Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

15 ოქტომბერი, 2019 13:46

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს სანქციებს უწესებს, ამის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. ეკონომიკური სანქციები, რომელიც თურქეთის სამინისტროებისა და გარკვეული მაღალჩინოსნებისკენაა მიმართული მას მერე დაწესდა, რაც ქურთებით კონტროლირებად ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ჯარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ამ საბრძოლო მოქმედებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამხედროები, უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიას ოფიციალურად დატოვებდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინა სანქციებს თურქეთის თავდაცვის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს, ამ უწყებების ხელმძღვანელ მინისტრებსა და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრს უწესებს. პოტენციურად, სანქციები შეიძლება გავრცელდეს იმ მესამე პირებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ზემოთმოყვანილ სამინისტროებთან და მაღალჩინოსნებთან ითანამშრომლებენ. სანქციების ოფიციალურ მიზეზად მოყვანილია თურქეთის მთავრობის გაუმართლებელი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც რეგიონში მშვიდობას, დაცულობასა და სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამერიკული სანქციები ასევე შეეხება თურქეთის ფოლადის ინდუსტრიას, რადგან დონალდ ტრამპი საიმპორტო ტარიფების 25%-დან 50%-მდე გაზრდას აპირებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი აშშ-სთვის ფოლადის სიდიდით მეექვსე ექსპორტიორი იყო, თუმცა 2018 წელს იმპორტის მაჩვენებელი 76%-ით მას მერე შემცირდა, რაც დონალდ ტრამპმა თურქეთს ანალოგიური სანქციები დაუწესა, როცა თურქეთი იქ გასამართლებული ამერიკელი მღვდლის ექსტრადიციაზე უარს ამბობდა. ამ გადაწყვეტილებამ, მაშინ, თურქეთის საბაზრო ეკონომიკას შოკი მიაყენა, ხოლო თურქული ლირა გარკვეულწილად შეარყია. ტრამპმა ასევე ორ ქვეყანას შორის 100 მილიარდი დოლარის ბრუნვის სავაჭრო ხელშეკრულების განხილვის შეჩერების შესახებ განაცხადა.

დონალდ ტრამპის მხრიდან თურქეთისთვის დაწესებული სანქციები მოულოდნელი არ იყო, რადგან მათ შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს განაცხადა: „თუკი თურქეთი თამაშის წესებს დაარღვევს, ჩვენ მათ ფინანსურად დავარტყამთ და სანქციებს დავუწესებთ“. სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც ორ პრეზიდენტს შორის ორშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ, თურქეთს საკუთარი სათქმელი საკმოად ნათლად გადასცა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ასევე განაცხადა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიანი უახლოეს მომავალში თურქეთს მოსალაპარაკებლად ოფიციალურად ესტუმრებიან. აღსანიშნავია, რომ არაფერი იყო ნათქვამი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თეთრ სახლში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომელიც 13 ნოემბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩ ...

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვე ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატ ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქც ...

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შე ...
^