Skip to content

ავტორიზაცია

საჩვენებელი ავტონომია


აჭარის სუსტი ავტონომიური სტატუსის მიუხედავად, მის გაუქმებას ხელისუფლება არ აპირებს. აგვისტოს ომის შემდეგაც მთავრობაში ფიქრობენ, რომ აჭარის ავტონომია აფხაზეთისა და ოსეთისთვის საქართველოსთან გაერთიანების სამაგალითო მოდელია.
 ლევან კაკაბაძე

შავ ზღვაში მალე ქაფშიის სეზონი დაიწყება და ბათუმელმა მეთევზეებმა კვლავ დედაქალაქს უნდა მიაკითხონ იმისათვის, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსგან თევზჭერის ნებართვა მიიღონ. ის, რომ ბათუმი აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია, 103-მილიონიანი ბიუჯეტით, რამდენიმე სამინისტროთი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარით, საკანონმდებლო ორგანოთი და გარემოს დაცვის სამმართველოთი, ამ ქალაქში მცხოვრები მეთევზეების პრობლემებს ვერ ჭრის. საქართველოს კონსტიტუციით, გარემოს დაცვის საკითხები, მათ შორის თევზჭერის ნებართვების გაცემაც, ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.

აჭარაში ავტონომიის საკითხზე დისკუსია მხოლოდ საყოფაცხოვრებო პრობლემების ირგვლივ იწყება - ჩნდება კითხვა, რაში სჭირდებათ აჭარელებს ავტონომიის სტატუსი, თუკი ისეთი მარტივი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც თევზჭერის ლიცენზიაა, მაინც თბილისში უწევთ ჩასვლა. თუმცა, ეს საუბრები დიდ პოლიტიკურ დისკურსში აღარ გადადის.

90-იანი წლების შემდეგ ბოლო დიდი მოძრაობა, აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით, 2004 წელს დაიწყო, როცა ე.წ. "მეორე ვარდების რევოლუციის" გზით აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლება შეიცვალა. კობა დავითაშვილმა, მაშინ "კონსერვატიული" და ამჟამად "ხალხის პარტიის" ლიდერმა, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პლებისციტის ჩასატარებლად. საერთო სახალხო გამოკითხვაში აჭარის მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე - "გსურთ თუ არა ავტონომიის გაუქმება?"

დავითაშვილი იხსენებს, რომ მაშინ 70 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პრეზიდენტის კანცელარიაში მიიტანა: "ხელმოწერები სანაგვეში გადაყარეს". პლებისციტი არ ჩატარებულა.

"ხუთი წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ასე ვფიქრობ - ქართველებს არ სჭირდებათ ავტონომია საქართველოში. კულტურული ავტონომია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს სჭირდება, რომ ეთნიკური იდენტურობა შეინარჩუნონ", - ამბობს დავითაშვილი.

აჭარის ავტონომია, რომელიც 1921 წელს ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, ქართველი მუსლიმების უფლებების გარანტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, თანამედროვე სამყაროში რელიგიური ნიშნით ავტონომიები არ იქმნება, რადგან დემოკრატიულ  ქვეყნებში აღმსარებლობის თავისუფლება  კონსტიტუციითაა გარანტირებული. ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, აჭარაში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მასალკინი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით, აჭარის ავტონომია უნიკალურია: "ესაა ტიპური საბჭოთა მოვლენა, მეორე ასეთი ავტონომია არის მხოლოდ რუსეთის პროვინციაში - ებრაელების ავტონომია, თუმცა იქ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია ებრაელი".

თუმცა, როცა საკითხი რელიგიური პრინციპით შექმნილი ავტონომიის გაუქმებას ეხება, მასალკინი მაინც სიფრთხილის მომხრეა. მისი თქმით, როცა ქვეყანაში ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე და ქვეყანა ფაქტობრივად არ არის სეკულარული, ავტონომიის გაუქმების იდეამ შეიძლება მუსლიმები შეაშინოს. "პლებისციტი რომც ჩატარდეს, შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. როდესაც ჩამოდის თბილისელი სტუმარი, პოლიტიკოსი, ის ხედავს ბათუმს, მაგრამ თუ შორს წავა - მაღალმთიან აჭარაში, ის უფრო მეტ მეჩეთს და მინარეთს დაინახავს", - ამბობს გიორგი მასალკინი. 2002 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აჭარაში 115 ათასი მუსლიმი ცხოვრობს. თუმცა, ამ გრაფის შევსება ნებაყოფლობითი იყო.

ყარსის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ბევრი ამ დოკუმენტს ძალადაკარგულად მიიჩნევს, ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს კი ავტონომიის გაუქმების ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად სწორედ ყარსის ხელშეკრულება მიაჩნია. ის ამბობს, რომ საქართველო ცალმხრივად, თურქეთთან კონსულტაციების გარეშე, ავტონომიას ვერ გააუქმებს: "საქართველო-თურქეთის ყოვლისმომცველ ჩარჩო-ხელშეკრულებაში, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიდო, როცა ორ ქვეყანას შორის მყარდებოდა მეგობრული ურთიერთობები, ყარსის ხელშეკრულება მოხსენიებულია. აქედან გამომდინარე, მისი იგნორირება არ შეიძლება".

გეგეშიძის თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ამ საკითხში თურქეთის პოზიცია: "ვერ გეტყვით, თურქეთი რა პრობლემას შექმნის, მაგრამ ჩვენი მეზობელი იმ პოტენციის ქვეყანაა და საქართველოზე ზემოქმედების იმდენი ბერკეტი აქვს, განწყობაც რომ გვაგრძნობინოს ამ მიმართებით უარყოფითი, აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში".

როცა ავტონომიის გაუქმების საკითხზე საუბრობენ, ყარსის ხელშეკრულებაზე მეტად აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთსა და ოსეთს ახსენებენ. შენობაში, რომლის კედლებზე სხვადასხვა ქვეყნის რეგიონული პარლამენტების ფოტოებია გამოკრული, დღემდე მიაჩნიათ, რომ ამ კონფლიქტების მოგვარებამდე  აჭარის ავტონომიის გაუქმება და ამ თემაზე საუბარიც კი დაუშვებელია. ისინი არ აპირებენ, მოსახლეობას ჰკითხონ, სურთ თუ არა ავტონომია, რომლის ნაკლებადქმედითი ადმინისტრაციის შესანახად (უმაღლესი საბჭო, სამინისტროები, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, აპარატი) 30 მილიონი იხარჯება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს ტერიტორიები - აფხაზეთი და ოსეთი, აჭარის ავტონომიის არსებობა მიზანშეწონილია. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მასშტაბით მოლაპარაკების წარმოების დროს, ვაჩვენოთ ჩვენ მაგალითზე, ტერიტორიული მოწყობის როგორი პრინციპი შეიძლება არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ავტონომია მანამდეა საჭირო, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და შემდეგ უკვე მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება", - ამბობს დეპუტატი მმართველი პარტიიდან მურმან ბერიძე. ამავე მოსაზრებას იზიარებენ "ლიბერალთან" საუბარში დეპუტატები გელა ცხომელიძე და ზაზა გოგოტიშვილი.

"ძნელია, ევროპელებს აუხსნა, რომ აჭარის ავტონომია სხვა არის და ამიტომ გავაუქმებთ, ხოლო  აფხაზეთის  - სხვა. შეიძლება ამას ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს: აჭარას წაართვეს ავტონომია და აფხაზეთს რა უნდა მისცენ?" - ამბობს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე "ნაციონალური მოძრაობიდან".

კონფლიქტოლოგი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში აჭარის ავტონომიის თემით მანიპულაცია თავიდანვე შეცდომა იყო: "როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ხელახლა დაწერა საკონსტიტუციო კანონი აჭარის ავტონომიის შესახებ, მაშინ ბატონმა სააკაშვილმა ეს საქართველოს ფედერაციული მოწყობის საუკეთესო ფორმად დაასახელა. ამან ძალიან გამაღიზიანებლად იმოქმედა სოხუმზეც და ცხინვალზეც. ჩემი აზრით, ეს არასწორი მაგალითი იყო.  ბატონმა სააკაშვილმა ეს შეცდომა გაიმეორა პარლამენტში, როცა შემაჯამებელი გამოსვლა ჰქონდა - წარმატებული კანონპროექტების ჩამონათვალი მოიყვანა და ისევ ეს საკონსტიტუციო კანონი ახსენა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არის მშვენიერი მაგალითი აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ვფიქრობ, 2008 წლის შემდეგ საქმე უკვე მოუგვარებელ კონფლიქტებთან გვაქვს. არ მგონია, რომ აჭარის მოსახლეობა ავტონომიის გაუქმებისთვის მათ მოგვარებას უნდა ელოდოს".

ექსპერტ არჩილ გეგეშიძის თქმით,  ქართული მხარე, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ცდილობდა, რომ აჭარის ავტონომიის არსებობა გამოეყენებინა კონფლიქტის მხარეებთან მოლაპარაკებებში. თუმცა არც ოსური, და მით უფრო არც აფხაზური მხარე ამას სერიოზულად არასოდეს აღიქვამდა:  "აფხაზეთი თვლიდა, რომ ეს არის ფიქცია და ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი ქართული მხარის ხელში. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დამოუკიდებლობა და აჭარის ავტონომია, რაც უნდა მაღალი ავტონომიურობის ხარისხი ჰქონდეს მას, უკვე 10 წელია, აფხაზებისთვის არგუმენტი აღარ არის".

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიას საჩვენებელი მისია აკისრია, მისი სტატუსი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანდათანობით სუსტდება.

საერთაშორისო ინსტიტუტები, ოპოზიცია და ექსპერტები, ავტონომიის მმართველობის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს მიირჩევენ. თავმჯდომარის კანდიდატურას პირდაპირ პრეზიდენტი წარადგენს. შემდეგ მას აჭარის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ წელს ლევან ვარშალომიძე მეორე ვადით წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს, საბჭომ ის ერთხმად დაამტკიცა თავმჯდომარის პოსტზე.

აჭარის ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ორჯერ რომ ჩაეგდო სააკაშვილის კანდიდატურა, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, დაეთხოვა აჭარის უმაღლესი საბჭო. ამ უფლებას პრეზიდენტს "აჭარის შესახებ საკონსტიტუციო კანონი" ანიჭებს. ეს კანონი 2008 წელს მიღებულ აჭარის კონსტიტუციაზე ზემდგომი დოკუმენტია, თუმცა  ავტონომიის  კონსტიტუციაც სიტყვასიტყვით ამასვე იმეორებს.

2004 წელს ვენეციის კომისიამ კანონპროექტის ამ მუხლის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტის ასეთი როლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიულობის ხარისხს და ავტონომიის სტატუსს. ვენეციის კომისიის ეს შენიშვნა (ისევე, როგორც ავტონომიის გასაძლიერებლად საჭირო სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები), საქართველოს ხელისუფლებამ არ  გაითვალისწინა  საკონსტიტუციო კანონში.

"მე მესმის, რომ არაა აუცილებელი აჭარის მოსახლეობამ აირჩიოს პირდაპირი წესით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის პრეროგატივა უმაღლეს საბჭოს? ის ხომ არჩევითი ორგანოა?" - სვამს კითხვას გიორგი მასალკინი და დასძენს, რომ ეს არის ხალხისადმი უნდობლობის გამოხატვა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე ამ სისტემაზე საუბრისას "უნდობლობის"  ნაცვლად "თავის დაზღვევას" ახსენებს: "ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რა ფონზე ვართ მოსულები. დღესაც უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ  სისხლი არ დაიღვარა და ისე შეიცვალა ძველი (აბაშიძის) რეჟიმი. ვიდრე ქვეყანა სტაბილური არ გახდება, ცენტრალურ ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტი სჭირდება".

მიხეილ მახარაძე, რომელიც უკვე მეორედ არის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფილოსოფოსი  და თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. 2004 წლამდე ის ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის საწინააღმდეგო სტატიებს და აჭარაში პერსონა ნონ-გრატა იყო.  სტატიებში მახარაძე ავტონომიის გაუქმებასაც ითხოვდა, თუმცა ახლა ამ საკითხზე აზრი შეიცვალა. "მაშინ ხომ ამ სავარძელში არ ვიჯექი? - იცინის და ამატებს, - საქმე ის არის, რომ არსებითი განსხვავებაა იმ საბჭოურ ავტონომიას, რომელიც, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დღევანდელ ავტონომიას შორის".

"ლიბერალთან" 15-წუთიანი ინტერვიუს დროს მახარაძე  აჭარას რეგიონად მოიხსენიებს და ერთხელაც არ ახსენებს მას, როგორც ავტონომიას: "იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, ვფიქრობ, ეს მეორეხარისხოვანია, ასე ვთქვათ, ჩემთვის. ამაზე აქცენტირებით დიდი საქმე არ გავაფუჭოთ", - ამბობს იგი. თუმცა, რა არის ეს დიდი საქმე, ამის დაკონკრეტება მახარაძეს არ სურს.

საქართველოს პარლამენტი კი მალე იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს, რის პროექტიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ ცენტრალურ ხელისუფლებას 2007 წელს გაუგზავნა. თუ პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, შესაძლოა, აჭარელ მეთევზეებს ქაფშიობის მომავალ სეზონზე ნებართვის ბათუმშივე აღების უფლება მიეცეთ.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.