საქართველოში მიმდინარე არჩევნების პროცესის მონიტორინგის შედეგად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ცხადი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში დარღვევები გამოწვეული იყო არა მხოლოდ კონკრეტული სამართალდარღვევებით, არამედ საკანონმდებლო ხარვეზებით, ასევე სასამართლოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო ნორმების არასწორი, ვიწრო ინტერპრეტაციით.
უკანასკნელი წლების განმავლობაში გამართულ არჩევნებზე არსებული დარღვევების აღმოფხვრისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საიამ რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. ეს მასალა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფსაც წარედგინა.
რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ყველაზე გავრცელებული პრობლემების მიხედვით დაჯგუფდა, ასე გამოიყურება:
სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეუზღუდავი მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
პრობლემის არსი: საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, გასულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი იყო. დღევანდელი კანონმდებლობით დარღვევად და, შესაბამისად, "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად" არ ითვლება საჯარო მოხელის მიერ აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო დროს; კერძოდ, როდესაც იგი უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ ფუნქციებს და როდესაც მას ამ პერიოდისათვის ანაზღაურება ეძლევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო ფუნქციის შესასრულებლად.
რაც შეეხებათ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიც არიან - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრი, საკრებულოს წევრი, გამგებელი, მერი - სრული თავისუფლება აქვთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის თვალსაზრისით.
რეკომენდაცია: ჩვენი აზრით, კანონმა ნათლად უნდა განსაზღვროს, რომ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო დროის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი, კამპანიაში მონაწილეობის მიზნით, ისარგებლებენ კუთვნილი შვებულებით.
უნდა გაიმიჯნონ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაგან წარმომადგენლობითი ორგანოს პოლიტიკური თანამდებობის პირები (პარლამენტარები, საკრებულოს წევრები) ისარგებლებენ კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის უფლებით, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს პოლიტიკური თანამდებობის პირები (პრეზიდენტი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გამგებლები და ა.შ.) კამპანიაში მონაწილეობის უფლებით გაუთანაბრდებიან რიგით საჯარო მოხელეებს.
აღნიშნული რეკომენდაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, გამგებლებს ექვემდებარებათ სახელმწიფო აპარატები, შესაბამისად, მათი გავლენა იქ დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცილებით დიდია, ვიდრე, ვთქვათ, პარლამენტის წევრებისა, რომლებიც სწორედ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ და არა სახელმწიფო აპარატს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით
სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი რესურსებით სარგებლობის პრობლემის არსი: არსებული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა დანარჩენ კანდიდატს თანაბრად მიუწვდება ხელი აღნიშნულ ადმინისტრაციულ რესურსებზე;
საიას მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო აღნიშნული ნორმის არაეფექტურობა, კერძოდ, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მმართველ პარტიას მიუწვდებოდა ხელი იმ ადმინისტრაციულ რესურსზე, რაც ოპოზიციური პარტიებისთვის მიუწვდომელი იყო. მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკურ პარტიას უარი ეთქვა თბილისის სომხური თეატრის მხრიდან დარბაზის გამოყოფაზე, იმ მოტივით, რომ "...თბილისის სომხური თეატრი ემსახურება მხოლოდ ხელოვნებას და არ სურს, რაიმე შეხება ჰქონდეს პოლიტიკასთან". თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული დარბაზი არაერთხელ დაეთმოთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს გიორგი გოგუაძეს, რუსუდან კერვალიშვილს და სხვა წარმომადგენლებს; ასევე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ეთქვა ბლოკს "ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია".
რეკომენდაცია: იმის გამო, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიებისთვის ადმინისტრაციული რესურსებით თანაბრად სარგებლობის უფლებას, მიგვაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რესურსებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უნდა აიკრძალოს.
შესაძლებელია გამონაკლისი დაწესდეს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული შენობა-ნაგებობებით სარგებლობისას, ოღონდ იმ პირობით, თუკი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ მოიპოვება სხვა შესაფერისი შენობა-ნაგებობა;
მმართველი პარტიის კანდიდატების უპირატესი მდგომარეობის პრობლემის არსი: წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საიამ გამოავლინა ათობით შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული სამუშაოს პრეზენტაციისას მმართველი პარტიის კანდიდატები საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ღონისძიებები შუქდებოდა ცენტრალური თუ ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ და შესაბამისად, დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობის მხრიდან აღიქმებოდნენ როგორც განხორციელებული სამუშაოების ინიციატორები, ან ხელისშემწყობნი, რაც თავისი არსით წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებას კონკრეტული პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ.
რეკომენდაცია:
ა. საარჩევნო კოდექსმა გაითვალისწინოს დებულება, რითაც საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს აეკრძალება სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებულ ღონისძიებებში/პრეზენტაციებში მონაწილეობა;
ბ. თავის მხრივ, თანამდებობის პირებს/საჯარო მოხელეებს აეკრძალოთ სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებული სამუშაოების პრეზენტაცია საარჩევნო სუბიექტების თანხლებით.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება