Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს

23 სექტემბერი, 2019 14:28

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტის მის კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებას ბინძურ ცილისწამებას უწოდებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. „მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი... არ შეიძლება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა“ - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, მიესალმები პრეზიდენტის მიერ შეწყალების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რადგან თავად არის დაინტერესებული იმის გარკვევით თუ ვინ დაუდო შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია სალომე ზურაბიშვილს. პროცედურის განმარტებისას გაბუნია აღნიშნავს, რომ მას, როგორც საპარლამენტო მდივანს სტრუქტურულად არ ეხება შეწყალების კომპეტენცია და არც ჩარეულა ამ უფლებამოსილებაში. „ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში ამ სიის შედგენით".

გაბუნიას პერსონალურად არ დაუსახელებია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გვარი, თუმცა სავარაუდოდ იგი ანგი ხუციშვილის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა გიორგი ქოიავას ოჯახის წევრთა ბრალდებებს, რომლის მიხედვით, ძებნილობის პერიოდში მათი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძეს კონსულტაციას დიმიტრი გაბუნია უწევდა და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ნადირაძე შეწყალებულთა სიაში სწორედ მისი დამსახურებით მოხვდა. გაბუნია აცხადებს, რომ ქოიავას ოჯახი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. მას როგორც სისხლის სამართლის საქმეებზე ლიცენზიის არმქონე ადვოკატს, ნადირაძესთვის არა თუ არ გაუწევია იურიდიული მომსახურება, არამედ თვალითაც არ უნახავს.

გაბუნია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას აპირებს და როდესაც საქმეს ნათელი მოეფინება, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა შეიტანა. როგორც დეპუტატმა განმარტა, საადვოკატო წრეებთან დაახლოებულმა პირმა, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიაწოდა ინფორმაცია: „როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დღეს დაკითხეს. როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, გამოძიება მისი ინფორმაციის წყაროთი უფრო ინტერესდებოდნენ, ვიდრე ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით. „წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^