ახალი სახალხო დამცველის პირველი ანგარიში, რომელიც 2009 წლის პირველ ნახევარს მოიცავდა, პარლამენტმა ცნობად მიიღო. ანგარიშს პარლამენტი დაახლოებით სამი საათი უსმენდა. ტუღუშმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მედიის თავისუფლებაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, "საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია- საშუალებები, მაგრამ არსებობს მედიასაშუალებები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს ბადებენ". თუმცა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.
ომბუდსმენმა თავის ანგარიშში მოითხოვა პატიმრების ტელევიზორებით უზრუნველყოფა. ამ საკითხზე ტუღუშისა და უმრავლესობის აზრი განსხვავებული აღმოჩნდა. ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ შესაძლოა, პარლამენტი 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშსაც მიუბრუნდეს და პლენარულ სხდომაზე მოისმინოს, რადგან სახალხო დამცველის მოხსენება აქამდე სათანადოდ არ განხილულა. "თუმცა ეს შეთანხმების საგანია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოხსენების დასრულების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა ომბუდსმენის ანგარიშს დაუბალანსებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მასში ხელისუფლების არც ერთი მიღწევა ნახსენები არ იყო. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის აზრით, პარლამენტმა "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვას წერტილი სახალხო დამცველის ანგარიშის მხოლოდ ცნობად მიღების ფაქტს". მან საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, რომ "ომბუდსმენის მოხსენებაში ნახსენები საკითხების გამოკვლევა პარლამენტმა კომპეტენტურ ორგანოებს დაავალოს".
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება