ცხინვალში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ბოლო ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. ერგნეთში მობრუნებულმა კომისარმა განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში აღარ ჩავა და მოლაპარაკებებს მხოლოდ ტელეფონით გააგრძელებს. მისი თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ გააკეთოს ან გადასცეს უპასუხისმგებლო განცხადებები მედიით, რადგან ახლა მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა".
კოკოითიმ ჰამარბერგისთვის მიცემული პირობა დაარღვია და პატიმრობაში მყოფი ტირძნისელი მოზარდები არ გაათავისუფლა. მას 10-დღიანი ვადა ჰქონდა შეწყალების აქტის გამოსაშვებად. ეს ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. კოკოითი ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების "უპასუხისმგებლო" განცხადებებს ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის გამო, შეწყალების უფლებას არ გამოიყენებს.
დე ფაქტო ხელისუფლება ორივე მხარეს დაკავებული პირების გაცვლას ითხოვს პრინციპით - "ყველა ყველაზე". მათი მოთხოვნა უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებაცაა.
ცხინვალის ცნობით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების საქმის შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნას გეგმავს.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება