Skip to content

ავტორიზაცია

ოსებს უნდათ კარგი ურთიერთობა ქართველებთან


კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ჟურნალისტი ვახო კომახიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის "ინვაილდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკე 16 დეკემბერს, ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ცხინვალში დაკავებულ ქართველ ბავშვებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საპარალამენტო ოპოზიციის ნაწილმა ეს ადამიანები კოკოითის ხელისუფლების თანამოაზრეებად შერაცხეს.
სამაჩაბლო 2009

ინტერვიუ ჟურნალისტ ვახო კომახიძესთან.

ლიბერალი : 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველებმა პირველად მოახერხეს ცხინვალში შესვლა. რა გზა გაიარეთ ამ შეხვედრამდე?

ვახო : 2008 წლის 8 აგვისტოს  შემდეგ უნგრელ რეჟისორთან ერთად ვიღებდი ფილმს რუსეთ-საქართველოს ომზე. მინდოდა მეჩვენებინა ომი ორივე მხრიდან, მაგრამ მაშინ მხოლოდ ცხინვალის შემოგარენი სოფლების გადაღება მოვახერხე. მას შემდეგ მუდმივად ვცდილობდი, მეორე მხარე გადაღებაზე დამეთანხმებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს. ოსური არასამთავრობოები ჯერ კიდევ 2004 წელს მარეკ  დუდაევზე გადაღებული ფილმით მიცნობდნენ. მათ ასევე კარგად იცოდნენ, რომ  არ ვიტყუები და მასალას პროპაგანდისტულ მიმართულებას არასდროს ვაძლევ.  მადლობა, რომ მათი ნდობა მოვიპოვე და ამ ჯგუფში მოვხვდი. დაახლოებით ორი კვირა გრძელდებოდა მიმოწერა და ბოლოს ცხინვალში შესვლაზე დაგვთანხმდნენ. ჩვენ შევხვდით ტირძნისელ ბავშვებს იზოლატორში. ვერ ვიტყვი, რომ კარგ პირობებში არიან. შეუძლებელია, დანგრეულ ქალაქში ყველაზე კარგ პირობებში პატიმრები იყვნენ. ცუდ პირობებში არიან ზოგადად ყველანი და მათ შორის პატიმრებიც. წამების, ტანჯვის ან არაადამიანური მოპყრობის რამე კვალი არ აქვთ. მათი მონათხრობი განსხვავდება  იმისაგან, რასაც ოფიციალური პირები ამბობდნენ.  ცოტა უფრო მძიმე სურათს ხატავდნენ. ვერ ვიტყვი, რომ კარგი კვება აქვთ, მაგრამ არც მშივრები არიან. მართალია, ექიმი რომელიც მათ ზედამხედველობს უწევს, ამტკიცებს, რომ ბავშვებს მედიკამენტები აქვთ, ორივე მათგანი  ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის.  ჩვენ ასევე შევხვდით იმ  ოჯახებს, რომელთა წევრებიც  ქართველებს ჰყავთ დაპატიმრებული.

ლიბერალი : იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი ედუარდ კოკოითისთან შეხვედრა?

ვახო : არა. როცა ცხინვალში შევედით, მაშინ გვითხრეს, რომ კოკოითის ჩვენთან შეხვედრა სურდა. არც ერთი ჟურნალისტი არ იტყოდა უარს ასეთ შანსზე. პაატა ზაქარეიშვილსაც  თავისი მოტივი  ჰქონდა და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.  კოკოითის, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა.  პაატას ამ შეხვედრისას ისეთი არაფერი უთქვამს, რაც მანამდე საჯაროდ არ ჰქონდა ნათქვამი. ცხინვალში, ქალაქში, რომელიც საშინლად დაბომბა ქართულმა ჯარმა, პაატა ძალიან გაბედულად და ღირსეულად ესაუბრებოდა კოკოითის ორი ახალგაზრდას გათავისუფლების მნიშვნელობაზე. იმდენად არგუმენტირებულად და დამაჯერებლად მოითხოვა მოზარდების გათავისუფლება, რომ მე მომეჩვენა, ცხინვალის ხელისუფლება  ამ  არგუმენტებს ყურადღებას მიაქცევს.  საუბრის კატეგორიული ტონი ბოლოს ოდნავ შეიცვალა კიდეც.

ლიბერალი : იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ  ამ შეხვედრის შესახებ?

ვახო : საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცოდა ჩვენი ვიზიტის შესახებ, ან რატომ უნდა სცოდნოდა, ან ვისთვის უნდა მეთქვა? ხელისუფლების პრეტენზიები ავტორიტარიზმის გამოვლინებაა. ეგებ ჩემი საუბარის შინაარსიც  უნდა შემეთანხმებინა?

ლიბერალი : როგორი იყო ცხინვალი ომიდან წელიწადნახევრის შემდეგ?

ვახო : ცხინვალის საზღვართან ბოლოს 2004 წელს ვიყავი. საზღვარი მაშინ ფაქტობრივად ერგნეთის ბაზრობაზე გადიოდა, რომელიც სავსე იყო ქართული ხილით დატვირტული მანქანებით, რუსულაქციზიანი სიგარეტით და სხვა სახის კონტრაბანდით. იყო ხალხმრავლობა, ნაგვის სუნი, ტალახი, უამრავი ჭორი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბაზრობაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. ახლა ამ პოლიტმარკენტინგული ანაქრონიზმისგან აღარაფერია დარჩენილი. საზღვარზე მხოლოდ შენიღბული ბლინდაჟებია. თუმცა ამ შესასვლელიდანვე იგრნობა, რომ იმის იქით ნაომარი პეიზაჟებია. ცხინვალი განადგურებული დამხვდა. სასაფლაოც კი ტანკებით არის  დანგრეული. მოსახლეობა ნელ-ნელა ბრუნდება სხლებში. ქალაქი ნახევრად დანგრეულია და ნახევრად მშენებარე.

ლიბერალი : თვქენ ფილმზე მუშაობისთვის კიდევ ერთ დღეს დარჩით ცხინვალში და მოსახლეობას გაესაუბრეთ. რას ფიქრობენ ცხინვალში ომზე და ქართველებზე?

ვახო: ვიცოდი, რომ ცხივნალში  ვიპოვიდი ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს ომი ისეთივე ტრაგედია იქნებოდა, როგორიც ჩვენთვის. ვიპოვიდი ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს ომი გამარჯვება არ ყოფილა. მომეჩვენა, რომ ცხინვალში უფრო რეალურად უყურებენ სიტუაციას, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში. ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი, თუმცა მათ აღიარება მიიღეს, სიტუაციას უფრო ტრაგიკულად აღწერენ, ვიდრე წარმატებულად. ჩვენი ლაპარაკი იწყებოდა რუსულად და მთავრდებოდა ქართულად. ამ ადამიანებს ჯერ კიდევ უნდათ კაგრი ურთიერთობა ქართველებთან. არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც  ხელისუფლებამ გააკეთოს, ინიციატივა ხალხისგან უნდა წამოვიდეს.

ლიბერალი : როგორ გააშუქა ეს შეხვედრა ქართულმა მედიამ და რამდენად ადეკვატური იყო პოლიტიკოსების შეფასებები?

ვახო : საზღვარზე უკან გადმოსვლისას აფორიაქებული ჟურნალისტები დამხვდნენ. მეკითხებოდნენ, როგორ მოვახერხე შესვლა, ცხინვალში კოკოითიმ ხომ არ მიმიწვია, რატომ შევედი საერთოდ? ხომ არ გვიღალატე, ბიჭო - ასეთი იყო  ქვეტექსტი. მერე პოლიტიკურმა ჯგუფებმაც გააკეთეს განცხადებები, რომ ეს თურმე კრემლის ინტერესებშია და ჩვენ აგენტები ვართ. როცა ხელისუფლებას არ შეუძლია  პოზიტიური  შედეგები ჰქონდეს, არ მოსწონს, როცა ამას სხვა ახერხებს. მეორე მხრივ კი, ხელისუფლებამ არ იცის, რა იქნება იმ ფილმში, რომელსაც ვიღებ, ამიტომ ეს თავის დაზღვევასაც ჰგავს. წინასწარ განაცხადეს, _ ეს ბიჭი მტრებისკენ გადაიხარა, და  თუ ჩვენზე რამეს ცუდს იტყვის, ხალხს  ეცოდინება, რომ  მოღალატეაო.  მე მაინც ვფიქრობ, მიუხედავად იარლიყების მიწებებისა, ეს შეხვედრა იმისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტი სიცხადე შეგვეტანა ქართულ საინფორმაციო სივრცეში, ადამიანებისთვის კი მიგვეცა საშუალება,  ისევ დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

კომენტარები

nene (შეუმოწმებელი), დეკემბერი 22, 2009, 12:48:55

me znaurTan axlos vcxovrrobdi, chemi saxli ar dangreula magram omi saxlis dangreviT ar shemoifargleba mxolod. batono vaxo am sityvebma amaforiaqa `ჩვენი ლაპარაკი იწყებოდა რუსულად და მთავრდებოდა ქართულად. ამ ადამიანებს ჯერ კიდევ უნდათ კაგრი ურთიერთობა ქართველებთან",- me 24 clis var da rom vicode rom chems tanatolebtan ertad chemive asakis os axalgazdebs shevxdebi da sherigebas shevdzlebt, mzad var xvalve pexit chavide cxinvalshi..........

irakli (შეუმოწმებელი), ივლისი 20, 2010, 17:33:37

rac dro gadis upro vshordebit chvenive natsils,organul natsils os xalxs-(

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.