Skip to content

ავტორიზაცია

ეკლესიის საბჭოთა წარსული


სამოქალაქო საზოგადოებამ პირველი ნაბიჯი გადადგა. იქცევა თუ არა საჯარო მსჯელობის საგნად ის საკითხები, რომლებიც ეკლესიის საბჭოთა წარსულს და დღევანდელობას შეეხება?
 თემო ბარძიმაშვილი

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენ რეალობაში ყველაზე უფრო გავლენიანი, მდიდარი, პოპულარული, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მეტად დახურული ორგანიზაციაა, რომელიც  ავტონომიურ რეჟიმში ცხოვრობს; გაურბის საზოგადოებასთან დიალოგს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კრიტიკული აზრი გაუჩნდება, მტრად თვლის.

სასულიერო პირებს მედიასთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ, მათთვის მხოლოდ საეკლესიო ან ყვითელ პრესაში ქადაგება და ქრისტიანული ცხოვრების წესის პროპაგანდაა დასაშვები.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკლესია პოლიტიკოსების, კულტურის მოღვაწეების, სტუდენტებისა და ზოგადად საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ, როგორც თავად ამბობენ, „ერის ერთიანობის გარანტად" აღიქმება, რაც სეკულარულ სახელმწიფოსთან შეუთავსებელია. მედიატორის ფუნქცია, რომელიც ეკლესიამ ბოლოდროინდელი პოლიტიკური არეულობებისას იკისრა და ხანდახან წარმატებითაც ახორციელებს (გავისხენოთ პატრიარქის მიერ ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირებისას გადადგმული ნაბიჯები), წესით, თანამედროვე სახელმწიფოში სულ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების პრეროგატივა უნდა იყოს და საპატრიარქო საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაზე არ უნდა ზრუნავდეს.

ბოლო დრომდე საჯარო სივრცეში ეკლესიის თემა დახურული გახლდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც ცდილობდა ეკლესიასთან დაკავშირებულ ბევრ მტკივნეულ საკითხზე ესაუბრა. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი" უკანასკნელი ორი წლის მანძილზე რეგულარულად აქვეყნებდა პუბლიკაციებს,  რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ტაბუდადებულ თემებს შეეხებოდა. ეკლესიის კრიტიკა ისმოდა ომბუდსმენის საპარლამენტო მოხსენებების დროს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დებატებისას და სხვ. მაგრამ მაინც, ის შეკითხვები, რომლებიც პატრიარქსა და პრეზიდენტს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წევრმა გაუგზავნა, ეკლესიასთან დიალოგის პირველი ხმამაღალი მცდელობაა.

იმ ფონზე, როდესაც არც მედია და არც საპატრიარქო ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს გახსნილად არ აშუქებენ, შეკითხვათა ავტორები ერთმანეთს ინტერნეტში, სოციალურ ქსელ  "ფეისბუქში~ დაუკავშირდნენ. პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ ჯგუფმა კოლმეურნეობის მოედანზე, იოანე პეტრიწის ძეგლთან გამართა, ბასილ კობახიძე, ბექა მინდიაშვილი, დავით ამირეჯიბი და თეა თუთბერიძე აქტიურობდნენ. შეკითხვების თემატიკა მრავალფეროვანია და ეკლესიის წარსულისა და თანამედროვე ცხოვრების ბევრ მართლაც მტკივნეულ საკითხს უკავშირდება. თუმცა,  ეს კითხვები ფორმით უფრო მეტად ბრალდებების ჩამონათვალს ჰგავს და  კონსტრუქციულ საუბარს ნაკლებად გულისხმობს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ეს აქცია ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმაც კი იმ კამპანიის ნაწილად აღიქვეს, რომელიც ამ ერთი თვის წინ თეა თუთბერიძემ ინტერნეტიდან პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების ტირაჟირებით დაიწყო. უმრავლესობამ თეა თუთბერიძის საქციელის უკან ხელისუფლების კვალი დაინახა; იმათაც კი, ვინც რადიკალურ ოპოზიციას არ უთანაგრძნობს და შორსაა იმ რიტორიკისგან, რომ „ეკლესიებს გვინგრევენ" და „მართლმადიდებლობას გვართმევენ". პროფესორი ზურაბ კიკნაძე თვლის, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი" სწორედ ხელისუფლებასთან ასოცირდება და ის, რომ შეიძლება მათ ხელისუფლება ხანდახან გააკრიტიკონ კიდეც, ბევრს არაფერს ცვლის: „ამაზე მახსენდება ახალგაზრდა ევგენი ევტუშენკოს „ბობოქრობა", იგი საბჭოთა ხელისუფლებას მოკლე ბაწრით ჰყავდა დაბმული და გარკვეულ საზღვრამდე აძლევდა „კრიტიკის" უფლებას. ასეთები ბევრი ჰყავდათ საჩვენებლად მეტროპოლიაშიც და ჩვენშიც. საბჭოეთში ნაცხოვრები ადამიანი არ მოტყუვდება. მათი ამოცნობა მას არ გაუჭირდება. არც იმას დავიჯერებ, რომ თეა თუთბერიძეს „პარტიული დავალება მისცეს". უშუალო დავალება ასეთი პირისთვის სრულებითაც არ უნდა ყოფილიყო აუცილებელი. იგი იმდენად გამჭრიახია, რომ სიტყვის უთქმელად ხვდება „ვარდების ეპოქის" გამოწვევას".

რესპუბლიკური პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცალი ხელით გუნდრუკს უკმევს ეკლესიას, მეორე ხელით კი - ძირს უთხრის, დანარჩენი ოპოზიცია კი შეკითხვათა ავტორებს ლამის ეშმაკეულებად მიიჩნევს. ხელისუფლების წარმომადგენელი დეპუტატები ცდილობენ, არც მწვადი დაწვან არც შამფური, მაგრამ არ გამოსდით, ეკლესიის ყოვლისმომცველ ავტორიტეტს უფრთხიან და ხმამაღლა ვერ აცხადებენ, რომ შეკითხვის დასმის უფლება საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული.

ამ შეკითხვების ფორმირებაში მონაწილეობა ბასილ კობახიძემ და ბექა მინდიაშვილმაც მიიღეს. ისინი კი, უკვე წლებია, არ ერიდებიან  სხვადასხვა საკითხის გამო ეკლესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. აქამდე ტელესივრცე მათ თითქმის არ ეთმობოდათ, ამიტომაც,  პრობლემები, რომლებზედაც ისინი ამახვილებდნენ ყურადღებას, საზოგადოებამდე თითქმის ვერ აღწევდა. აგვისტოს ომის შემდეგ პატრიარქის ვიზიტებმა მოსკოვში და მისმა დაუფარავმა პრორუსულმა რიტორიკამ, რომელიც ერთმორწმუნეობაზე და მოძმე ეკლესიების ერთობაზე აპელირებს, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გააღიზიანა. ცხადია, პატრიარქი ვერავის მოუწოდებს შუღლისკენ და მისი მოღვაწეობა მშვიდობის, როგორც უმაღლესი ღირებულების ქადაგებას გულისხმობს, მაგრამ შეიძლებოდა, პატრიარქი რუსული ეკლესიის მიმართ  ცოტა უფრო მკაცრი და კრიტიკული ყოფილიყო, და ის მაინც არ ეთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ.

საზოგადოების ნაწილს დღემდე აფიქრებს ის, რომ საქართველოში ლუსტრაციის პროცესი არ განხორციელდა. შეკითხვები სწორედ ამ თემით იწყება.  თანამშრომლობდა თუ არა საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო საბჭოთა სუკ-თან? ვინც, ასე თუ ისე, იცის საბჭოთა სისტემა, მისთვის პასუხი ნამდვილად ცალსახაა. ეკლესია საბჭოთა წლებში ამ ურთიერთობის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად ვერ იარსებებდა. საქმე ისაა, რას გულისხმობდა ეს თანამშრომლობა და კონკრეტული სასულიერო პირები საბჭოთა სისტემის დავალებით რას აკეთებდნენ. ინტერნეტში გამოქვეყნებული კლერიკალების "კგბ~-ს ბარათების ავთენტურობის დამტკიცება, მაშინ, როდესაც ჩვენი უშიშროების არქივის დიდი ნაწილი დამწვარია და მოსკოვის არქივებზე ხელი არ მიგვიწვდება, დღეს თითქმის შეუძლებელია. მამა ანდრია (ბოროდა), რომელიც უკვე 10 წელიწადზე მეტია, ამერიკაში ერთ-ერთ ბერძნულ ეკლესიაში მოღვაწეობს, თვლის, რომ საბჭოთა ხელისუფლებასთან სამოცდაათწლიანი კომპრომისი ეკლესიას უკარგავს უფლებას, ქრისტეს სიტყვა იქადაგოს: „როგორ შეიძლებოდა იმ მოძალადე და უზნეო საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა? ან იმ ძალადობაზე თვალის დახუჭვა? ამ შემთხვევაში თანამშრომლობა და თვალის დახუჭვა ერთი და იგივეა. ჩემ თავსაც და მოძღვრებსაც დავუსვი შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა დარჩენა ეკლესიაში, რომელმაც ამ წლების მანძილზე ქრისტიანობის პრინციპები ვერ შეინარჩუნა, მათ მიპასუხეს, - აბა, რა ვქნათო. მაშინ მეც დავიჯერე. პასუხისმგებლობა არავისზე არ გადამაქვს, მე თვითონ დამჭირდა რაღაც დრო იმისთვის, რომ თავს მოვრეოდი. მაშინ, როდესაც ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭე, ჩემ თავში სინდისი მოვკალი და ეს დღემდე მაწვალებს. ეს კომპლექსური საკითხია, სარწმუნოებრივიც და სოციალურიც. ვინ როგორ თანამშრომლობდა, რა დოზით, არ ვიცი, მაგრამ ამ თანამშრომლობის რეფლექსიებს, შედეგებს ნამდვილად ვხედავდი".

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.