• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ის, რაც აუცილებელია საარჩევნო გარემოს შესაცვლელად

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციები

 

ამომრჩევლის მოსყიდვა

პრობლემის არსი: საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება (გარდა სააგიტაციო მასალისა), აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.

აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, საიამ გაასაჩივრა არაერთი ფაქტი, რეგისტრირებული სუბიექტების მიერ მოქალაქეთათვის ფასიანი საჩუქრების გადაცემის, ან მომსახურების გაწევის შესახებ, თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვების დაპატიჟება კინოთეატრში, მოქალაქეთათვის მცირე ღირებულების მქონე საჩუქრებისა თუ სუვენირების გადაცემა არ წარმოადგენს კანონით აკრძალულ საქმიანობას.

რეკომენდაცია: მიგვაჩნია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მომსახურების გაწევა, მიუხედავად მათი ღირებულებისა, რადგან ასეთი ფაქტები უკანონო გავლენას ახდენს მოქალაქეთა ნების ჩამოყალიბებაზე.

პასუხისმგებლობის ზომების დაწესება საარჩევნო სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ

პრობლემის არსი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი გარკვეულ შემთხვევებში ადგენს, რომ საარჩევნო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დამრღვევს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა" დაეკისრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს აღნიშნული ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომებს, რაც გამორიცხავს სამართალდამრღვევი პირის ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას ჩადენილი სამართალდარღვევის გამო.

რეკომენდაცია: საქართველოს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს  საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ან სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციულ, თუ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამ რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია დამკვირვებლებისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის, შემაჯამებელი ოქმების გაუცემლობის და ბიულეტენების საარჩევნო ყუთში უკანონოდ ჩაყრის ფაქტების კრიმინალიზაცია, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები წარმოადგენენ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს.

სპეციალური საარჩევნო უბნების შემცირება

დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაციის თანახმად,  სპეციალურ საარჩევნო უბნებზე ხმას არა მარტო "სამხედრო პირები" აძლევენ, არამედ პოლიციელებიც და სამართალდამცავი უწყების რიგითი თანამშრომლებიც კი, რაც ხელოვნურად ზრდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების ამომრჩეველთა რიცხვს.

რეკომენდაცია: საქართველოს საარჩევნო კოდექსმა ცალსახად უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური უბნები იქმნება მხოლოდ სამხედრო სამსახურში მყოფი იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებსაც სამსახურებრივი ვალდებულების გამო არ შეუძლიათ დატოვონ  დისლოკაციის ადგილი, რათა თავიდან ავიცილოთ თავდაცვის, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული არასამხედრო მოქალაქეების, თუ პოლიციელების არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური უბნების მეშვეობით.

მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი მიეცეს სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი და სადაც იგი იხდის არანაკლებ ორწლიანი ვადით და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს.

აღნიშნული წესი გამორიცხავს არჩევნებამდე ნებისმიერი დღით ადრე სამხედრო ნაწილების სხვადასხვა ოლქებში ხელოვნურად გადაადგილებისა და მათი ხმებით მანიპულირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული მოსაზრებები ნაწილია იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ  ახალ საარჩევნო კოდექსში იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველჰყონ ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობები ექნება, ხოლო სამართალდამრღვევის მიმართ იარსებებს პასუხისმგებლობის სათანადო ზომები.

საიას ასევე  მიაჩნია, რომ მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები არ არის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტია, ვინაიდან, სრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია სამართლებრივი ნორმებით მანიპულირება, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სტანდარტებით წარმართვის ნება.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.