Skip to content

ავტორიზაცია

დაგვიანებული კომპრომისები, ანუ რაჭველი პალესტინელები

იანვარი 14, 2010 ბესო კურტანიძე

რუქა

მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ  შანსი გაუშვან ხელიდან." თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის  60 პროცენტს სთავაზობდნენ, და ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი" ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ, პირობას არ დათანხმდნენ.  აჯანყდნენ, იომეს და 1948 წელს უკვე დამოუკიდებელმა ისრაელმა დამარცხებულებს გაეროს გეგმით სადაო ტერიტორიის 44 პროცენტიღა შესთავაზა, რაზეც მოდავე მხარე ასევე არ დათანხმდა. ისრაელი ნაურუმაც აღიარა. იმავე წელს ისრაელმა არაბული ქვეყნების კოალიცია დაამარცხა და ტერიტორიის 78 პროცენტს დაეუფლა, ხოლო 1967 წლის „ექვსდღიანი ომის" შემდეგ მთელი ტერიტორიის 84 პროცენტს.შეთავაზებული 60 პროცენტიდან თეწვსმეტიღა შემორჩათ.

არაბებმა ისრაელს _ სამი არა გამოუცხადეს: არა _ ისრაელის ცნობას, არა_ მოლაპარაკებას ისრაელთან, არა _ მშვიდობას ისრაელთან.

2002 წელს, ამ „არებიდან" 35 წლის შემდეგ კი აღიარეს, რომ აი, მაშინ, რომ ჩვენ ისრაელს დავთანხმებოდით და შემოთავაზებული ტერიტორიის 22 პროცენტი  მიგვეღო, ეს საკმარისი იქნებოდა პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელადო.

2000 წელს კლინტონმა  ტერიტორიის 20 პროცენტი შესთავაზა, რაზეც არაბები დათანხმდნენ _ 2 წლის შემდეგ. თუმცა, ეს 2 წლით გვიანი აღმოჩნდა.

„უპურობას ნახევარი პური სჯობია", ამ ლოზუნგით დაიწყეს  ებრაელებმა მიწების დაბრუნება, ხოლო არაბები ნახევარ პურზე ყოველთვის უარს ამბობდნენ.

პალესტინელ არაბებთან ქართველების შედარებას მკრეხელობად თუ არა საამაყოდ არავინ ჩათვლის, თუმცა არა მგონია, არაბებსაც მოეწონოთ ჩვენთან ამ კონტექსტში მოხსენიება. ჩვენც ყველა ომი წავაგეთ, და ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ  ჯამში ტერიტორიის სადღაც 20 ათასი კვადრატული კილომეტრი დავკარგეთ.მართალია შემდეგ პალესტინელებს რიგმა არაბულმა ქვეყნებმა უგანეს, მაგრამ ისინი ამ სამყაროში მარტონი არ არიან. არც ჩვენ ვართ მარტონი.

ომში გამარჯვებამდე აფხაზებს ფედერაციული სუბიექტის სტატუსი სავსებით დააკმაყოფილებდათ. თუმცა, მაშინ ჩვენ აფსუებისთვის ავტონომიაც არ გვემეტებოდა და  სტატუსის თემა არც განხილულა. ავტონომია კი მათ ეცოტავებოდათ.

აფხაზეთის ომის წაგების შემდეგ თბილისში გამარჯვებული არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრიმაკოვმა ჩამოიყვანა. შევარდნაძეს და არძინბას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ თუკი არძინბას მიზანი აფხაზეთის დამოუკიდებლობა იყო, რატომღა ჩამოვიდა თბილისში? აღიარების სათხოვნელად? არა იგი კონფედერაციაზე თანხმდებოდა.შევარდნაძე აფხაზეთს ერთ-ერთ  ფედერალურ მხარედ განიხილავდა, ანუ ჩვენ დავთანხმდით მათთვის ფედერაციის სტატუსის მიცემას, მაგრამ გვიან, ომის წაგების შემდეგ, რაზეც გამარჯვებული არძინბა არ დაყაბულდა.

1998 წელს კიდე ერთი ომი წავაგეთ გალის რაიონში. ჯარმა იქაც ხალხს გამოასწრო. რუსებიც მიეხმარნენ აფხაზებს და სხვებიც, თუმცა ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. შემდეგ რუსეთის „მეფისნაცვალმა" კავკასიაში რამაზან აბდულატიპოვმა კიდევ ერთი სამ პუნქტიანი გეგმა გაახმაურა 1. აფხაზეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,2.საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერევა აფხაზეთის საშინაო საქმეებში და 3. აფხაზეთი დემილიტარიზირებული ზონა გახდებოდა.  არც ეს გეგმა განხილულა სერიოზულად, დავასკვენით; აბდულატიპოვი კრემლის აგენტია, ეგ კაის არაფერს გვირჩევს.

შემდეგი გეგმა რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა, რომელიც ტერიტორიის გაყოფას გულისხმობდა და ესეც, ორივე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კვლავ აღსდგა რაღაც ურთიერთობები პოლიტიკოსებს შორის და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა თბილისს ესტუმრა. იგი შარდენზე სეირნობდა, როცა სააკაშვილი აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე სენაკის სამხედრო ბაზას ეწვია და მათ საბრძოლო მზადყოფნა შეუმოწმა. რატომ უნდა შეშინებულიყვნენ აფხაზები? რა გარემო პირობა შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ? მათ რუსეთი კვლავ მხარს უჭერდათ, ასევე ჩრდილო კავკასიელებიც და მხოლოდ ერთი, შესაძლოა სააკაშვილმა დაიჯერა, რომ მისი ჯარი, რომელიც აღარ იყო „დაუბანელი, ჩაუცმელი და მშიერი"  ამ პრობლემას ძალით მოაგვარებინებდა. თანაც, აფხაზების და რუსების კორუმპირებულ ჯარს, რომელსაც „დაჟანგული" ტანკები ჰყავდა  რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია?

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. დამატებით ტერიტორიების დაკარგვას, ისიც დაემატა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების პროცესი დაიწყო, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის. სამხრეთ ოსეთში კი ბევრად უკეთესი წინაპირობა არსებობდა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვიდრე აფხაზეთში. აქ ურთიერთობა კონტრაბანდულ და კრიმინალურ ბიზნესს გასცდა და გორელები ცხინვალში _ მუშაობდნენ. აი, ასე, დილით მიდიოდნენ და საღამოს სახლში ბრუნდებოდნენ. ქართველი ჟურნალისტებიც, გამცილებელ- გამომცილებლების გარეშე ჩავდიოდით ცხინვალში.

2008 წლის აგვისტოს ომზე ნინო კირთაძის ფილმის ერთ-ერთ კადრში მიხეილ სააკაშვილი ტელევიზორში პუტინს უყურებს. გაბრაზებული პულტს ისვრის და ცხარედ იძახის:"ომი ჯერ არ დამთავრებულა. ვნახოთ საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს." თუ მის სიტყვებს ვენდობით, შესაძლოა  წინ ბევრი განსაცდელი გვქონდეს. თანაც, გაითვალისწინეთ, აგვისტოს ომის შემდეგ მთავარსარდალმა განაცხადა, რომ  „მერე, რა, რომ სულ რაღაც ორი რაიონი დავკარეთ."

ყველაფერი ილ-ღაზს ან თბილისის ამირას როგორ დავაბრალოთ, დავით აღმაშენებელს დიპლომატიური გზით რომ არ გადააწყვეტინეს პრობლემები?  არადა, ბაძავს მას. ალბათ, რუის- ურბნისზეც ფიქრობს, ეგეც რამე იქნება, პარალელისთვის.

რას ფიქრობენ ქართველები სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე? ფეისბუკზე ამ სათაურით დარეგისტრირებულ ჯგუფში ბევრი ადამიანი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს.თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თქვენ ეს 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული წაგიკითხავთ და მოგისმენიათ.

ვფიქრობ, რომ აფხაზეთის პირველი ომის შემდეგ, მარტო ის გავიგეთ, რომ ტყვარჩელის მაღაროებში ქართველი ტყვეები არ ჰყავთ და ამაში ღრმად დავრწმუნდით. სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა, აფხაზები _ ისევ ქართველები არიან, როგორც მე, იმერელი, აფსუები ერთი მუჭა ხალხი, მთიდან ჩამოსახლებული და ნოვაცია, ის არის, რომ  ჩვენთან მალე 2 მილიონი ტურისტი ჩამოვა, მათგან განსხვავებით, რა თქმა უნდა.ხოლო ანაკლია უკეთესი კურორტი გახდება, ვიდრე გაგრა.

იგივე, სამხრეთ ოსეთი _ სამაჩაბლოა და ოსთან ასოცირებული, რაც შეიძლება ვთქვათ, ცხინვალის რეგიონია. მაგათ კულტურული ავტონომიაც ეყოფათ.

მოწინავე აზრის პოლიტიკოსები აფხაზებს, ჯერაც ფედერაციას სთავაზობენ. ეს ამ რეალობაში ყოვლად წარმოუდგენელია.ერთადერთი რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, ეს  _საერთო სახელმწიფოში თანაცხოვრებაა, რასაც აფსუას ძახილით ნამდვილად ვერ მივაღწევთ. 1992_93 წლებში, 1998 წელს, 2008 წელს _ აფხაზეთში სამჯერ დავმარცხდით, ასევე სამჯერ _ ცხინვალში და ამის შემდეგ სამჯერ ომ მოგებული ხალხი ბუნებრივია დათმობაზე არ წამოვა. თანაც, რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

როგორ უნდა დაარწმუნოს რომელიმე სეპარატისტულმა ლიდერმა მისი ხალხის უმეტესობა, რომ დამარცხებულ საქართველოსთან დათმობაზე წასვლა მოღალატეობა არ არის? იმავე მოღალატის სტატუსის მიკერების შიშით ვერც ჩვენმა პრეზიდენტებმა გაბედეს ადექვატური ნაბიჯის გადადგმა  და საგმირო საქმეს, თანაც  ჩვენს სასარგებლოდ  მიმართულს ბუნებრივია, ვერც სეპარატისტებს მოვთხოვთ.

ბატებმა რომი გადაარჩინეს, მაგრამ ამის გამო მათ დღეს პატივს არავინ სცემს. თუ გვინდა პატივისცემა დავიმსახუროთ, ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. „არ აქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობენ გოები ჩვენზე, მთავარია რას აკეთებენ ებრაელები,"_ ბენ გურიონის ეს სიტყვები, ცხადია აქტუალურია ჩვენთვისაც.

ოსებისაკენ პირველი გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ, თუკი  საზოგადოება ხელისუფლებას მოვთხოვთ, რომ უფრო აქტიურად ეძებოს ის სამი ოსი ახალგაზრდა, ტირძნისიდან გატაცებულ ბავშვებზე ცოტათი უფროსები, რომლებიც ერთი წლის წინ, ომის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ. ამ დატყვევებული ოსი ახალგაზრდების ცემის ნახვა http://cominf.org/video ყველას შეუძლია. ეს სადღეისო საქმეა. ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლებით პრობლემა არ ამოწურულა, ჯერი ჩვენზეა. პირადად,  უხერხულობის გრძნობა მაქვს და მგონია, რომ ჩვენ ვალში ვართ, იმის გამო, რომ ამ სამი ახალგაზრდის პოვნაზე საკმარისად არ ვიხარჯებით.

კომენტარები

პაატა ზაქარეიშვილი (შეუმოწმებელი), იანვარი 15, 2010, 00:58:53

მშვენიერი მასალაა. დიდი მადლობა

ლევან კალანდაძე (შეუმოწმებელი), იანვარი 15, 2010, 13:01:21

კარგი ანალიზი და კარგი წერილია... სამწუხაროა, რაც დრო გადის, მით უფრო შორდება აფხაზეთი ქართულ "ნაპირს", ჩვენივე "ძალისხმევითა" და "მეცადინეობით"... სამწუხაროდ...

იოიო (შეუმოწმებელი), იანვარი 16, 2010, 01:05:05

ვისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი რუსებისაკენ? ერთ კომპრომისს არ დაგჯერდებიან ეგენი. ოთხმოცდაათიანებში საკუთარი ინიციატივითაც რომ გვეღიარებინა აფხაზეთი/ოსეთი/სამეგრელო/აჭარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დღეს იმერეთზე ექნებოდათ პრეტენზია. სიბრიყვეა სეპარატისტი ლიდერების სიმპატიებზე ფიქრი სანამ მათ რუსეთი აფინანსებს.

მამუკა ყუფარაძე (შეუმოწმებელი), იანვარი 16, 2010, 07:40:33

ავტორს თვალთახედვას სრულიად ვეთანხმები. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში პრაგმატიზმი იკიდებს ფეხს. ამაში ფეისბუკზე გამოთქმული ზოგიერთი აზრიც მარწმუნებს. სამწუხაროა, რომ მძიმე ფასად მივდივართ რაციონალურ აზროვნებამდე.

beso (შეუმოწმებელი), იანვარი 16, 2010, 14:05:56

გიგი უგულავას ინიციატივაც დაგვიანებული კომპრომისი მგონია, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის ზონებიდან ჯარს გაიყვანს, ჩვენ ნატოში შესვლაზე უარს ვიტყვით. როცა აღარ გიღებენ ნატოში, მასზე უარის თქმას რაღა აზრი აქვს? ან იქნებ ომამდე გამოეცხადებინათ ასეთი ინიციატივა? ყველაზე უარესი ის იქნება, რომ ნატოსთან ერთად ხელისუფლება დემოკრატიაზეც უარს იტყვის, რაში ჭირდებათ დემოკრატია თუ მიზანი ევრო–ატლანტიკრი გაერთიანებები არ არის? არც არაფერში.

ადმინისტრატორი (შეუმოწმებელი), იანვარი 16, 2010, 16:53:59

შეურაცხყოფის შემცველი კომენტარები წაიშლება!

Geronti (შეუმოწმებელი), იანვარი 20, 2010, 16:32:33

///ომში გამარჯვებამდე აფხაზებს ფედერაციული სუბიექტის სტატუსი სავსებით დააკმაყოფილებდათ. თუმცა, მაშინ ჩვენ აფსუებისთვის ავტონომიაც არ გვემეტებოდა/// განა ეს მართალია? აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების საკითხიც კი არასოდეს დამდგარა საქართველოში. ასე როგორ შეიძლება წერა. რაც შეეხება ფედერაციასა და კონფედერაციას, მგონი აქაურ აუდიტორიას არ სჭირდება მათი განსხვავების განმარტება. ჰოდა, კონფედერაციიდან გასული აფხაზეთი უკვე კანონიერად იქნებოდა გასული. დამთავრებული იქნებოდა ყველაფერი, პრეტენზიასაც ვეღარ გამოვთქვამდით... უკაცრავად, მაგრამ არასერიოზულია ასეთი პოზიცია. თქვენზე ნაკლებ ლიბერალს თვალიც დასდგომია, მაგრამ ეგ უხერხემლობას როდი ნიშნავს. მესმის, რეალობა მძიმეა, ძნელია მისთვის თვალის გასწორება და ამიტომ ფსიქიკა "გამოდევნას" აკეთებს – ასე რომ გვექნა, ისე რომ გვექნა... კი, ძალიან ბევრი რამე შეიძლებოდა და უნდა გვექნა უკეთ, მაგრამ მთავარი საკითხი – რომ ცოფიანი დათვი დიდიან-პატარიანად გასრესას გვიპირებს – მაინც იარსებებდა. გავრცელებული ილუზიაა, თითქოს გამოუვალი ვითარება არ არსებობს. ძალიანაც არსებობს ხოლმე. და არცთუ იშვიათად.

lazo (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 16:10:43

ილია ჭავჭავაძე: "ეხლა ხმალი თაროზე უნდა შემოვდოთ, აღარაფრის მაქნისია, ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ღვაროს. ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. გვჭირს კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერისი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2010, 01:57:50

მადლობა წერილისთვის. თუ იცის ვინმემ ვინ არიან ეს ბიჭები და სად არიან ისინი დღეს?

გოჩა (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 22:18:57

ეჰ მე მგონია დაგვიანებულია ყველაფერი ქართველებს რომ თავის დროზე გვეფიქრა მომავალ დამოუკიდებლობაზე უფრო სხვაგვარად მოვიქცეოდით მაგრამ ჩვენი უბედურებაც სწორედ ის არის რომ ერის უმრავლესობა დღესაც არ არის მზად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად ზოგს ევროპის იმედი აქ ზოგს ამერიკის ზოგი კიდე წარსულს მისტირის და ის კი ყთელას ავიწყდება რომ ილიას ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს მარტო სხვის იმედზე ყოფნით არ შემოიფარგლება

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.