Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტიდან გაძევება მოითხოვა

23 ოქტომბერი, 2019 17:14

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მეთორმეტე კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ. 

პაატა სილაგაძეს დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ასევე მათიკაშვილსა და ეკა ბესელიას შორის.  

„გვიყურებენ საერთაშორისო პარტნიორები და ხედავენ, როგორ გინდათ ამ პროცესის ჩაშლა. თქვენი რეპლიკები სერიოზულად მისაღები არ არის, ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა  განაცხადა, რომელიც დეპუტატ ეკა ბესელიასთან გამოეხმაურა. მათიკაშვილმა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიჰყავს, განმარტა, რომ ნებისმიერ დეპუტატს ან სხვა ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება, თუმცა ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში. მისი აზრით, ბესელია მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს არაკორექტული კითხვებით მიმართავს.

„თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ დარბაზი დატოვოთ. თქვენ ბევრჯერ გამოაჩინეთ თქვენი სახე, მათ შორის გუშინაც“, - განაცხადა მათიკაშვილმა, რის საპასუხოდაც ეკა ბესელიამ მას „მედროვე, მხდალი და მშიშარა“ უწოდა.

მათიკაშვილმა კი მას უპასუხა, რომ  საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ  და ხედავენ როგორ სურს მას პროცესის ჩაშლა. „თქვენ  ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა ბესელიას საპასუხოდ.  

ბესელიამ კი მათიკაშვილს უთხრა: „ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა”, - განაცხადა ბესელიამ.

მათიკაშვილმა ბესელიას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა და „კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენდა სახეს“.

„ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ სახეს მიხედე. შენნაირი მედროვეები აზიანებენ პარლამენტსაც და გუნდსაც”,-განაცხდა ბესელიამ.

ბესელიამ მათიკაშვილს განუცხადა, რომ ის დარბაზს არ დატოვებდა და ამ სიამოვნებას არ მიანიჭებდა.

„სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი”, - განაცხადა ბესელიამ.

მანამდე კი ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის წინა რეჟიმის ჯალათი. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი არაკომპეტენტურობა ჩანს იმ განჩინებაში, რომელიც მისი შვილის საქმეზე აქვს გამოცემული და სადაც საპროცესო კანონმდებლობის მუხლებიც კი არასწორად აქვს მითითებული.

„პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმანებს აჭედებდა ხოლმე უსამართლობის ძალიან დიდ სისტემას, ამაგრებდა სისტემას თავისი გულცივი და სასტიკი დამოკიდებულებით, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერით, „მართლმსაჯულება დაბნელდება”.

„ახლაც უფლებამოსილება რომ აქვს გაგრძელებული, უკანონოდ აქვს გაგრძელებული, რადგან ვადა გაუვიდა და იუსტიციის საბჭომ ისე გაუგრძელა ვადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. აქ არის მოსამართლე, რომელსაც არანაირი მანდატი ნდობის და კანონიერების არ გააჩნია და ერთ-ერთი ჯალათი გახლავთ, ვინც კი ვიცი სასამართლო სისტემაში”, - განაცხადა ბესელიამ.

პაატა სილაგაძემ ეკა ბესელიას დასმულ კითხვებს არ უპასუხა. ასევე უარი თქვა ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ კითხვებისთვის  პასუხის გაცემაზეც.

ლევან გოგიჩაიშვილმა პაატა სილაგაძეს ჰკითხა: „მიიჩნევთ თუ არა თავს კეთილსინდისიერ ადამიანად, რომელსაც ცოდნის მიღმა აქვს იმის მორალური უფლება, განსაჯოს ადამიანის ბედი“, - რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ არ გასცემდა პასუხს.

„იცნობდით თუ არა იმ კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეების გარანტიებს და რა არ გაკმაყოფილებდათ 2012-წლამდე იმ კანონებიდან, რომელიც არ გაძლევდათ საშუალებას, ყოფილიყავით თავისუფალი“, - სილაგაძემ არც ამ შეკითხვას უპასუხა.

ამის შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა: „ჰომოსაპიენსი ხართ?“,- პაატა სილაგაძემ კი უპასუხა, რომ პასუხს ისევ არ სცემს.

სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს მიმართა, რომ მის ადგილას პაატა სილაგაძეს დარბაზიდან გააძევებდა, რადგან მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

„თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ბატონ პაატას ხელი და გააგდეთ ამ ოთახიდან. ასე მოვიქცეოდი. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. მოგიწოდებთ, ბატონი პაატა გააძევოთ დარბაზიდან, რადგან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^