• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ეკლესიის საბჭოთა წარსული

სამოქალაქო საზოგადოებამ პირველი ნაბიჯი გადადგა. იქცევა თუ არა საჯარო მსჯელობის საგნად ის საკითხები, რომლებიც ეკლესიის საბჭოთა წარსულს და დღევანდელობას შეეხება?

პროფესორი ზურაბ კიკნაძე თვლის, რომ ამ კითხვის ეკლესიისთვის დასმა არ არის გამართლებული, ამაზე სახელმწიფომ და უშიშროების არქივებმა უნდა გაგვცენ პასუხი. ეკლესია დოგმატებზე დგას, ამ დოგმატებს და ეკლესიის სწავლებას ვერაფერი დააკლო სამოცდაათწლიანმა რეჟიმმა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ისტორიაში ამაზე უფრო მძიმე პერიოდები ყოფილა, იგი მაინც გადარჩა. „რატომ არ ეკითხება თეა თუთბერიძე პრეზიდენტს, რა ურთიერთობა ჰქონდა  ბიძამისთან, რომელიც საბჭოთა უშიშროების უბრალო აგენტი კი არა, დიდი ჩინოვნიკი იყო?~ - სვამს კითხვას ზურაბ კიკნაძე.

საბჭოთა წარსულის გააზრება და შეფასება, მხოლოდ ეკლესიის კი არა, მთელი დანარჩენი საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ სულიერი წინამძღვრის როლი, რომელიც ეკლესიას თავის უპირველეს ფუნქციად მიაჩნია, მას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. უახლესი ისტორიიდან ცნობილია შემთხვევები, როცა ეკლესიებს მოუნანიებიათ, მაგალითად, ფაშისტურ რეჟიმებთან ურთიერთობა. ალბათ არც ეს  შეკითხვები არ დაისმებოდა, ეკლესიას რომ საბჭოთა რეჟიმთან და  "კგბ~-სთან თანამშრომლობა თავად შეეფასებინა, ოფიციალურად მოენანიებინა და ბოდიში მოეხადა მრევლის წინაშე. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ამბროსი ხელაიას შემდეგ, ანუ მთელი 70 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიას  სასულიერო პირების მიერ სამოქალაქო გმირობის გახმაურებული მაგალითები თითქმის არა აქვს.

შეკითხვების ავტორების მიერ განხილული ბევრი საკითხი, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო შეთანხმებისა და რელიგიური უმცირესობების თემა, უკვე რამდენიმე წელია, ხვდება ომბუდსმენის მოხსენებებში, მაგრამ სახელმწიფო, ამ მხრივ, ნაბიჯებს არ დგამს და კულუარულად ყველაფერს ეკლესიას აბრალებს. ასე მოხდა, მაგალითად, სომხური ტაძრის, ნორაშნის სკანდალის დროს, როცა მართლმადიდებელმა მღვდელმა საფლავები შეურაცხყო და სომხებმა საკუთარი ეკლესიის დაბრუნება მოითხოვეს. ბევრი  პრობლემა საქართველოს ფარგლებს გასცდა კიდეც. მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რაზეც შეკითხვების ავტორები საუბრობენ, ეს ეხება საკონსტიტუციო შეთანხმების დისკრიმინაციულობას, სომხური და კათოლიკური ეკლესიების ქონების საპატრიარქოს მიერ მიტაცებას, რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას, სხვა კონფესიებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს და სხვა.

ცალკე თემაა ეკლესია და მისი ქონება. ეკლესია დიდი მიწათმფლობელია, პერიოდულად მას სახელმწიფო ახალ-ახალი საჩუქრებით ანებივრებს. საზოგადოებას კი არ გააჩნია არავითარი მექანიზმი, რომ აკონტროლოს,  ვინ განკარგავს, ან როგორ იხარჯება,  მაგალითად, ის 25 მილიონი, რომელიც მთავრობამ საპატრიარქოს 2009 წლის ბიუჯეტიდან გამოუყო. რამდენადაა თავსებადი ეკლესიის მისია სიმდიდრესთან და ძალაუფლებასთან, ამაზე სწორედ ეკლესიის მაღალმა იერარქებმა უნდა გაგვცენ პასუხი; მით უმეტეს, არსებობს ეჭვი, რომ მთლად სუფთა ბიზნესთან არ გვაქვს საქმე. ფაქტი ერთია: საზოგადოება ხედავს ძვირად ღირებულ მანქანებში მსხდომ კლერიკალებს, მაგრამ ვერ ხედავს იმ სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც ეკლესია ახორციელებს; შეიძლება იმიტომაც, რომ ეს ინფორმაციაც დახურულია. მაგალითად,  ცნობილია, რომ მონასტრებთან მოქმედებს მიუსაფარ ბავშვთა სახლები, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, მედიისთვის დახურულია.

შეკითხვათა ავტორებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ მეორე დღესვე მოკლედ და ცინიკურად უპასუხა, - „ამ ადამიანებს საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ  პასუხების გაცემასო~. დაახლოებით ასეთივე იყო ხელისუფლების პასუხიც. პრეზიდენტის ახლად დანიშნული პრესმდივანი დაგვპირდა, -  სააკაშვილი ყველა შეკითხვას უპასუხებსო;  მაგრამ პრეზიდენტმა  ბათუმში ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „იმ პირობებში, როდესაც ყველა სხვა ჯგუფის უფლებები დაცული უნდა იყოს, კონკორდატი უნდა ამოქმედდეს ისე, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და ფუნქციას საქართველოს ისტორიაში საგანგებოდ გაესვას ხაზი~.  არადა, შეკითხვების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმებაა, როგორც დისკრიმინაციული და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო დოკუმენტი.

ნაციონალურმა არხებმა ეს აქცია არ გააშუქეს და ამ შეკითხვებზე ღიად არ ისაუბრეს. როგორც ჩანს, იმათ, ვისაც შეკითხვები აქვთ, არა მხოლოდ საპატრიარქო და ხელისუფლება, არამედ მედიის დიდი ნაწილიც არ თვლის საზოგადოების წევრებად. ძალიან საინტერესო იყო გიგი წერეთლის რჩევა-დარიგებანი: „არის რაღაც საკითხები, რომელთა ირგვლივაც არსებობს ტრადიციულად, საზოგადოებრივად შეთანხმებული აზრი, რომ ამას ასე არ ვაკეთებთ. ნამდვილად არ არის საჭირო ამაზე ყურადღების მიქცევა", - უთხრა მან ჟურნალისტს.

იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება, როგორ აამოს საპატრიარქოს და მისი რეიტინგით თავად იხეიროს, ამის პარალელურად კი, დემოკრატიული ინსტიტუტები - მედია, სასამართლო და პარლამენტი სუსტად მუშაობენ, ეკლესიისგან ნებისმიერ პრობლემურ შეკითხვაზე პასუხის მიღება ჭირს.  ჯერჯერობით უმცირესობაში დარჩენილ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს საპატრიარქოზე ზეგავლენის რეალური მექანიზმები არ გააჩნია. მართალია, დავით პაიჭაძის „დიალოგი" და ეკა კვესიტაძის „აქცენტები", რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებს დაეთმო,  მთლიან სურათს ვერ ცვლის, მაგრამ შეკითხვათა ავტორებმა ეს ორი გადაცემა შეიძლება პატარა გამარჯვებად მიიჩნიონ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.