
20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებული ლევან ჯიქური, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღმკვეთი ღონისძიება მას 2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა სახელმწიფო ბრალდების მხარე იმ მოტივით, რომ განსასჯელის ჯანმრთელობის პრობლემები ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდებოდა, თანაც ბრალის ნაწილობრივი აღიარება მოხდა.
პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდაოდ სცნო, თუმცა როგორც ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი განმარტავს, მათი პოზიცია დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. „ჯიქურმა აღიარა, რომ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკს და არა ჯგუფური ძალადობისთვის წაყენებულ ბრალდებას, რასაც მას ედავებიან“.
სასამართლო დარბაზის ეტლით დატოვების შემდეგ ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ 50 დღე იშიმშილა, რათა ამ დღისთვის მიეღწია. როგორც მან განაცხადა, პატიმრობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ დაუმძიმდა: „კიდურები მაქვს გაჩერებული დახელ-ფეხი მიწვრილდება, ფილტვებში პრობლემები დამეწყო და ქრონიკულ დაავადებაში გადამივიდა“.
ლევან ჯიქური წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულო დმიიჩნევს და აცხადებს, რომ დაკავებამდე არც სხვა ბრალდებულებს შეხვედროდა, ისინი დაკავების შემდეგ სასამართლოში გაიცნო: „ბრალად მომიყენეს სახელმწიფო გადატრიალება ძალადობით, რაც არ ყოფილა. მე იქ მივედი ხალხის დასახმარებლად, რადგან ტყვიებს ესროდნენ. ჩემს მეუღლეს ასცდა ტყვია და შეკავების მიზნით გამოვიყენე ეს ფარი“.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.