• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში

მარიკა ქოჩიაშვილი
სანდრო ეულის ქუჩაზე "რუსთავი 2"-ის ტელეპროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" შენობის ჩამონგრევის შემდეგ 24 დღე გავიდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურას ფაქტის გამოსაძიებლად 10-დღიანი ვადა მისცა.
საქმეს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა იძიებს. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
"ექსპერტიზა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ამიტომ გამოძიების დასრულების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით უცნობია". - ხათუნა იოსავა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.  
ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის გიორგი ცხაკაიას თქმით, მათ სამსახურს ჩამონგრეული შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ დაუკვეთა. ბიუროს ექსპერტიზის პროცესისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. მასალების განკარგვის უფლება მხოლოდ დამკვეთს აქვს.
შენობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 2008 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა. მანამდე სანდრო ეულის 5ა-ში მდებარე შენობათა კომპლექსი სახელმწიფო საკუთრება იყო და მასში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი "თბილზნიიეპი" იყო განთავსებული. 
"თბილზნიიეპის" ინჟინერ-კონსტრუქტორი ჯაბა ბურჯანაძე აცხადებს, რომ შენობა აგურის მზიდი კედლებითა და რკინა-ბეტონის ჩანართებით 60-იან წლებშია აშენებული და მას 100-წლიანი ვადა აქვს.   
"ამ შენობაში 18 წელი ვმუშაობდი და ავარიის წინაპირობა აქ არ არსებობდა. ჩვენ რომ შენობა დავტოვეთ, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ყოველგვარი ბზარებისა და დამატებითი დეფორმაციების გარეშე", – აღნიშნავს იგი.
ამავეს ადასტურებს "თბილზნიიეპის" ყოფილი თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გოგი სადაღაშვილი, რომელიც ინსტიტუტში დაარსების დღიდან მუშაობდა.
ახალი მეპატრონის მიერ აზომვითი ნახაზების დამუშავება 2008 წლის ბოლოს მიმდინარეობდა, სარემონტო სამუშაოები კი 2009 წლის დასაწყისში დაიწყო. ამ პროცესში ჯაბა ბურჯანაძესაც უწევდა არქიტექტორებისთვის შენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
2009 წელს კომპანია "არტ-იქსმა" შენობაში რემონტი დაიწყო.
კომპანიის ხელმძღვანელობამ კომენტარი არ მოგვცა. თუმცა, სატელევიზიო ინტერვიუში "არტ-იქსის" წარმომადგენელმა დავით გვასალიამ განაცხადა, რომ შენობაში მხოლოდ შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
 "ძირეული, კარკასული ცვლილებები შენობაში დაგეგმილი არ იყო. მიმდინარეობს გამოძიება, რომელთანაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ანუ მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ სამუშაოზე, რაც ამ შენობაში მიმდინარეობდა", -  აღნიშნა დავით გვასალიამ.
წინასწარი შეფასებით, სპეციალისტები ნგრევის სავარაუდო მიზეზად მზიდი კონსტრუქციების დაზიანებას ასახელებენ.
თუ შენობაში სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების რეკონსტრუქციაც მოხდა, ეს საკითხი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ რეკონსტრუქციისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად არქიტექტურის სამსახურისთვის (სანებართვო დეპარტამენტი) არავის მიუმართავს.
 ჩამონგრევისას სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიან შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად "რუსთავი 2"- ის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ორმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. 
ნგრევისას შენობაში მყოფი "ვარსკვლავების აკადემიის"  სეგმენტ-პროდიუსერის ზურაბ მოდებაძის თქმით, ყველაფერი 2-3 წამში მოხდა. "გადამღები ჯგუფი მე-4 სართულზე ვიყავით, პროექტის მონაწილენი კი -მეხუთეზე. ზედა სართულებზე ასასვლელად კიბით ვსარგებლობდით, რომელიც იზოლირებული იყო პირველი სართულის დანარჩენი სივრცისგან და შესაბამისად, იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები არ მინახავს", - აღნიშნავს ზურაბ მოდებაძე.
"შენობაში მზიდი კედლები იყო როგორც განივი, ასევე - გრძივი. გრძივი მიმართულების კედლებზე ეყრდნობოდა ბეტონის ფილები (ე.წ. "სინკარები"), განივი მიმართულების კედლებზე "სინკარები" არ ეყრდნობოდა, მაგრამ ისინი მაინც მზიდ ფუნქციას ასრულებდა, რადგან დიაფრაგმას კრავდა", - განმარტავს ჯაბა ბურჯანაძე.
სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ნგრევა შენობის შუა ნაწილში ერთ-ერთი განივი კედლის დაზიანებამ გამოიწვია, რასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა კედელში მრავლად ამოღებულმა ღიობებმაც. მისი თქმით,  ამას ნგრევის ფორმა ადასტურებს, რადგან იქით ან აქეთ კი არ არის გადახრილი შენობა, პირდაპირ შუაშია ჩამონგრეული.
"ეს ყველაფერი ნანგრევებისგან გასუფთავების შემდეგ გამოჩნდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველ სართულზე იატაკი უკვე მოჭიმული იყო და ადვილად მისახვედრი იქნება, რომელი კედელია მოხსნილი და რომელი არა",-  აცხადებს ის. 
სანდრო ეულის 5ა-ში მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ მაშველების წასვლის შემდეგ შენობის ნანგრევებისგან გასუფთავება არავის გაუგრძელებია.
გამოძიების დასრულებამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.
"ისედაც ბევრი ჭორი დადის ქალაქში და ამიტომ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და უფლებამოსილები, რომ რაიმე კომენტარი გავაკეთოთ", -  თამთა მურადაშვილი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.