Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბერგმანის საკულტო სერიალის რიმეიკის ჩვენებას იწყებს

08 სექტემბერი, 2021 18:28

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რიმეიკის ჩვენებას. მინი სერიალს იგივე სახელწოდება აქვს და მასში მთავარ როლებს ჯესიკა ჩესტეინი და ოსკარ აიზეკი ასრულებენ. სცენარისტი და რეჟისორია ისრაელელი ჰაგაი ლევი. ვენეციის კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს პირველი ეპიზოდები ამ მინისერიალისა, რომელიც ბერგმანის ფილმის მსგავსად, მძიმე ფსიქოლოგიური დრამაა. კრიტიკოსების ნაწილი აღფრთოვანებულია, ნაწილი - გაოგნებული.

ინგმარ ბერგმანის მინი-სერიალი „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ შვედური ტელევიზიის ეთერში 1973 წლის აპრილ-მაისში გადიოდა. მისი გადაღებები 1972 წელს დასრულდა ცნობილ კუნძულზე ფორე (ადგილი, სადაც დღემდე ჩადიან რეჟისორის თაყვანისმცემლები და იღებენ ფილმებს). ამავე წელს შეიქმნა აშშ-ში ახალი არხი HBO (Home Box Office), რომელმაც ტელევიზიის ისტორია შეცვალა და რომელმაც მალევე თავისი რეპერტუარის სერიალებით შევსება დაიწყო. ამ სერიალებიდან საუკეთესო ნაწილს ყოველთვის ჰქონდა სწორება ბერგმანის ოჯახურ ეპოპეაზე - ეს იყო დრამები ზრდასრული ადამიანების ეგზისტენციალურ შიშებზე, ურთიერთობის სირთულეებზე და შეყვარებულების პარადოქსულ ქცევაზე. ზოგადად სერიალები ხშირად მიმართავენ ბერგმანს, როგორც სატელევიზიო დრამების მამას და მიმართავენ მას არამხოლოდ სერიალები (ვუდი ალენის „ენი ჰოლი“, ნოა ბაუმბახის „ქორწინების ისტორია“, რიჩარდ ლინკლეიტერის „გამთენიის წინ“, მიშელ ხაზანავიჩუსის „ახალგაზრდა გოდარი“...).

ახალი მინი-სერიალის თითოეული ეპიზოდი იწყება ხერხით, რომელიც თეატრალურ პრაქტიკაში ბერტოლდ ბრეხტმა დაამკვიდრა: მსახიობები (ან ჯესიკა ჩესტეინი, ან ოსკარ აიზეკი) გადასაღებ პავილიონში გადაადგილდებიან, მათ ნამდვილი სახელებით მოიხსენიებენ, უმასპინძლდებიან ყავით, ყველას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. გრიმის შემოწმების შემდეგ, ვასრკვლავები შედიან კადრში და უმალ გარდაიქმნებიან საკუთარ პერსონაჟებად. ბერგმანს არ ჰქონდა ეს დამცავი მექანიზმი, რომელიც ახსენებდა მაყურებელს, რომ მის წინაშე იყო ინსცენირება. შვედი რეჟისორი პირდაპირ გადადიოდა მაყურებლის ფსიქოლოგიურ წამებაზე და ლეგენდის თანახმად, ამაყობდა კიდეც იმით, რომ სერიალმა გააღრმავა ქვეყანაში განქორწინებების სტატისტიკა. ჰაგაი ლევი ბევრად ლმობიერია და ყველა ეპიზოდის წინ მაყურებელს აფრთხილებს, რომ მას ელოდება არა იმდენად გადაუჭრელი დრამა, რამდენადაც ოჯახური თერაპიის უსაფრთხო სეანსი.

რიმეიკის სიუჟეტი თითქმის არ განსხვავდება ორიგინალისაგან, თუმცა პატარა სხვაობები მაინც არის. მაგალითად, ბერგმანის ცოლ-ქმარი არიან პროფესორი (ერლანდ იუზეფსონი) და იურისტი განქორწინებების დარგში (ლივ ულმანი), ხოლო ისტორია იწყება იმით, რომ მათთან ინტერვიუს წერენ ჟურნალისათვის. ახალ ვერსიაში ჯონატანი (ოსკარ აიზეკი) პროფესორად რჩება, ხოლო მირა (ჯესიკა ჩესტეინი) მსხვილი IT-კომპანიის ტოპ-მენეჯერია; მათთან ინტერვიუს წერენ ჰეტეროსექსუალი წყვილების შესახებ, რომლებშიც ქალებს კაცებზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. ამასთანვე, ესაა წყვილი, რომელიც ღია ქორწინებით ცხოვრობს და პოლიამორულ ურთიერთობებს ცდის; რასაც ადრე კაცები აკეთებდნენ, ახლა იმავეს ქალები აკეთებენ. მოკლედ, თანამედროვე „სცენებში ცოლქმრული ცხოვრებიდან“ ბევრი მინიშნებაა ახალ ეთიკაზე. განსხვავებულია ჯონატანის და მირას წინაისტორიებიც.

ბერგმანის სერიალში მუსიკა საერთოდ არ იყო და სიჩუმე ასევე მნიშვნელოვანია HBO-ს სერიალშიც - სწორედ ამ პაუზების დროს აცნობიერებენ გმირები, რომ წარმოთქმული სიტყვების შემდეგ ისინი კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს.

სერიალის პირველივე წუთებიდან მირას და ჯონატანის ურთიერთობა განწირულია, მაგრამ სცენები უკიდურესად საინტერესოა, რადგან ესაა წარუმატებელი ურთიერთობების „შავი ყუთი“ - დეტალური სტენოგრამა კატასტროფისა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერს გადახდეს თავს.

სულ ახლახან გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ ქართულ ენაზე გამოსცა ინგმარ ბერგმანის კრებული „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, რომელიც აერთიანებს რეჟისორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად. ვრცლად წიგნის შესახებ ინფორმაციას შეგილიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

სალი რუნის მესამე რომანი შემოდგომაზე გამ ...

29 წლის ირლანდიელმა მწერალმა სალი რუნიმ ახალი რომანის გამოცემა დააანონსა. ის ავტორია ორი გახმაურებული რომანისა - „ ...
^