დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა.
ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინც ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა.
სირთულეების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და მუშაობა განვაგრძეთ იმ რწმენით, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა.
ეტაპობრივად შეიკრიბა რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი. ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა.
ამავდროულად, საჯარო სივრცეში ახალი და ალტერნატიული ხმების გასაჟღერებლად ვითანამშრომლეთ ახალ ავტორებთან და მკითხველისთვის საინტერესო მასალის შესათავაზებლად გამოვცადეთ რამდენიმე განსხვავებული ფორმატი.
შემოდგომისთვის ჩამოყალიბდა მდგრადი სარედაქციო პროცესი. თანდათან გაიზარდა მკითხველთა რაოდენობა. „ლიბერალის" გარშემო შეიკრიბა თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა ქსელი.
თუმცა, ამავდროულად „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.
„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას.
ჩვენთვის ბოლო ხუთი თვე ახალი და საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე. ამ პროცესში ჩვენი მთავარი მონაპოვარი სარედაქციო გუნდი და ავტორთა ქსელია, რომელთანაც დიდი იმედი გვაქვს, მომავალში, სხვა პლატფორმაზე, განსხვავებული ფორმატით განვაგრძობთ თანამშრომლობას.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ავტორს, მკითხველს და მხარდამჭერს. ასევე, გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ „ლიბერალის” გუნდის იმ წევრების მიმართ ვინც ჟურნალში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი ნდობისა და გამოცდილების გარეშე ისედაც რთული გარდამავალი ეტაპის დაძლევა წარმოუდგენელი იქნებოდა. ბოლოს მადლობა მათ, ვინც თვალს გვადევნება და მხარს გვიჭერდა.
წარმატებები „ლიბერალს!”