Skip to content

ავტორიზაცია

ეთიკის ქარტია ამოქმედდა


 თემო ბარძიმაშვილი
4 დეკემბერს მედიის 140-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და აირჩია საბჭო, რომელიც საზოგადოებისგან მიღებულ საჩივრებს განიხილავს და ამ ფორმით გააკონტროლებს, რამდენად იცავენ ხელმომწერი ჟურნალისტები ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ეს მედიის თვითრეგულირების მესამე მცდელობაა. ამჯერად ქარტიის ტექსტი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან წლინახევრიანი კონსულტაციებისა და ქართველ ჟურნალისტებთან რეგულარული შეხვედრების შედეგად დაიწერა.

ქარტიის თითოეული ხელმომწერი მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა ორგანიზაციას. ამით იზრდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხარისხი და ხელმოწერა არ კარგავს აზრს არც იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტი სამუშაო ადგილს იცვლის.

ქართული მედიის თვითრეგულირების მექანიზმს პირველად ეყოლება მხოლოდ ჟურნალისტებით დაკომპლექტებული საბჭო. 9 ადგილი საბჭოში ახლა ასე გადანაწილდა: 6 წევრი რეგიონული მედიიდან აირჩიეს, 3 კი - თბილისიდან.

თბილისიდან საბჭოს წევრები გახდნენ: სტუდია "მონიტორის" დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი, გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთი რედაქტორი, ელისო ჩაფიძე და კავკასიის მედიასკოლის დეკანი ლია ჩახუნაშვილი. რეგიონებს კი საბჭოში წარმოადგენენ: გაზეთ "ბათუმელებიდან" ეთერ თურაძე და თედო ჯორბენაძე, "25-ე არხიდან" მერაბ მერკვილაძე, ქუთაისის გამოცემა "ახალი გაზეთის" ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი, რადიო "ჰერეთის" წარმომადგენელი ხათუნა გოგაშვილი და ირაკლი აბსანძე ფოთიდან.

ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი კანდიდატურა იმ მოტივით მოხსნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.

"მგონი, ავირჩიეთ ისეთი საბჭო, როგორზეც შეიძლება, ვერც მეოცნება", - აცხადებდა არჩევნების დასრულების შემდეგ ია ანთაძე. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ საბჭო ზუსტად იმ ადამიანებით დაკომპლექტდა, რომელთა პროფესიონალიზმსა და გამბედაობაში საზოგადოებას ეჭვი არ შეეპარება. მათი ვარაუდით, საბჭოს მიმართ ნდობა ისეთი მაღალი იქნება, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოება ჟურნალისტების ყველა შეცდომას გამოეხმაურება.

140 ჟურნალისტს შორის უმრავლესობა რეგიონული მედიის წარმომადგენელია. მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანმა მოაწერა ხელი წამყვანი ნაციონალური არხებიდან. ია ანთაძე ამბობს, რომ ამით "რუსთავი 2" და "იმედი" ქარტიას არც გაემიჯნენ, მაგრამ ჯერჯერობით არც უერთდებიან. რეალურად კი, ანთაძის თქმით, ქარტიის ასოციაცია ერთმანეთისგან გამიჯნავს პასუხისმგებლობიან და უპასუხისმგებლო მედიას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლებას. პროფესიული სტანდარტი - ეს ის კატეგორიაა, რომელსაც ჩვენთან მართლაც უამრავი პრობლემა აქვს. ეს პრობლემები, შესაძლოა, მედიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე არც იმდენად მნიშვნელოვანი ჩანდეს, მაგრამ მაინც დროულად მოსაგვარებელია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მცდელობა იქნება.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.