Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოსკი - ახალი გამოწვევა სამედიცინო განათლებაში

02 ოქტომბერი, 2019 19:16

2020 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტებში ახალი გამოსაშვები გამოცდა - ოსკი (OSCE - The Objective Structured Clinical Examination) სავალდებულო გახდება, რაც სტუდენტებს პროფესიულ ზრდასა და დასაქმებაში დაეხმარება. ოსკი შეფასების ეფექტიანი სისტემაა, რომელიც მთლიან სასწავლო პროცესზეც დადებითად აისახება. ამ სისტემაში მთავარი აქცენტი პაციენტთან ურთიერთობასა და კლინიკური განსჯის უნარზეა გამახვილებული. გამოცდით მოწმდება სამედიცინო ცოდნა, რომლის გარეშეც პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ოსკის დახმარებით სტუდენტები კარგად იაზრებენ, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, რომელიც სწავლების დასრულების შემდეგ დაეკისრებათ. ვიდრე ასეთ პასუხისმგებლობას იტვირთებენ, სამედიცინო სტუდენტებს გრძელი და რთული გზის გავლა უწევთ.

ოსკისთვის მზადება შესაძლებელია დაიწყოს სწავლის პირველ ეტაპზეც. არსებობს 3D კომპიუტერული პროგრამები (მაგ: Body Interact), რომელთა დახმარებითაც სტუდენტები პაციენტთან კონტაქტს ამყარებენ, დიაგნოზს სვამენ და მათ მკურნალობაზე ზრუნავენ. წარუმატებელი მკურნალობა კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, რაც სტუდენტებზე ემოციურ გავლენას ახდენს და შესაძლო შეცდომების დამახსოვრებას უწყობს ხელს.

თინა გაგუა, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი:როდესაც სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებენ, უმეტესწილად, პრაქტიკული უნარ-ჩვევები თეორიულ ცოდნასთან შედარებით გაცილებით ნაკლები აქვთ. პრაქტიკანტებისთვის პაციენტის გადაბარება მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რთულია (მე რომ მკითხოთ, სწორიც არის). ამიტომ, გამოცდა და მომზადებაც სიმულაციების ხარჯზე ხდება“.

ოსკი სიმულანტი პაციენტებისა (Standardized Patient) და მულაჟების საშუალებით ტარდება. საგამოცდო სივრცე საგნების მიხედვით სადგურებად იყოფა. ყოველ სადგურზე სტუდენტმა პაციენტი მოცემულ დროში უნდა გამოჰკითხოს, გასინჯოს, ანალიზების დახმარებით დიაგნოზი დასვას და საჭირო მკურნალობა დანიშნოს. პაციენტი წინასწარ არის გადამზადებული და იცის, შეკითხვებს როგორ უპასუხოს, როდის გამოხატოს ტკივილი და რა სახის რეაგირება მოახდინოს. გამოცდის დროს, მაგალითად, პაპ-ტესტი ან რექტალური გამოკვლევა მსახიობ პაციენტზე შეუძლებელია და ასეთ შემთხვევებში მულაჟები გამოიყენება. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციას: მაგალითად, თუ პაციენტმა დაახველა და სტუდენტმა ემპათია არ გამოხატა - წყალი არ შესთავაზა, შესაძლოა მას ქულა დააკლდეს. მეორე მხრივ, გამოცდაზე თეორიული ცოდნაც მოწმდება, ურომლისოდაც დიაგნოზის არგუმენტირება შეუძლებელია. 

ალექსანდრე ასათიანი, სტუდენტი: ოსკის გამოცდაზე პაციენტს ნაღვლის ბუშტის გამო შეიძლება მხარიც სტკიდეს. ერთი შეხედვით, ეს დამაბნეველია, რადგან თითქოს ალოგიკურია, თუმცა იმ სტუდენტს, რომელსაც ფუნდამენტური თეორიული ცოდნა აქვს და კონკრეტული სიმპტომის მექანიზმი იცის, მიზეზს მარტივად მიხვდება. გარდა ამისა, სწავლების დროს, პრაქტიკას ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის პაციენტებთან გავდივართ. მათთან კომუნიკაციისას თუ სამედიცინო ტერმინებს  გამოვიყენებთ, ისინი უნდა განვმარტოთ კიდეც და დავრწმუნდეთ იმაში, რომ განმარტება პაციენტისთვის გასაგებია. ასეთი მიდგომები სწორედ იმ უნარებს აყალიბებს, რომლებიც ოსკზე და სამომავლოდ პროფესიაში გვჭირდება“. 

დამკვიდრებული მოსაზრებით, კარგი ექიმის მთავარი მახასიათებელი კლინიკური განსჯის შესაძლებლობაა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი კომპეტენტურობაც. ოსკის გამოცდა კლინიკური განსჯის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ის სტუდენტთა ცოდნის დონეს აამაღლებს და მათ რაოდენობაზეც იქონიებს გავლენას. ოსკი სტუდენტებისთვის დიდი გამოწვევაა, ის სამედიცინო განათლების ზოგად ხარისხს გააუმჯობესებს და, სავარაუდოდ, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტებში სწავლის მოთხოვნასაც გაზრდის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^