Skip to content

ავტორიზაცია

მეორე რესპუბლიკის მეორე ცდა


საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც ქვეყნის მთავარ საპროგრამო დოკუმენტში ყველაზე მასშტაბური ცვლილებების შესამუშავებლად შეიქმნა, სახელმწიფოს მოწყობის თვისობრივად ახალი მოდელი უნდა შემოგვთავაზოს. შეასრულებს თუ არა კომისია დაკისრებულ მისიას?
 თამუნა თათელაძე

კომისიის შექმნის მიზანი:

როგორც სამართლის ექსპერტები ამბობენ, კონსტიტუცია  ხელშეკრულებაა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე და ამ ხელშეკრულების მართვის წესებს. ხელშეკრულებას კი ხელს საზოგადოების ყველა წევრი აწერს.

სწორედ ამ ხელშეკრულების განახლების მიზნით, 2009 წლის 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. კომისიის  მთავარი ამოცანაა შექმნას ისეთი სისტემის პროექტი, სადაც: (1) სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და (2) სასამართლო, აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლებები  ეფექტიანია  და აწონასწორებენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში დღემდე 22 ცვლილება და დამატება შევიდა, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო კომისია ყველაზე მასშტაბური ცვლილებების შესამუშავებლად შეიქმნა, რადგან დეკლარირებულად ამ სიახლეებმა ქვეყნის მოწყობის თვისობრივად ახალი მოდელი უნდა შემოგვთავაზოს.

კომისიის შემადგენლობა:

კომისიის შექმნის თავდაპირველი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის ჩართვა იყო. მაგრამ ამ მხრივ კომისიის შექმნის იდეამ ნაკლებად გაამართლა, რადგან კომისიის მუშაობაში ძირითადად საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობს.

კომისია შემდეგი პრინციპით შედგა: თითო წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება მიენიჭა 20 პოლიტიკურ გაერთიანებას, 10 კონსტიტუციურ ინსტიტუტს კვოტირებით მიეცათ წევრების წარდგენის უფლება (პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა - 3-3 წევრი; იუსტიციის უმაღლესი და ეროვნული უშიშროების საბჭოები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი და სახალხო დამცველი - 1-1 წევრი), თითო წევრის კანდიდატურის წარდგენა ეთხოვა 3 ტერიტორიულ სუბიექტსა და 9 არასამთავრობო ორგანიზაციას, კომისიის შემადგენლობაში მოიწვიეს აკადემიური პერსონალის 20 წარმომადგენელი.

კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც ერთხელ უკვე, 1993-1995 წლებში, ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას. მართალია მაშინ კომისიის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე იყო, მაგრამ კონსტიტუციის ძირითადი პროექტის შემუშავების პროცესს დიდწილად ბატონი დემეტრაშვილი ედგა სათავეში.

კომისიის მდივნად აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კვოტით დანიშნული კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი.

კომისიის შემადგენლობაში შეიქმნა ცხრა (კონსტიტუციის საერთაშორისო-სამართლებრივ, საკანონმდებლო ხელისუფლების, პრეზიდენტის ინსტიტუტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების, ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და საქართველოს კონსტიტუციური მემკვიდრეობის, პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის) სამუშაო ჯგუფი. კომისიის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, მათი სურვილისამებრ აერჩიათ იმ სამუშაო ჯგუფების რაოდენობა, რომელთა მუშაობაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

არსებული შედეგები:

კომისიის წევრებს შორის მოსაზრებების პოლარიზაციის ტენდენციები რომ არსებობს, ეს სარედაქციო ჯგუფის შეხვედრებზეც ჩანს. მისი შემადგენლობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ეს არც იყო გამორიცხული. კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს იურიდიულად და პოლიტიკურად გამართული დოკუმენტი შექმნას,  თუ ეს მრავალფეროვნება სწორად იქნება მიმართული.

ორთვიანი მუშაობის შემდეგ 2009 წლის 3 სექტემბერს კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონცეფცია. კომისიამ კენჭისყრით მოიწონა მისი რამდენიმე ნაწილი. თუ შევაჯამებთ მოსაზრებებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, ასევე პრეზიდენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელების მოხსენებებიდან, ირკვევა, რომ კომისია ამ ეტაპზე ყველაზე რეალურად საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელებს შორის შუალედურ ვარიატს განიხილავს (თუმცა საუბარია, რომ ახალ პროექტში პარლამენტს ამჟამინდელთან შედარებით გაზრდილი უფლებამოსილებები ექნება). როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი კვერენჩხილაძემ გვითხრა: "კომისიის წევრთა ნაწილი მუშაობს სამი მიმართულებით - შერეული, საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკების ვარიანტების შემუშავების კუთხით. ერთ-ერთი (ალბათ შერეული) გახდება  ძირითადი პროექტი  და მასზე გავაგრძელებთ მუშაობას".

ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფში (ხელმძღვანელი: კახი ყურაშვილი) შეთანხმებულ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები ცალკე თავად ჩამოყალიბდება. პროექტში განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის დეფინიცია, მისი სოციალური ფუნქცია და დანიშნულება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სარედაქციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა: "გამოიკვეთა, რომ აფხაზეთს, აჭარას, ცხინვალსა და თბილისს ექნებათ განსაკუთრებული, განსხვავებული სტატუსი, მაგრამ საქართველოს დანარჩენი ნაწილი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ერთიანი [უნიფიცირებული - ვ.მ] და უნდა მოხდეს მისი დაყოფა ტერიტორიულ ერთეულებად".

სასამართლო ხელისუფლების და ძირითადი უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრმა გია გეწაძემ განგვიმარტა, რომ "სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მზად არის კომისიის სრული შემადგენლობისათვის წარსადგენად". ამავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა იაკობ ფუტკარაძემ "ლიბერალთან" საუბრისას კონკრეტულად დაასახელა ეს საკითხები, რომელთაგან ყველაზე არსებითია  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და საკუთრების უფლების ახალი რედაქციით ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც, ამ უფლებისთვის უფრო მეტი გარანტიები შეიქმნება.

"თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ - გვითხრა გიორგი კვერენჩხილაძემ, - ამ საკითხებზე მიღწეულია კომისიის წევრებს შორის ზეპირი შეთანხმება, კენჭისყრა არ ჩატარებულა არც ერთ საკითხზე არც სამუშაო ჯგუფებში და არც საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე".

გარდა ამისა, 2009 წლის 30 ნოემბერს კომისიამ მოამზადა და საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში წარსადგენად გადასცა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ", რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა და ითვალისწინებს ქ.თბილისის მერის პირდაპირ არჩევითობის კონსტიტუციურ გარანტიას.

ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით: "ყველა ამ საკითხზე შემუშავებულია ნორმატიული ტექსტი, რომელიც განსახილველად გავა ჯერ სარედაქციო ჯგუფში,  ხოლო შემდეგ, 25 დეკემბერს კომისიის სრული შემადგენლობის სხდომაზე".

სხვა საკითხებიდან მნიშვნელოვანია იაკობ ფუტკარაძის მიერ სარედაქციო ჯგუფის სხდომაზე იმის აღნიშვნა, რომ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაზრდის შესახებ, და რომ მან უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო აქტის კონსტიტუციურობის საკითხი. თუმცა კომისია ამ საკითხზე ვერ შეჯერდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს სოციალური უფლებების კონსტიტუციის ტექსტში ჩაწერის პრობლემაზე. ამ თემამ კომისიის წევრებში ხანგრძლივი და მწვავე დისკუსია გამოიწვია. პოზიციები იმდენად მკვეთრი იყო, რომ ალბათ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება.

როდის იქნება კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, ძნელი სათქმელია.

როგორც გია გეწაძე ამბობს: "საბოლოო ვარიანტის შემუშავება დამოკიდებულია წამყვანი პოლიტიკური ძალების შეთანხმებაზე მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება-შეთანხმება ამა წლის დეკემბრის ბოლომდე მოესწროს".

შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი გიორგი კვერენჩხილაძე:   "კონსტიტუციური ცვლილების პროექტის გარკვეულ დონეზე შეთანხმებული პირველადი სამუშაო ვარიანტი 2009 წლის ბოლოს მზად იქნება. დეკემბერში გერმანელ ექსპერტებთან ერთად ამ პროექტის ძირითად  მიმართულებებს განვიხილავთ".

სამოქალაქო საზოგადოება და კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში საზოგადოების იმ ნაწილის ჩაბმის მიზნით, რომელიც არ არის კომისიის შემადგენლობაში, შეიქმნა თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო, რომელშიც, გარდა თავმჯდომარის მიერ შერჩეული პირებისა, წარმომადგენელთა წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, არასამთავრობო ორგანიზაციას, გაერთიანებულ პროფესიულ კავშირებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. თუმცა, როგორც კომისიაში აცხადებენ, ისინი გახსნილები არიან ინიციატივებისთვის.

კომისიის სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. უფრო მეტიც, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაწეროს კონსტიტუციის ან მისი რომელიმე ნაწილის პროექტი და წარუდგინოს კომისიას.

ბატონი დემეტრაშვილის განცხადებით, ამჟამად კომისიაში შემდეგი პროექტებია შესული:

პეტრე მამრაძის მიერ - 1994 წელს რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული და იმდროინდელ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეტანილი პროექტი;

ვახტანგ ხმალაძისა და იური ტაბუცაძის ხელმოწერით შემოსული კონსტიტუციის ერთი ნაწილის პროექტი;

ლევან რამიშვილის სქელტანიანი კონსტიტუციის პრინციპებისა და ნორმების კრებული; 

პაატა იაკაშვილის მოსაზრებანი - "კონსტიტუციური რეფორმა - ინსტიტუციური რეფორმის საფუძველი".

ამათგან ყველაზე დიდ ინტერესს ლევან რამიშვილის პროექტი იწვევს, რომელიც ძირითადად ამერიკულ საპრეზიდენტო მოდელს იმეორებს და სოციალური უფლებების აღიარებაზე უარს ამბობს. ბატონი რამიშვილი კომისიის სხდომების დროს აქტიურად მონაწილეობს კომისიის დისკუსიებში. შესაძლებელია მის მიერ საკუთარი პროექტის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მან კომისიაში საკმარისი თანამოაზრე ვერ იპოვა. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ კომისია ძირითადად საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკის შერეულ მოდელს განიხილავს, ხოლო ლევან რამიშვილის პროექტი  საპრეზიდენტო მმართველობაზეა ორიენტირებული. 

1995 წლისათვის კონსტიტუციის 12 ალტერნატიული პროექტი არსებობდა. დღესაც არსებობს რამდენიმე ალტერნატიული კომისია, რომელთაგან ალბათ უნდა ველოდოთ ინიციატივებს.            

ლეგიტიმაცია

კომისიის გადაწყვეტილება კონსტიტუციის პროექტის საბოლო რედაქციის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუმცა ვინ ამტკიცებს მას და ვინ აძლევს ლეგიტიმაციას, ამ კითხვაზე კონსტიტუციურ სამართალში შემდეგი სამი ყველაზე გავრცელებული პასუხია: პარლამენტი, ეროვნული კრება და რეფერენდუმი (ან მათი სახესხვაობები).

გია გეწაძეს მიაჩნია, რომ ეს საკითხი წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ. პირადად იგი მხარს არ უჭერს კონსტიტუციის ან სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტის რეფერენდუმზე მიღებას. უპრიანი იქნებოდა პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტის მიღება, თუმცა დღეს არსებულისგან განსხვავებით, უფრო გართულებული პროცედურით.

იგივეს ფიქრობს, თუმცა სხვა ვარიანტებსაც არ გამორიცხავს გიორგი კვერენჩხილაძე. იგი ამბობს, რომ "მიღების ტექნოლოგიის საკითხი ჯერ სრულიად ღიაა".

ბატონი დემეტრაშვილი ამბობს, რომ "კომისიას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, არსებობის უფლება აქვს ყველა [...] პროცედურას".

კომისიის პირველივე სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე გაიმართა კამათი. აზრი, როგორც სხვა ხშირ შემთხვევებში, პლებისციტის მომხრეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის აქაც ორად გაიყო. როგორც ჩანს, ახალი კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში საბოლოოდ ბევრი საკითხი პოლიტიკურ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული და არა კონსტიტუციურ მიზანშეწონილობაზე.

თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას, არა მარტო ლეგიტიმაციის ტექნოლოგია, არამედ ჯერ სხვა ბევრი არსებითი საკითხიც ღიადაა დარჩენილი. კომისიას მთავარი სამუშაო და, შესაბამისად, შეჯერების სირთულეები წინ აქვს. ავთანდილ დემეტრაშვილმა პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციური რეფორმის დაწყება და საკონსტიტუციო კომისიის შექმნა საზოგადოების მოთხოვნაა და, საბოლოოდ, მთავარი გამოწვევაც, რომელიც კომისიის წინაშე დგას, ასეთია: იქნება თუ არა კომისიის მიერ დამტკიცებული პროექტი  საზოგადოებრივი მოთხოვნებისა  და მოლოდინების ადეკვატური. 

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 9, 2010, 16:15:36

Contra Bellum (ომის წინააღმდეგ) www.zazagabunia.wordpress.com saintereso statiaa omis shesaxeb.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 14:22:50

paataa iakashvili dzalian magariaaa

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.