, - აცხადებს ადვოკატი.

„რუსთავის 2"-ის დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის შედეგად სერიოზული ეჭვები გაჩნდა. შესაბამისად მათთვისაც საინტერესოა, თუ რა დასკვნას დადებს გამოძიება. „გაურკვეველია, როგორ იმართებოდა კომპანია, როდესაც შემოსავლები ნაკლები იყო ხარჯებზე. შესაბამისად დაგროვდა მილიონობით დავალიანება, არა მარტო ბიუჯეტის, არამედ ყველას მიმართ ვისთანაც ამ კომპანიას ჰქონდა ურთიერთობა“, - აცხადებს სალია.

ნიკა გვარამია პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმეში მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების ქვეტექსტს კითხულობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ორი შედეგის დადგომაზეა გათვლილი: „პირველი - არ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაინც გავაკეთებ,  და მეორე - გააკოტრონ „რუსთავი 2“ და დამაბრალონ მე.. დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერაც“ - აცხადებდა დაკითხვაზე შესვლის წინ გვარამია.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს: მათი შუამდგომლობების საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. იკითხებიან საქმეში მოწმეებად ცნობილი პირები. მათ შორის, „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორი ზურაბ იაშვილი.

იაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით,  გამოძიების შეკითხვები ძირითადად ფინანსურ საკითხებს, კერძოდ სარეკლამო დროსა და მის ღირებულებას შეეხებოდა. „ყველა კითხვაზე იყო ამომწურავი პასუხი. ამ გამჭვირვალე და სრულიად ლეგალურ სიტუაციაში, როდესაც კომპანიას ყველაფერი აქვს დეკლარირებული და ყველაფერი არის ღია, ფორსირებულად გამოძიების წარმოება სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^