
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ბრალი შესახებ დადგენილების გასაცნობად დღეს უწყებაში დაიბარა, რის შემდეგაც სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიება ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტის გამო ედავება. განცხადების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
წერეთელთან ერთად პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაიბარეს, ამავე საქმეში ბრალდებულად ცნობილნი, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.
2018 წლის 2 აგვისტოს აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, 2008 წლის აპრილ-მაისში ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაყენებული ბრალდების გამო ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის შვილი, „ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელიც დაკითხა. დაკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ წერეთელმა ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურატურას მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს და ამით, მასზე, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელზე მანიპულირებას შეეცდებიან.