თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქალაქის მერიის საქმიანობის შესაფასებლად მუნიციპალიტეტი სოციალურ გამოკითხვებს ატარებს.
32 წლის ხათუნა კენკებაშვილს გამგეობის თანამშრომელი სახლში 30 ნოემბერს ესტუმრა. თან ორგვერდიანი კითხვარი მიუტანა, სადაც დიდად ეწერა, - "მე მიყვარს თბილისი" და რამდენიმე ათეული პუნქტი იყო შესავსები. ხათუნა კითხვარის შევსებას დათანხმდა: "თუ ხალხს რეალურად მოუსმენენ, ძალიან კარგია". თუმცა, ანკეტის გაცნობის შემდეგ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებაში მისი აზრი კი არა, მისი პოლიტიკური არჩევანი უფრო აინტერესებთ: "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკური პიარის ნაწილია".
"არჩვენები რომ მოვიდა და გიგი უგულავას რომ სჭირდება ხმები, მაშინ გავახსენდით. ასე ხდება ყოველთვის", - ამბობს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 57 წლის ლამარა, რომელმაც კითხვარის შევსებაზე უარი თქვა. ლამარას თქმით, ჩამოთვლილი პუნქტებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური რომ სოციალური საკითხებია, მერიაში ისედაც უნდა იცოდნენ. მისი აზრით, ანკეტის მთავარი კითხვაა - როგორ შეაფასებდით მერიის საქმიანობას.
მსგავსი შინაარსის კითხვარები ხშირად გამოიყენება პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ ძალების მოსასინჯად. "პოლიტიკური პარტია კვლევისას მიღებულ მონაცემებს პოლიტიკური პროგრამის ტრანსფორმირებისთვის იყენებს. მოპოვებული ინფორმაცია მას შეუძლია წინასაარჩევნო ლოზუნგების, რიტორიკის ნაწილად აქციოს", - განმარტავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
ანკეტაში, რომლის კარდაკარ დარიგება მერიის და გამგეობების თანამშრომლებმა 26 ნოემბერს დაიწყეს, ქალაქის განვითარების მიმართულებებია ჩამოთვლილი. მაგალითად: ქალაქის გამწვანება, სპორტული მოედნების მშენებლობა და სახურავების შეკეთება. კითხვარში ასევე ჩამოთვლილია ის ღონისძიებები, რომლებიც არა ქალაქის მუნიციპალიტეტის, არამედ ნაციონალური მთავრობის მიერ არის ინიცირებული, მაგალითად პენსიების გაზრდა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა, ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდები და სკოლების ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება.
კითხვარების დარიგების ოფიციალური მიზანი ქალაქის 2010 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებაა. როგორც წესი, მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს განსახილველად, საკრებულომ კი ის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს. თუმცა წელს ვადების დარღვევა თავად ქალაქის მერმა ითხოვა.
"კითხვარი თითოეულ მოქალაქემდე მიაღწევს. ისინი შეძლებენ საკუთარი აზრი დააფიქსირონ ხელისუფლების მუშაობის შესახებ და მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრონ", - ამ სიტყვებით გიგი უგულავამ ახალი ინიციატივა საკრებულოს 26 ნოემბერს გააცნო და უკვე დაგეგმილი ბიუჯეტის განხილვის 10 დღით, 6 დეკემბრამდე გადადება მოითხოვა. მოსახლეობის გამოკითხვები 5 დეკემბრამდე გრძელდება. გამოდის, რომ თბილისის საკრებულო მერიისგან 6 დეკემბერს ორ დოკუმენტს მიიღებს - დაგეგმილ ბიუჯეტს და ხალხის გამოკითხვით მიღებულ შედეგებს. თუმცა უცნობია, როგორ მოასწრებენ მერიაში კითხვარით მიღებული მონაცემების ერთ ღამეში დამუშავებას, როცა მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების შეჯამებისთვის დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო.
ამის შემდეგ საკრებულომ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები უკვე დასამტკიცებლად მომზადებულ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. ბიუჯეტის მერიის მიერ შემუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით განისაზღვრება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტში განსაკუთრებული არაფერია. მას მაგალითად მოჰყავს 2007 წლის შემოდგომა, როცა მერიამ გამოკითხვა-აქცია სახელწოდებით "ერთად დავგეგმოთ თბილისის ბიუჯეტი" ჩაატარა. მაშინ მოსახლეობა მათთვის პრობლემურ საკითხებსა და მოსაზრებებს ე.წ. "ფლაერებზე" წერდა და სხვადასხვა უბანში სპეციალურად დადგმულ ურნებში ყრიდა. მაშინაც გამოკითხვა დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს აქცია მერიის გეგმიურ საქმიანობად ჩაითვალა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალური საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციებში.
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც" აღნიშნა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ ქაროსანიძის განცხადებით, ახალი სოციალური პროექტების დაწყება ხშირად ემთხვეოდა წინასაარჩევნო პერიოდს - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაიზარდა პენსიები (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ხელისუფლება ამბობდა, რომ პენსიების სწრაფი ზრდა ვერ მოხდებოდა), ასევე გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები. იყო შეშის, გაზის, ელექტროენერგიის, წამლების ვაუჩერები. მერიამ აღადგინა მის მიერვე გაუქმებული შეღავათები ვეტერანებისთვის - უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
თამარ ქაროსანიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რისთვის გამოიყენებს ამ გამოკითხვის შედეგებს მერობის სავარაუდო კანდიდატი გიგი უგულავა - საკუთარი კამპანიის უკეთ დასაგეგმად თუ მართლაც ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად, მერიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები კანონს არ ეწინააღმდეგება: "პირდაპირ ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, თუმცა ჩვენს რეკომენდაციებში წერია, რომ საარჩევნო კამპანიის პირველ დღედ უნდა ჩაითვალოს ის დღე, როცა პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები. ასეთი განცხადება მან უკვე გააკეთა და არჩევნების დღედ 30 მაისი დაასახელა". "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ეს რეკომენდაცია აუცილებლად ჩათვალა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინ ხელისუფლებამ არჩევნების დღის დანიშვნა შეგნებულად დააგვიანა. თვითონ იცოდა, როდის აპირებდა არჩევნების დანიშვნას და წინასაარჩევნო კამპანია მანამდე დაიწყო, ვიდრე ოფიციალურად დადგინდებოდა არჩევნების დღე.
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში არჩევნებამდე 40 დღით ადრე იწყება. თუმცა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების სავარაუდო თარიღი მიხეილ სააკაშვილმა ივლისში პარლამენტში გამოსვლისას დაასახელა. ანუ, არაოფიციალურად, კამპანია უკვე რამდენიმე თვის დაწყებულია.
პროექტი "ერთად დავგეგმოთ თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი" მთლიანად ქალაქის მერიის ფინანსებით განხორციელდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა და რამდენი თანამშრომელი მონაწილეობდა ამ პროცესში, საჯაროა, თუმცა მერიის პრესსამსახურმა ვერ მოახერხა სტატიის დაბეჭდვამდე მისი "ლიბერალისთვის" მიწოდება.
კომენტარები
ნესტან თათარაშვილი (შეუმოწმებელი), დეკემბერი 22, 2009, 01:22:48
maia tsiklauri (შეუმოწმებელი), დეკემბერი 22, 2009, 15:15:15
ახალი კომენტარის გამოქვეყნება