Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენტონი ბურდენის შესახებ გადაღებული ფილმის ავტორს არაეთიკურობაში ადანაშაულებენ

27 ივლისი, 2021 18:11

16 ივლისს ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „Roadrunner: A Film About Anthony Bourdain“ („მორბენალი: ფილმი ენტონი ბურდენის შესახებ“). ფილმი ცნობილ ამერიკელ შეფ-მზარეულს ეძღვნება, რომელმაც 2018 წელს თავი მოიკლა. რეჟისორია მორგან ნევილი - „ოსკარის“ მფლობელი ბექ-ვოკალისტების შესახებ გადაღებული ფილმისათვის „20 Feet from Stardom“, ასევე ბევრი სხვა პოპულარული დოკუმენტური პროექტის ავტორი („Abstract: The Art of Design“, „Miss Americana“ ტეილორ სვიფტის შესახებ და სხვა).

ფილმის სახელწოდებაში სიტყვა Roadrunner-ი, ინგლისურიდან ასევე ითარგმნება როგორც გუგულისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ფრინველის სახელი, რომელიც აშშ-სა და მექსიკის უდაბნოში ცხოვრობს: აქვს გრძელი ძლიერი ფეხები და პატარა ფრთები, რის გამოც ძირითადად მიწაზე გადაადგილდება და 32კმ/ს სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ნევილმა ბურდენის შესახებ ფილმის გადაღება, მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში დაიწყო. გადაღებების დროს ავტორი ესაუბრა შეფ-მზარეულის მეგობრებს და ნათესავებს, შეისწავლა მისი გზა პოპულარობამდე და შეეცადა გაერკვია, რა აწუხებდა. თუ რატომ მოიკლა თავი ბურდენმა, ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი ფილმში არ არის, მაგრამ ნაჩვენებია, თუ როგორ მიილტვოდა ის ბედნიერებისაკენ, როგორ აწუხებდა თვითმმარქვიას სინდრომი, ღლიდა პოპულარობა და მთლიანად იყო მოცული მსახიობ აზია არჯენტოსთან ურთიერთობით.

შეფ-მზარეული პოპულარული 2000-იანი წლების ბოლოს გახდა, როდესაც წიგნი „Kitchen Confidential: Adventures in the Culinary Underbelly“ გამოსცა. მოგვიანებით ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავად იქცა - თავდაპირველად მიჰყავდა კულინარიული შოუ არხზე Food Network, შემდეგ Travel Channel-ზე, 2013 წელს კი CNN-ზე გაიმართა მისი უპოპულარულესი გადაცემის „Parts Unknown“ („უცნობი ნაწილები“) პრემიერა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს შესახებ, რომლისთვისაც ბურდენის პროექტმა 5 „ემი“ დაიმსახურა. 2018 წლის აპრილში ამ გადაცემის მეთერთმეტე სეზონის პრემიერიდან მალევე, ივნისში ბურდენმა თავი მოიკლა - ის გარდაცვლილი იპოვეს საფრანგეთის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სადაც შოუს მორიგ სერიაზე მუშაობდა. 

პრემიერის შემდეგ ნევილი არაეთიკურობაში დაადანაშაულეს: ავტორმა ფილმში გამოიყენა ბურდენის ხმა, რომელიც ნეიროქსელის მიერ არის გენერირებული და ამ ხმით გაახმოვანა სამი ფრაზა, რომლებიც შეფ-მზარეულს სინამდვილეში არასდროს უთქვამს. სხვა ეპიზოდებში გამოყენებულია არქივის კადრები, ძველი გადაცემების ჩანაწრები, აუდიოწიგნები და პოდკასტები. კრიტიკოსების თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხმა იმდენად ბუნებრივად ჩაეწერა ფილმში, რომ ამან შემზარავი ეფექტი შექმნა. ნევილის თქმით, იყო სამი ფრაზა, რომლის მოსმენაც მას ბურდენის ხმით სურდა, ამასთანავე ის მზადაა ამ ხერხის გამოყენების ეთიკურ მხარეზე საჯარო დისკუსიაში ჩაერთოს.

ფილმის შემქმნელების მიმართ მეორე პრეტენზიაა ის, რომ მორგან ნევილს არც უცდია ინტერვიუს ჩაწერა აზია არჯენტოსთან, რომელიც ბურდენს უშუალოდ მის გარდაცვალებამდე ხვდებოდა. ნევილი ამბობს, რომ არჯენტო ერთსა და იმავეს იმეორებს ყველა ინტერვიუში და რომ ამასთანავე არ სურდა, ფილმი წყვილის რთული ურთიერთობებისათვის მიეძღვნა.   

ყველაფრის მიუხედავად, ფილმს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკისგანაც და მშვენიერი შემოსავალიც მიიღო კინოგაქირავებაში გამოსვლიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ აქ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^