Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წარმოადგენს თუ არა მოსამართლეობის კანდიდატი მამუკა ვასაძე „ქართულ ოცნებას"

27 სექტემბერი, 2019 20:46

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგი კანდიდატი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, მამუკა ვასაძე წარდგა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“  წარმომადგენელთა შეფასებით, თუკი დეპუტატთა წინაშე აქამდე გამოსული კანდიდატები მოსამართლეთა კლანთან დაახლოებულ კადრებად მოიაზრებოდნენ, მამუკა ვასაძე „ქართული ოცნების“ სახედ ასოცირდება.

იუსტიციის საბჭოს მიერ ნომინირებულ კანდიდატთან შეკითხვების უმეტესობა, მის გენერალურ პროკურატურაში საქმიანობიდან გამომდინარე დაისვა და გაუხსნელი დანაშაულებებსა და გაჭიანურებულ გამოძიებების შეეხებოდა. ვასაძეს შეახსენეს: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების, ხორავას ქუჩის, TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და სხვა გახმაურებული საქმეები, რომლებიც დეპუტატთა შეფასებით ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა.

მამუკა ვასაძის განცხადებით, თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებული და შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩენილი მუხთარლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდა, თუმცა "გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან მტკიცებულებები არ არის საკმარისი". მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე დაკითხულია 300-ზე მეტი პირი; ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება; გაგზავნილია სამართლებრივი ურთიერთდახმარების შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საიდანაც პასუხები მიღებული არ არის.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე, რომელიც მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილი ადვოკატიცაა, დაინტერესდა, 2014 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა, რატომ არ დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ის საკნიდან გაიყვანა და ზეწოლა განახორციელეს? „არსებობს რაღაც ვარაუდი და ეჭვი, რომ თქვენი მეგობარი და კოლეგა ოთარ ფარცხალაძე იყო ამ დანაშაულში გარეული და ამიტომ არ დაიწყეთ გამოძიება. რამე სხვა მიზეზი ხომ არ გაქვთ, რატომაც გამოძიება არ დაიწყეთ?“- ჰკითხა კახიძემ კანდიდატს. დეპუტატმა ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რომლის მიხედვით რვა მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ამ დანაშაულს, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო.

ვასაძემ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, როგორც კი ამის საქმის შესახებ ცნობილი გახდა საგამოძიებო დანაყოფისთვის, გამოძიება დაიწყო. ამასთან ვასაძემ აღნიშნა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე შესწავლილ იქნა ყველა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიც.

როდესაც დეპუტატები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისგან ანგარიშებს მოითხოვდნენ, მამუკა ვასაძეს ხშირად მოუწია იმის გამეორება, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის რეპლიკა მოჰყვა: "პასუხმა - „მიმდინარეობს გამოძიება“ უკვე კომიკური სახე მიიღო". იგი დაინტერესდა რატომ არ სრულდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების გამო დაწყებული გამოძიება. მამუკა ვასაძემ ამ პრობლემის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ხშირ შემთხვევაში დანაშაული ჩადენის კერა საზღვარგარეთის ქვეყნებშია და ფიზიკურად ვერ ახერხებენ ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა: კანდიდატმა, რომელიც წლების მანძილზე პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდა, რამ გადააწყვეტინა პროფესიული კარიერული გაგეგრძელებინათ სასამართლოში, იმ სისტემაში, რომელშიც არასდროს უმუშავია?- „არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, მართლმსაჯულებას და იმ სისტემას, რასაც ჰქვია კანონის მსახურება”, ასე ახსნა მამუკა ვასაძემ საკუთარი გადაწყვეტილება.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრის კახა წიქარიშვილის შეფასებით, მამუკა ვასაძე, ისევე როგორც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, პირდაპირ არ წარმოადგენენ მოსამართლეთა კლანს და პარლამენტისთვის ნომინირებულ კანდიდატთა შორის მმართველი პარტიის მხარდაჭერით მოხვდნენ. 

„ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლიდან სასამართლოებში საკადრო პოლიტიკის წარმართვა გადააბარა მოსამართლეთა "კლანის" ხელმძღვანელს მიხეილ ჩინჩალაძეს. მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დაცული იქნება მმართველი პარტიის ინტერესები. თუმცა როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ მაინც შეიყვანა ამ სიაში ალტერნატიული კადრებიც - შალვა თადუმაძის და მამუკა ვასაძის სახით. სავარაუდოდ შალვა თადუმაძე გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა იგი ისეთივე ნომინალური ხელმძღვანელი იქნება, როგორებიც ნინო გვენეტაძე და კოტე კუბლაშვილი იყვნენ. სასამართლოს შიგნით ისეა ჩამოყალიბებული ორგანიზაციული კულტურა, რომ საქმეს რეალურად მაინც კლანი წარმართავს. თავმჯდომარე მხოლოდ საზღვარგარეთ ვიზიტებით და სხვა ფორმალური რევერანსებით იქნებ დაკავებული" - აცხადებს კახა წიქარიშვილი.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^