
პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტიდან არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო, 19 წლის ასაკის სამი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ-სა და ნ.ი-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.
ხულოს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.