Skip to content

ავტორიზაცია

14 კითხვა მთავრობას, 27 - პატრიარქს


სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლებასა და პატრიარქს იმ შეკითხვების ჩამონათვალი გადასცა, რომელზე პასუხიც, მათი აზრით, ლუსტრაციის დასაწყისი გახდება.

 თემო ბარძიმაშვილი
ბექა მინდიაშვილი, თეა თუთბერიძე, დავით ამირეჯიბი, ვასილ კობახიძე, ოთარ ქაშაკაშვილი და კიდევ 230 ადამიანი ხელს აწერს  შეკითხვებს, რომლებზე საჯარო მსჯელობაც ქართული პოლიტიკური და რელიგიური რეალობის საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების წინაპირობა უნდა გახდეს.

თეა თუთბერიძე ამბობს, რომ შეკითხვების საფუძველი გახდა უშიშროების არქივებიდან ამოღებული მასალა, რომელიც მას მიაწოდეს. თუთბერიძის  თქმით, კითხვების ჩამონათვალი რამდენიმე ვებგვერდზე იყო განთავსებული და ხელმოწერებიც იქვე გაკეთდა.

ადრესატებთან კითხვარის მიტანამდე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო პეტრიწის ძეგლთან (ბარათაშვილის ქუჩაზე), სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები ცდილობდნენ, ხმამაღლა წაეკითხათ კითხვები.  აქციაზე მისული რამდენიმე ადამიანი კი მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. ისინი ამბობდნენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი არიან.

ხელისუფლების მიმართ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, საინიციატივო ჯგუფის აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის. "ვთვლით, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებთან. ჩვენ, მოქალაქეები შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით", - ნათქვამია მიმართვაში.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით,  ეკლესიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ამ საკითხებზე საჯარო მსჯელობით საფუძველი უნდა დაუდოს ქართული პოლიტიკისა და რელიგიური რეალობის საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას, ლუსტრაციის პროცესის დაწყებას.

საპატრიარქოში შეკითხვებზე პასუხების გაცემას არ აპირებენ. "შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ მასზე პასუხების გაცემას", - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა დავით შარაშენიძე.

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის დასმულ შეკითხვებს პირადად მიხეილ სააკაშვილი  უპასუხებს.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.