Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძე - მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა?

27 აგვისტო, 2019 14:11

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა ბრიტანეთს და აცნობა, რომ ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში და მათი ფულადი სახსრები შეიძლება იყოს კრიმინალური წარმოშობის. 

„რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ეს მცდელობა ემსახურება ერთ მიზანს, რომ მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. 

„ამისთვის გამზადებულია ყადაღის გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ დამტკიცებული. იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს გადაეხედა არის თუ არა რაიმე უკანონო...ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ".

ჯაფარიძის თქმით, დღეიდან ისინი აპირებენ ამხილონ ყველა ის სამსახური, რომელიც, მათი აზრით, კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში გამოიყენება.

„ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ჩვენს ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კონკრეტული საქმის მიზეზებთან და მის შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, აქტიურად იყოს ჩართული მთლიანად ამ პროცესში, რადგან ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სიმართლე და გამჭვირვალობა". 

მისივე თქმით, პრინციპულია, „თიბისი ბანკის“ საქმე აღქმული იყოს, როგორც უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი ქვეყნისთვის.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ეს რეალობა, რომელიც დღეს აქ არსებობს, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ მათ იმიტომ, რომ, როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს". 

ბრიფინგზე ხაზარაძემ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიას აუცილებლად ააშენებს ან ხელისუფლებასთან ერთად ან მათ გარეშე.

„ჩვენ, იცით, რომ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ! ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე".

ხაზარაძის თქმით, ის თანახმაა, ტელევიზიაში მივიდეს და პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილოს, თუ რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

„რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. ხშირად მისვამენ შეკითხვას - მამუკა ვერ დაალაგეთ? - ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დააანონსა ახალი მოძრაობის დაფუძნება, რომელშიც, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ცნობილი სახეები პოლიტიკიდან არ მოიაზრებიან: „უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთდებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა...ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გუნდს, სადაც ცნობილი სახეები პოლიტიკიდან ვერ მოიაზრებიან ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ სახეებს, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, ყველას ველოდებით", - განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^