*სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-ის პროექტის
The Black Sea Trust-ის მიერ.
ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, თჰე The Black Sea Trust-ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 4 ირანელის მოტაცებისთვის დაადანაშაულა. იგი 2009 წლის 29 სექტემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს შეხვდა და გაეროს ოთხივე პირის საქმის გამოძიება სთხოვა.
შაჰრამ ამირი - ბირთვული იარაღის ექსპერტი. მუშაობდა მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ასევე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში. მისი გაუჩინარებიდან 4 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისუფლება ქალაქ ქომში ურანის გამამდიდრებელ საწარმოს აშენებდა. 2009 წლის ივნისში საუდის არაბეთში ვიზიტის დროს დაიკარგა.
ნოსრათოლა ტაჯიკი - ირანის ყოფილი ელჩი იორდანიაში. ცხოვრობდა ინგლისის ქალაქ დურჰამში. 2006 წელს კონტრაბანდული პროდუქციის შეძენის გამო დააკავეს. სასამართლო ახლაც მსჯელობს მისი ამერიკაში ექსტრადირების თაობაზე.
ალი რეზა ასგარი - ირანის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და რევოლუციური გვარდიის გენერალი. "მოსადის" ინფორმაციით იგი არის "ჰესბოლას" ერთ-ერთი დამაარსებელი. დაიკარგა 2007 წლის 7 თებერვალს თურქეთში ვიზიტის დროს. ბოლოს სტამბოლში სასტუმრო "გილანში" ნახეს.
ამირ ჰოსეინ არდებილი - დაიბადა 1974 წლის 3 ივლისს ქალაქ შირაზში. 2007 წლის 2 ოქტომბერს თბილისში სასტუმრო "მერიოტში" დააკავეს. 2008 წლის 26 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება სპეციალური ავიარეისით გაუკეთეს.
თეირანის განცხადებით, ოთხივე პიროვნება ამერიკის სპეცსამსახურის უშუალო ჩარევით გაუჩინარდა. შაჰრამ ამირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ირანული მხარე ამერიკასთან ერთად პასუხისმგებლობას იმ სახელმწიფოებსაც აკისრებს, საიდანაც მათი მოქალაქეები გაიტაცეს, ან დაკავების შემდეგ ამერიკას გადასცეს.
საუდის არაბეთში გაუჩინარებული პილიგრიმი
გავრცელებული ინფორმაციით, შაჰრამ ამირი საუდის არაბეთში 31 მაისს მეჩეთის მოსალოცად გაემგზავრა და ოჯახს უკანასკნელად 3 ივნისს, ტელეფონით დაუკავშირდა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ.
ირანი პასუხისმგებლობას აღნიშნულ ფაქტზე საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ ისტორიაში ამერიკელების ხელი ურევია. "ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელიც ჩვენი მოქალაქის, შაჰრამ ამირის გატაცებაში ამერიკის ჩარევას ამტკიცებს". - საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება ირანული Press TV-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
თუ რატომ შეიძლებოდა ამერიკული სპეცსამსახურები შაჰრამ ამირით დაინტერესებულიყვნენ - ამაზე ოფიციალური ირანი არ საუბრობს. ინგლისურენოვანი არაბული გამოცემის "აშარქ ალ-ავსატის" ცნობით, კომენტარს არც ამერიკული მხარე აკეთებს. ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირი ბირთვული იარაღის წარმოებასთან იყო დაკავშირებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში (AEOI) ბირთვული იარაღის ექსპერტად მუშაობდა. ასევე თეირანის უნივერსიტეტში მედიცინაში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს იკვლევდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Malek-Ashtar University of Technology) ) მკვლევრად მუშაობდა.
"აშარქ ალ-ავსატის" ინფორმაციით, მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ირანის რევოლუციური გვარდია მართავს და აფინანსებს. ისლამური რევოლუციის გვარდია ირანის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფია. მის შემადგენლობაშია საზღვაო ფლოტი, საჰაერო ავიაცია და სადაზვერვო სამსახური. გვარდიას ექვემდებარება ირანის სამხედრო მილიცია, ე.წ. ბასიჯი, რომლის შემადგენლობაშიც 90 000 რეგულარული ჯარისკაცი და 300 000 რეზერვისტია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რევოლუციური გვარდია აკონტროლებს ირანის სტრატეგიულ რეაქტიულ საშუალებებს. "მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, რათა განახორციელოს სპეციალური კვლევის პროექტები ირანის სამხედრო და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უნივერსიტეტი ქალაქ ისპაჰანში მდებარეობს და მისი ფაკულტეტები აერონავიგაციაში, ელექტრო ინჟინერიასა და ბირთვულ ფიზიკაში სპეციალიზდება. ისპაჰანში ასევე ურანის გამამდიდრებელი საწარმო მდებარეობს". - "აშარქ ალ-ავსატი" ამ ინფორმაციას ანონიმურ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული უნივერსიტეტი, გაეროს ინფორმაციითაც, ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული.
ბირთვული იარაღის წარმოებასთან ამირი ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამოც დააკავშირეს. მისი გაქრობიდან რამდენიმე თვეში ურანის გამამდიდრებელი მეორე საწარმო გამომჟღავნდა, რომელსაც ირანში ქალაქ ქომში აშენებდნენ. თავისთავად გაჩნდა ეჭვი მეცნიერის გაქრობასა და ამ საიდუმლოს გამჟღავნებას შორის არსებულ კავშირზე. ირანული სააგენტო JANA NEWS-ის ინფორმაციით, შესაძლოა ამირი თავად გაიქცა საზღვარგარეთ და ურანის გამამდიდრებელ საწარმოსა და ასევე ატომური პროგრამის შესახებაც, მან ინფორმაცია ამერიკულ დაზვერვას გადასცა.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება