ჯაშუშობაში ბრალდებული პატიმარი ბაკურ კიღურაძე ციხიდან წერილს აგზავნის და N8 დაწესებულების ცვლის უფროსის, ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ საუბრობს.
გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოები სწორედ ბედუკაძემ გამოიტანა. ის ახლა ბრიუსელშია, შსს-ს მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
ბაკურ კიღურაძე წერილში ბედუკაძეს დადებითად ახასიათებს. “ბატონმა ლადომ, გლდანის N8 დაწესებულებაში ჩემი ყოფნის პერიოდში, სამგზის მიხსნა განსაცდელისა და ხიფათისგან, რომელთა მაშსტაბებსაც ახლად გაჟღერებულ საშინელებათა ფონზე უკეთ და ღრმად შევიგრძნობ”
პატიმარი ვლადიმერ ბედუკაძეს “ღირსეულ პიროვნებას”, ”ვაჟკაცს” და ”გმირს” უწოდებს და წერს რომ “ყველა ის ადამიანი, რომელთაც გლდანის N8 დაწესებულება გამოიარეს, უყოყმანოდ გაიზიარებენ წერილის პათოსს.”
ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს და ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს. სასამართლომ კიღურაძე დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით კიღურაძე “ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა.”
კიღურაძე დანაშაულს არ აღიარებს, მან საქმე ყველა ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა განაჩენი არ შეცვლილა.