
დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო.
„პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე და პარლამენტი გააგრძელებდა მუშაობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უმრავლესობამ მიიღო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პირველი ვიცე სპიკერის პოზიციას გია ვოლსკი დაიკავებს. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გუნდი მამუკა მდინარაძეს წარადგენს, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას.
ვიცე-სპიკერებად დასახელებული არიან გიორგი კახიანი და კახა კუჭავა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ გენადი მარგველაშვილი. ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს. ცვლილებები ძალაში რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ შევა.