1 დეკემბერს, მოგეხსენებათ, კალენდარული ზამთარი დაიწყო. თუმცა, "სეზონის შეცვლა" არა მხოლოდ კალენდარული საზომით მოხდა. სწორედ ამ დღეს ქვეყნის ეკონომიკის ორ უმნიშვნელოვანეს სეგმენტზე "ძველი დრო დაბრუნდა": ერთგან უწინდელი სცენარით ინტეგრაცია განხორციელდა (ეროვნული ბანკი და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო კვლავ ერთ უწყებად გაერთიანდა), მეორეგან კი - დეზინტეგრაცია (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საფინანსო პოლიცია გამოეყო და კვლაც ცალკე ერთეულად იარსებებს).
როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად, ორივე ცვლილება ეკონომიკური პეიზაჟის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს. პრაქტიკულად, წარუმატებლადაა გამოცხადებული და გაუქმებულია ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ლიბერალიზაციის დროშით ამ სფეროებში ბოლო წლებში მიმდინარეობდა.
პოსტრევოლუციური წლების განმავლობაში გეგმაზომიერად გამოხშირული და დასუსტებული ეროვნული ბანკი ძველი პოზიციების დაბრუნებას იწყებს. არცთუ დიდი ხნის წინ ის ლამის ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დონემდე იყო ჩამოქვეითებული და წელიწად-ნახევრის განმავლობაში სულაც პრეზიდენტის გარეშე იარსება. ახლა კი, კანონის ახალი რედაქციის თანახმად, ის იმაზე მეტად ძლიერდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა; კერძოდ, ეროვნული ბანკი გახდა კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ასევე, სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების საზედამხედველო ორგანო, ანუ საფინანსო ბაზრის მეგარეგულატორი.
თუმცა ამით მისი გაძლიერების კამპანია არ სრულდება. დეველოპერების ნაწილის ინიციატივაა, ეროვნულმა ბანკმა კონტროლი სამშენებლო სექტორსაც გაუწიოს. მართალია, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი ქვეყნის საფინანსო ხელისუფლებაში თავის ადგილს იბრუნებს და ეს ნამდვილად არ არის ურიგო გადაწყვეტილება, რასაც ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით მეორე სტრუქტურულ რეფორმაზე - ფინანსური პოლიციის სრულფასოვან რეინკარნაციაზე.
ფინანსური პოლიცია 2007 წელს გაუქმდა და ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურად საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებთან ერთად "გამოიძერწა". მაშინ ეს რეფორმა უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად შეირაცხა, რადგან გადამხდელს, სამის მაგივრად, ერთ უწყებასთან ურთიერთობის ფუფუნება მისცა. გარდა ამისა, აშკარა იყო ფინანსური პოლიციის უკიდურესად ნეგატიური იმიჯი და საქმიანობის პრაქტიკა, რომელიც ხშირად აღარანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ასე რომ, მისი ცალკე არსებული სახით გაუქმება ერთნიშნად პოზიტიურად იყო აღქმული. თუმცა, გაუქმებიდან ორ წელიწადში ხელისუფლებამ ისევ ძველი მოდელის დაბრუნება არჩია.
ამჟამინდელი გადაწყვეტილებით, ფინანსურ პოლიციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეწოდა და გადაწყდა, რომ მას ეყოლება სპეცდანიშნულების რაზმი და ექნება ფიზიკური იძულებისა და სპეცსაშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება; პირების დაკავებისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, დაუბრკოლებლად შევა ბინებში და ორგანიზაციების შენობებში; განახორციელებს შემოწმების პროცედურებს დასახლებულ პუნქტებში, მაგისტრალებსა და ტერიტორიულ წყლებში; შექმნის კონსპირაციული თანამშრომლების ქსელს და ა.შ.
ერთი სიტყვით, ფინანსური პოლიცია აღდგა სწორედ იმ თავზარდამცემი ფორმით, რომლის მიუღებლობაც გარკვეულწილად საფუძვლად დაედო მისი გაუქმების თაობაზე 2007 წლის გადაწყვეტილებას. ქვეყანაში აგრესიული ფინანსური პოლიციის აღდგენის გადაწყვეტილება პოზიტიურად არ მიუღიათ; მით უფრო, რომ მისი საქმიანობის შესახებ არცთუ სახარბიელო მოგონებები არსებობს. სახელმწიფო კი ნოვატორულ ლიბერტარიანულ იდეებს აფრქვევს და ბიზნესთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებას ზეიმობს.
გასაკვირი არ არის, რომ საგადასახადო პოლიციის იმიჯი განისაზღვრება სწორედ იმ ხისტი და სწორხაზოვანი ეგზეკუციებით, რომლებსაც ეს სამსახური 2004-2006 წლებში იყენებდა. მაშინ გადასახადის დამალვაში ეჭვმიტანილ ადამიანთა ბინებსა თუ ოფისებში შეიარაღებული ნიღბიანების შეჭრა, ცემა-ტყეპა და სრული განუკითხაობა სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
დღეს ბიზნესისთვის ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ სახელგადარქმეული ფინანსური პოლიციის ფუნქცია, პრაქტიკულად, იგივე დარჩება, ოღონდ - გაცილებით მეტი ძალაუფლებით. და რაც არანაკლებ დამაფიქრებელია, ეს არის ის ზოგადი ფონი, რომელზეც ფინანსური პოლიციის ხელახალი აღზევება ხდება.
შემოსავლების სამსახური დღეს, პრაქტიკულად, ყველა მოქმედ კომპანიას ამოწმებს და მილიონებიან ჯარიმას პანტაპუნტით არიცხავს.
ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურმა არაერთი მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმები დააკისრა კომპანია "თბილისის აეროპორტის" ოპერატორ "ტავ ჯორჯიას" (53 მილიონი ლარი), "ნიკორას" (15 მილიონი), "ფეროს" (10 მილიონი), "ელიტ ელექტრონიქსს" (7 მილიონი), "ყაზბეგს" (3,5 მილიონი), "პეპსის" (2 მილიონი), ასევე - ბევრ სხვასაც.
მსხვილ ბიზნესზე გადასახადების ამოსაღებად მიმართული იერიშის დაწყების პირველი ნიშანი იყო "ელიტ ელექტრონიქსის" სავაჭრო ობიექტებიდან ფულის ამოღების ოპერაცია წელს აგვისტოში. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავა მიმდინარეობს სწორედ ფინანსური პოლიციის მიერ 2007 წელს დარიცხულ 7 მილიონ ლარზე. წელს, აგვისტოში სახელმწიფომ კომპანიიდან ფულის ამოღება მაშინ დაიწყო, როცა ამ საკითხზე სასამართლო პროცესები ჯერაც არ იყო დასრულებული.
აგორებული ტალღა ნელ-ნელა ყველას მისწვდა: „ელიტ ელექტრონიქსის" შემდეგ საგადასახადო სამსახური საიუველირო მაღაზიების ქსელებში შევიდა. შედარებით უხმაუროდ ჩაიარა რეიდებმა რესტორნებსა და კაზინოებში. სამაგიეროდ, იოლი შესამჩნევი გახდა მაღაზიების და ბაზრობების შემოწმება, რადგან ეს რეიდები რამდენიმე მათგანის დაკეტვით დასრულდა. "მეგალაინის", "კიდობნის", "პანდას", "ჯი-თი-სი"-ს, ასევე ლილოს და ელიავას ბაზრობების სავაჭრო ქსელებში მაღაზიების ნაწილი დღესაც დალუქულია. ზოგმა კი ისე დაასრულა არსებობა, რომ გახსნა აღარასდროს ეღირსება. ცალკე საუბრის თემაა შემოსავლების სამსახურის მიერ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების შემოწმება, რომელზეც მხარეები ჯერ მხოლოდ ზეპირ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა, საქმე აქაც მრავალმილიონიან განზომილებაში გადადის.
და სწორედ ახლა, სწორედ ასეთ ფონზე ხდება ფინანსური პოლიციის აღდგენა იმ უფლებებით და შესაძლებლობებით, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. ცხადია, რომ ეს ფაქტი ღიად მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, უფრო მკაცრად მოახდინოს საგადასახადო ადმინისტრირება და კრიზისის პირობებშიც მაქსიმუმი ამოიღოს საქმიანი ველიდან. თუმცა, ალბათ არც ის უნდა იყოს რთული დასანახი, რომ უკიდეგანოდ ძლიერი ფინანსური პოლიცია არ არის საუკეთესო გზა საგადასახადო შემოსავლების გასაზრდელად, მით უფრო მაშინ, როცა ბიზნეს-აქტივობა დღითი დღე იკლებს.
მუდმივი კამათი თემაზე, კარგია თუ ცუდი საქართველოს საგადასახადო გარემო, საბოლოოდ ორი ფაქტის კონსტატაციამდე მიდის: გადასახადების ოდენობა და განაკვეთები ძალიან კარგია, დაბეგვრის ტექნოლოგია და აღსრულება კი - საშინელი. კარგი საგადასახადო კოდექსი ჩინოვნიკური განმარტებების შედეგად იმდენად მძიმე და გადაულახავი ხდება, რომ მისი თავდაპირველი ღირსებებიდან პრაქტიკაში ბევრი აღარაფერი რჩება.
ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი მაგალითი: საგადასახადო კოდექსის ახალი განმარტების მიხედვით, კომპანიას ვადაგადაცილებული ან გაფუჭებული პროდუქტის ჩამოწერის შესაძლებლობა აღარ აქვს. შესაბამისად, ის ვალდებულია, ასეთი პროდუქტი შემოსავალში აჩვენოს და მოგების გადასახადი გადაიხადოს, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას მძიმე ტვირთად აწვება. გადაახდევინო მეწარმეს მოგების გადასახადი იმაში, რაშიც, არათუ მოგება არ უნახავს, პირიქით - ზარალი განიცადა, უსამართლო მოთხოვნაა.
ეს, ფაქტობრივად, სახელმწიფოსგან სანქცირებული რეკეტია, რომელიც კანონის დონეზეა აყვანილი. კომპანიას კი მასთან ბრძოლის არანაირი ბერკეტი არ აქვს - სახელმწიფო ამ ფულს მაინც აუცილებლად წაიღებს. მით უფრო ამიერიდან, როცა ამ "წმინდა საქმეს" კვლავაც ფინანსური პოლიცია შეასრულებს - ახალი სახელით და გაფართოებული უფლებებით.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება