საზოგადოების დაინტერესება მაუწყებლის მესაკუთრის ვინაობით ბუნებრივია, მაგრამ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის ამის გამო მესაკუთრის უფლების აკრძალვა, ვფიქრობ, სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.
საქართველოს კანონმდებლობა ზომიერად ისედაც ზღუდავს მედიამფლობელების გარკვეულ კატეგორიებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობა შეზღუდული აქვთ: ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს/თანამშრომელს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირს, პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს. ამ სიას რომც დაუმატოთ ოფშორული ზონები, მედიამფლობელების სრული 100%-იანი გამჭვირვალობა მაინც ვერ იქნება მიღწეული.
თუ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საწარმოს კანონი აუკრძალავს სამაუწყებლო ლიცენზიის აღებას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნებს შვილობილ კომპანიას საქართველოში, რომელიც თავის მხრივ დააფუძნებს მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. ამ პირამიდაში ყველაზე ბოლოს დაფუძნებული საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი აიღებს სამაუწყებლო ლიცენზიას, კანონის სრული დაცვით. კანონი ამ ქმედებით არ დაირღვევა და საბოლოოდ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია იქნება.
ანუ ბუნდოვანია, უკუსვლით რამდენი ეტაპით უკან უნდა გადავიდეთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რომელი კომპანია არის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული, და ვინ არის რეალური მფლობელი. თუ მთავარი ის არის, ვიცოდეთ, ვინ არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული პირების მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობის აკრძალვა ამ მიზანს ვერ მიგვაღწევინებს.
პირის დაინტერესების შემთხვევაში, მას მაინც შეეძლება დაფაროს მისი კავშირი რომელიმე მედიასთან. ნებისმიერი შეზღუდვა კი, როგორც ცნობილია, იწვევს ალტერნატიული გამოსავლის, ხერხის, საშუალების ძიებას.
საკითხის ხისტად მიდგომით მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცვლილებები შევა არა მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ კანონში, არამედ თუ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოში საერთოდ აეკრძალებათ წილების ფლობა და სამეწარმეო საქმიანობა. მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია აქ ზომიერების დაცვა, პროპორციულობის უზრუნველყოფა, რათა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებმა არ ხელყონ თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის საშუალება. პრობლემა მხოლოდ სამართლებრივი რეგლამენტაცია როდია. იმისთვის, რომ მედიაში გამჭვირვალობა 100 და მეტი პირით უკუსვლით ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს აუკრძალო, საქართველოში ყველა საწარმოს, რომელიც სააქციო საზოგადოების ფორმით იქნება ჩამოყალიბებული, უნდა აუკრძალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობებში მონაწილეობაც. წარმოვიდგინოთ, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ვიღაცამ იყიდა ქართული კომპანიის აქციები. სახელმწიფომ როგორ უნდა აკონტროლოს ვინ არის თითოეული აქციის მყიდველი? ამის ბერკეტი არ არსებობს. გამოდის, რომ ყველა სააქციო საზოგადოება უნდა შემოიფარგლოს საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო ბირჟებზე აქციები გასაყიდად ვერ უნდა გაიტანოს.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ მომენტისთვის არც ერთი სამაუწყებლო ლიცენზია არ არის გაცემული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ სუბიექტზე. ლიცენზიების ყველა მფლობელი საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირია. ანუ ის კომპანიები, რომლებიც ფლობენ სამაუწყებლო ლიცენზიებს საქართველოში რეგისტრირებულები არიან, მაგრამ მათი დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები. მაგალითად, სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" და არა თავად ამ შპს-ს დამფუძნებელი, 70%-ის მფლობელი "DEGSON LIMITED", რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ასევე კომპანია "DENAL UNION" კი არ არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, არამედ შპს "საქართველოა", რომლის დამფუძნებელიც თავის მხრივ "DENAL UNION"-ია.
პიროვნულად არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რაც ჩემ ოპონენტებს უნდათ. მაუწყებლის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. მაგრამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას არ უნდა ვანაცვალოთ სხვა ტიპის თავისუფლებებით სარგებლობის საშუალება (თავისუფალი მეწარმეობა, თანასწორობა, საკუთრების უფლება). მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება ხომ ისაა, რაც უზრუნველყოფს სარეკლამო ბაზრის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მაუწყებელთა სახელმწიფოსაგან და გაურკვეველი მიზნების მქონე ოლიგარქებისაგან დამოუკიდებლობის ყველაზე ლეგალური და ლოგიკური ფინანსური საშუალებაა.
კომენტარები
სტუმარი, იანვარი 6, 2010, 00:56:41
სტუმარი, იანვარი 6, 2010, 07:27:48
სტუმარი, იანვარი 10, 2010, 22:04:27
სტუმარი, იანვარი 10, 2010, 23:23:25
სტუმარი, იანვარი 11, 2010, 20:37:05
სტუმარი, იანვარი 11, 2010, 22:58:56
kid, იანვარი 12, 2010, 18:26:30
ჩემი აზრით, კითხვა იყო არასწორად დასმული: "უნდა ფლობდეს თუ არა ოფშორული კომპანია მედიაორგანიზაციას?".
კახა ყურაშვილმა კითხვას უფრო დამაჯერებლად უპასუხა.
თუ ჟურნალს უნდოდა აქცენტი გაეკეთებინა ტელეარხების რეალური მფლობელების არცოდნის ავკარგიანობაზე, კითხვა უნდა დაესვა სხვაგვარად.
სტუმარი, იანვარი 13, 2010, 20:45:51
ახალი კომენტარის გამოქვეყნება