Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები: „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

18 ნოემბერი, 2019 15:05

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპროტესტო აქციების მოთხოვნად გამოიკვეთა დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიხედვით მოდიფიცირება. ამ ინიციატივის საპასუხოდ, მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ ეს ვარიანტი არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რასაც ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ არ ეთანხმებიან ამ მოსაზრების კონტრარგუმენტები მოჰყავთ:  

„კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან. კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე. ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, „საარჩევნო  კოდექსში” ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები განმარტავენ, შერეული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional)  საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. იგი ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები.

„კლასიკური „გერმანული მოდელი” ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას“ - აცხადებენ „არასამთავრობოები“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^