• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

პირველი კვირა საბჭოში

დასაბეჭდი ვერსია

ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მოგიყვეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ამბები ისე, რომ საბჭოში ჩვენს მუშაობას ხელი არ შეეშალოს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინფორმირება და მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ეს ჩვენი პირველი ამოცანაა - იმისათვის, რომ ეს არხი მუდმივად იყოს საჯარო განხილვებისა და ინტერესის საგანი. ამის გარეშე, მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ განხორციელდება. ამასთანავე, საბჭოს სხვა წევრები არ უნდა შეიზღუდონ თავიანთი მოსაზრებების ღიად გამოხატვაში იმის შიშით, რომ ამის შესახებ ჩვენ ვწერთ (თუმცა, საჯაროობა ზრდის მათი პასუხისმგებლობის ხარისხს და ცუდი არ უნდა იყოს). ამიტომ, ვფიქრობ მცირე დილემის წინაშე ვდგავარ, მაგრამ ვეცდები დავიცვა ის ოქროს ზღვარი, რომელიც ამ ორ ამოცანას ურთიერთგამომრიცხავს არ გახდის. პირიქით, თქვენმა ჩართულობამ ამ პროცესში ხელი უნდა შეუწყოს საბჭოს წევრებს უფრო თამამად და ეფექტურად განახორციელონ თავის ფუნქციები.

ლევან გახელაძე თანახმაა, რომ სხდომების აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები გაკეთდეს. ვეცდებით, ეს ჩანაწერები ადვილად ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისათვის – ყველაზე მარტივი მათი ვებსაიტზე დადება იქნება.

პირველი კვირა საბჭოში

დასრულდა ჩვენი პირველი სამუშაო კვირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში. განახლებული შემადგენლობით, 7 ახალი წევრით - მათ შორის, მედია კლუბის კანდიდატებით (ლიკა ჩახუნაშჳილი, ნინო დანელია და მე), საბჭო 11 იანვარს შეიკრიბა. სამწუხაროდ, ნინო დანელია ბრიუსელში იყო და ამიტომ, ეს კვირა ლიკამ და მე ვიმუშავეთ.

სხდომამდე, განსახილველი საკითხების ჩვენი ნუსხა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ  "პირველი კავკასიური" უკვე მაუწყებლობს, გვაინტერესებდა ამ არხის დეტალური კონცეფცია (დაწერილი სახით, არ არსებობს!), პროგრამული ბადე და რაც მთავარია, დაფინანსების საკითხი. ასევე გვინდოდა გველაპარაკა პირველი არხისა და BBC World Trust - ის თანამშრომლობის გაგრძელებაზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაუწყებლის ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა, შინაარსის მონიტორინგის სქემები, აუდიტორიის კვლევის მექანიზმები, მუდმივი კონსულტაციები სამეთვალყურეო საბჭოსათვის და ასე შემდეგ. BBC-ისთან თამაშრომლობის პროექტი შარშან დაიწყო, ევროკომისიის ეგიდით, მაგრამ აპრილიდან დღემდე ეს პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია. როგორც ვხვდებით, ნაწილობრივ აპრილის პოლიტიკური ბატალიების, ნაწილობრივ კი კომუნიკაციის პრობლემების და ურთიერთმოლოდინების აცდენის გამო. სამწუხაროა, რომ არხის მენეჯმენტმა და საბჭომ ვერ შეძლო ამ რესურსის უფრო ინტენსიურად და ეფექტურად გამოყენება და ამდენი დროც ფუჭად დაიკარდა.

თუმცა, ახალმისულებს დასამტკიცებლად 2010 წლის ბიუჯეტი წარმოგვიდგინეს (ნაკლებაკადემიური სიტყვა რომ ვიხმაროთ, გვაჯახეს). საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის შემართებითა და მოთხოვნით, ბიუჯეტი "სასწრაფოდ უნდა მიგვეღო."  ეს ბიუჯეტი 2009-შივე უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, "ახალ წევრებს დაგველოდნენ, რომ მერე რამე უხერხულობა არ შექმნილიყო". იმისათვის, რომ სწრაფად გაგვევლო ყველა კითხვა, არ შეფერხებულიყო ბიუჯეტის დამტკიცება და შესაბამისად, მაუწყებლის მუშაობა, ჩვენს განკარგულებაში იქნებოდა არხის მენეჯმენტი, გია ჭანტურია და სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელები.

4,5 გვერდზე წარმოდგენილ 32 მილიონიან ბიუჯეტთან (აქედან 22 მილიონი სახელმწიფო ხაზინიდან, ხოლო 10 მილიონი არხის შემოსავლებიდან არის ნავარაუდევი) იმდენი კითხვა გაგვიჩნდა, და აქვე უნდა ავღნიშნო, მხოლოდ ლიკას და მე (ძველ წევრებს, დავით აფრასიძის და ბაკურ სულაკაურის გამოკლებით,თეორიულად უკვე გავლილი აქვთ ეს დოკუმნეტი), რომ ბიუჯეტის რამდენიმე დღეში დამტკიცება ძალიან არასერიოზული იქნებოდა. მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის განხილვა ერთი კვირით გადავდეთ, იმ პირობით, რომ იქამდე, მენეჯმენტთან ცალკე გავივლივიდით პრობლემურ საკითხებს.

ხანგრძლივი სხდომებით ეტყობა ძალიან შეწუხდა ბატონო ნოდარ სარჯველაძე (ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი) და შენიშვნა მოგვცა, იქნებ შევთანმხდეთ კითხვა-პასუხის ფორმებზე, კითხვებზე პასუხი და დამატებითი ინფორმაცია ყოველთვის არ ჰფენს ნათელს საქმესო. ლიკამ და მე ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით, რომ ბატონ ნოდართან ალბათ ძალიან რთული იქნება მუშაობა.

ორშაბათსვე დავიწყეთ ბიუჯეტის კირკიტი და დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა. პარალელურად, ინფორმაციის მისაღებად ვხვდებოდით გახელაძეს, ჭანტურიას, ფინანსური, ადმინისტრაციული, პროდაქშენის, მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის დირექტორებს. ჩვენ ამ სამუშაოს გაწევა არ დაგვჭირდებოდა მენეჯმენტს დეტალური და პროფესიონალურად შედგენილი ბიუჯეტი რომ წარმოედგინა. ბიუჯეტს ამ ფორმით, ჩემი გამოცდილებით, არც კი განიხილავდა ნებისმიერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია.

მაგალითად, მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხარჯები, რომელიც 656,000 ლარს შეადგენს, წარმოდგენილია მხოლოდ 2 პუნქტით: ხელფასები - 156,000 ლარი და მარკეტინგისა და თვითვრეკლამის ხარჯი - 500,000 ლარი. რამდენი ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რა სახელფასო განაკვეთზე, რა მარკეტინგული გეგმა აქვთ და როგორ შეიძლება გაიზომოს ნახევარმილიონიანი გეგმის ეფექტურობა? ამ კითხვებზე პასუხის გარეშე შეუძლებელია ამ ხარჯის მიზნობრიობის დადგენა. მოკლედ, ოთხ გვერდიან ბიუჯეტთან არა ფინანსისტსაც ბევრი ლოგიკური კითხვა ექნება. ბიუჯეტი, მარტივად რომ ვთქვათ, არ იკითხება, იმიტომ, რომ ძალიან ზოგადია. განსაკუთრებით ტექნიკური ნაწილი (8,5 მილიონი), სადაც არ არის მოტანილი არანაირი ტექნიკური სპეციფიკაცია. მაგალითად, წერია "ცენტრალური სააპატაროს შეცვლა, I, II da III არხი, მატრიცა - 777,000 ლარი." გარდა იმისა, რომ არ არის განმარტებული ფუნქციურად რა არის ეს მატრიცა, არ არის დაკონკრეტებული მისი კონფიგურაციაც. შესაბამისად, ტექნიკური ექსპერტიც კი ვერანაირად ვერ შეაფასებს ამ ხარჯის მიზანშეწონილობას და მის თავსებადობას ამოცანებთან.

ბიუჯეტის პრობლემები ბატონმა გახელაძემ და საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, ფინანსისტმა ზურაბ ხარატიშვილმა (ბატონი ზურაბი "ცეესკოს" თავმჯდომარედ დაინიშნა) იმით აგვიხსნეს, რომ მაუწყებელში ჯერ-ჯერობით არ არსებობს პროექტებზე დაფუძნებული (project-based) ბიუჯეტირების სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ითვლიან რა უჯდებათ კონკრეტული გადაცემების წარმოება. უფრო მეტიც, ვერ გეუბნებიან, მაგალითად, რა ჯდება "პირველი კავკასიურის" ერთ წლიანი მაუწყებლობა. საერთო ტექნიკური ინფრასტრუქტურა, საერთო ადმინისტრაციული, კომუნალური და სამეურნეო ხარჯები, ასევე, საერთო ტექნიკური პერსონალი გვყავს და რთულია ხარჯების დიფერენცირება და პროექტების მიხედვით გაწერა ისე, რომ ბიუჯეტირების ეს სისტემა კოორდინირებული იყოს საჯარო სამსახურის ბუღალტერიასთანო. მესმის ეს არგუმენტი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუ ნება იქნება, ყველაფერი დათვლადია და ახალი სისტემის დანერგვაც, კარგი ფინანსური მენეჯერის პირობებში, მალევე, რამდენიმე თვეში შეიძლება.

ძალიან რომ არ გამიგრძლედეს ეს ბლოგი, პირდაპირ გეტყვით მთავარი პრობლემების შესახებ, რაც ამ ერთ კვირაში გამოიკვეთა.

1. მთლიანად გადასახედია არხის მენეჯმენტის სტრუქტურა. უფრო კონკრეტულად, თანამშრომლების რაოდენაბა, ფინანსური სისტემა, სახელფასო სტრუქტურა და განაკვეთები. ამის გარეშე, ეს ორგანიზაცია ვერანაირად ვერ იმუშავებს ეფექტურად და ბიუჯეტის ეფექტურობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, საზ. მაუყებელში მუშაობს 1100-ზემეტი ადამიანი, რაც ძალიან ბევრია. შედარებისათვის, კერძო არხებზე 300-400 თანამშრომელია. ადმინისტრაციულ ნაწილში საშუალო ხელფასი 1500-2000 ლარია, ხოლო პროდაქშენში - 2500-3000 ლარი (წამყვანების ხელფასებს ვგულისხმობ). ჩემი ღრმა რწმენით (და ამაში სხვა, ჩემზე გამოცდილი მენეჯერები მეთანხმებიან), ეს ძალიან მაღალი სახელფასო განაკვეთია. გაცილებით მეტად კვალიფიციური კადრები ბაზარზე გაცილებით ნაკლები ღირან. ანუ, საზოგადოებრივი მაუწყებელი "აფუჭებს" ბაზარს, ან კერძო ტელეკომპანიების მიერ შექმნილ უსამართლო გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს. მესმის, რომ ძალიან არაპოპულარ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა. თუ სხვაგვარად ფიქრობთ, ვიმსჯელოთ. ეფექტური მენეჯმენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვფიქრობ, ამ კონკრეტულ საკითხებზე ღირს საჯარო დისკუსიების მოწყობა. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება საუბარი გამოცდილ მენეჯერებთან, რედაქტორებთან და მედიაექსპერტებთან, ასევე BBC-ისთან.

გია ჭანტურიას, როგორც თავად ამბობს, ძალიან უნდა უფრო ეფექტური სტრუქტურის შექმნა და მისი ეს ამბიცია შეიძლება პროდუქტიული იყოს. ის ასევე მზადაა, რომ იმუშაოს საბჭოსთან და გაიზიაროს ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები. აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ მენეჯმენტის საკითხები მეურვის ფუნქციებს ცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების გზა გენერალურ დირექტორზე გადის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჭანტურიასთან კარგი სამუშაო ურთიერთობის აწყობა. ვნახოთ, რა გამოვა. ძალიან გამიხარდება, თუ წინაგანყწობები შემეცვლება. მთავარია, რომ ამისათვის ორივე მხარემ გამოვთქვით მზაობა.

აქვე უნდა გითხრათ, რომ ჭანტურია და გახელაძე ღიად საუბრობენ  ყუბანეიშვილის მმართველობის პერიოდში მომხდარ დარღვევებზე. გახელაძე გვარწმუნებდა, რომ ყუბანეიშვილი საბჭოს გადაყენებულია. თუმცა, რომ ვეკითხებით, რატომ არ გახდა ეს საჯარო ინფორმაცია, ან რატომ არ დგება ყუბანეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, გვპასუხობენ, რომ ამისათვის მათი განაჩენი არ არის საკმარისი. კონტროლის პალატის დასკვნებს ელიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში პირველად აპირებს შესვლას მაუწყებელში (ზუსტად როდის, არავინ იცის). ამ დროს არსებობს აუდიტის კრიტიკული დასკვნებიც ტენდერებთან დაკავშირებით, რომლის გააქტუალურებაც საბჭოს შეეძლო. (ამაზე მოგვიანებითაც გავაგრძელებთ საუბარს).

საბჭოს ძველი წევრები ღიად საუბრობენ ინგა გრიგოლიას ხელფასზეც. იმედია, ესეც მალე გახდება საჯარო ინფორმაცია. განსაკუთრებით ახლა, როცა ქალბატონი ინგა პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებას. 

2. პრობლემაა მაუწყებლის შენობა. შენობა ავარიულია და უზარმაზარი, შესაბამისად, კომუნალური და სამეურნეო ხარჯები ძალიან მაღალია. მაგალითად, საზ.მაუწყებელი,მხოლოდ წყლის გადასახადს 200,000 ლარს იხდის და "წყალკანალის" ძველი დავალიანებაც აქვს. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ შემეშალა და აბანოში, ან ლუდის ქარხანაში ხომ არ მოვხვდი-მეთქი. თურმე არა, ტელევიზიაა, ოღონდ მილები ძველია და გასდის, ამიტომ, ახალ ბიუჯეტში ამ მილების გამოცვლის ხარჯი ჩაიდო. ასევე, "თელასს" 300,000 ლარს უხდის. უზარმაზარია შენობის დაცვის ხარჯები - 218,000 ლარი, დასუფთავება - 102,000 ლარი.მაღალია შენობის სარემონტო ხარჯებიც, მაგრამ არ არის საკმარისი მის გასამართად. მესამე სართულის კორიდორში, მაგალითად, ჭერი დაქანებულია და თავისუფლად შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცეს. ბევრგან კედლებში უზარმაზარი ბზარებია. გარდა ამ  დანახარჯებისა, სხვადასხვა სამსახურები და სტუდიები ისეა გაფანტული, რომ კომუნიკაცია რთულდება. ყველა ფლიგელი მოწყვეტილია ერთმანეთს. ზამთარში ცივა და ტუალეტის სუნი ტელევიზიისათვის უკვე ორგანული გახდა. მოკლედ, ამ შენობაში თანამედროვე ტელე და რადიო მაუწყებლობის გაკეთება არ არის იოლი ამოცანა.

შენობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დიდი ხანია საუბრობენ. ომამდე, მის გაყიდვასა და სხვა შენობის აშენებაზე ფიქრობდნენ. მაგრამ, რადგან ომის მერე საგრძნობლად დაეცა უძრავი ქონების ფასები, ეს საუბრები ჰაერშია გამოკიდებული. თუმცა, შენობის მდგომარეობა მართლაც არ არის ამ არხის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.

3. იმდენად გავიხლართეთ ციფრებში, რომ მხოლოდ შუა კვირაში მივხვდით, რომ რეალურად უკუღმართად გამოგვდის მუშაობა. ჯერ პროგრამული პრიორიტეტების განხილვა არ დამდგარა დღის წესრიგში, არ განგვიხილია როგორ შეიძლება შეიცვალოს პირველი არხის კონცეფცია და რა გადაცემები უნდა გავიდეს ეთერში. ამ დროს ბიუჯეტს ვამტკიცებთ. ასევე, არც კი დაგვიწყია მეორე არხის ან რადიოს კონცეფციაზე საუბარი. ამაზე გვპასუხობენ, რომ ბიუჯეტის კორექტირება საბჭოს მუდმივად შეუძლია და ახლა მხოლოდ ზოგადი ნიხრების მიღებაც საკმარისია. მე ასე არ ვფიქრობ. იმდენი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, თავად საბჭოში და ადმინისტრაციაში, რომ ეს არ შეიძლება მნიშვნელოვნად არ აისახოს ბიუჯეტზეც.

მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ პირველ არხს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სამსახური და ამ კონკურენციის პირობებში, საგანმანათლებლო-გასართობ პროგრამებზე უნდა კონცენტრირდეს მისი რესურსი. ამ შემთხვევაში, ღია საინფორმაციო ეთერის ფუნქცია მეორე არხმა უნდა შეითავსოს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომ პირველი არხი მაქსიმალურად უნდა ეცადოს რეიტინგული გადაცემების კეთებას და კერძო არხებთან აქტიური კონკურირება ჰქონდეს. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რაც დღეს არის სახეზე: პირველ არხზე "ცხოვრება მშვენიერია", "რუსთავზე" - "პროფილი" და იმედზე - "ნანუკას შოუ". ასევე მაგალითისათვის, გია ჭანტურია ფიქრობს, რომ სპორტი მაღალრეიტინგულია და ამიტომ, მომავალ ბიუჯეტში სპორტულ გადაცემებზე 2 მილიონამდეა გამოყოფილი (აქვე არის წინა წელს გაფორმებული ხელშეკრულებები ტრანსლირების ლიცენზიებზე, რომელსაც ვერ გაწყვეტენ).

უსასრულოდ შეიძლება ვიკამათოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პოლიტიკაზე, მაგრამ ერთი ფაქტია: საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია "გემოვნების" და "სპეკულაციების" სფეროს არ განეკუთვნება. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია და სტანდარტები. პირველ რიგში მაუწყებელი ამ კონცეფციის ადექვატური უნდა გახდეს. შემდეგ კი ყველაფერი გაზომვადი გახდება: რამდენად თავსებადია პრიორიტეტები პროგრამებთან, რამდენად ხარისხიანია და რამდენად რეიტინგულია ესა თუ ის გადაცემა და ასე შემდეგ. ამის დასადგენად მარჩიელობა არ დაგვჭირდება - შესაძლებელია შეიქმნას როგორც შიდა მონიტორინგის სამსახური, ისე - გარე, რომელიც უშუალოდ საბჭოს დაექვემდებარება. ასევე მუდმივად შეიძლება ვატაროთ აუდიტორიის კვლევები.

მიზანი, ჩემი აზრით, ასეთია: ჯერ უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ადექვატური, ხარისხიანი და აქტუალური პროდუქცია და შემდეგ ვიფიქროთ რეიტინგზე და მის გაზრდაზე. ვეჭვობ, ცხარე დებატები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. საინფორმაციო პოლიტიკის განხილვაც წინ არის.

ზოგადად, კი სკეპტიკოსებს მინდა ვუთხრა, მათ შორის იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც პირველი არხიდან ღამის 2 საათზე გამოსული სახლში მომიყვანა – მძიმედ არის საქმე, მართალია, მაგრამ ხანდახან დავითი ამარცხებს გოლიათს :)

პ.ს. შემდეგი სხდომა ორშაბათს, პირველ საათზეა დაგეგმილი. ამიერიდან, პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ყოველკვირეული ჩანაწერები უფრო მოკლე იქნება. მოკლე და შესაძლოა, უფრო ხშირი.

პ.ს.ს. ერთ თვეში საბჭოს კიდევ ორ, ყველაზე აქტიურ წევრს გასდის ვადა (ზურაბ ხარატიშვილი მესამეა). იქნებ, უკვე დაგვეწყო ამაზეც ფიქრი.

0 0
შორენა ძალიან დიდი მადლობა ამ შრომისთვის. ძალიან საჭიროა და ძალიან სარგებლიანი. შესაძლოა კიდევ უფრო ამძიმებს თქვენს ისედაც მძიმე სამუშაო დღეს, მაგრამ სარგებელი იმხელაა, რომ უნდა "გაგიმეტოთ". კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!
შორენა, დიდი მადლობა ამ პოსტისთვის! იქნებ სამომავლოდ უფრო დიდი აუდიტორია ჩაერთოს დისკუსიაში ... ფეისბუქზეც ვდებ :)
შორენა ძალიან დიდი მადლობა ! ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაცოდე. ველით გაგრძელებას...
დიდი მადლობა. ფრიად საინტერესოა. თუმცა, როგორც ხშირად ამბობენ, ძველის რემონტს და რესტავრაციას ხშირად დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება სჯობს.... იმედია, მიმიხვდით, ჩვენს საზმაუს შენობას არ ვგულისხმობ, ჩვენს "მენტალურ" შენობებს არ ვგულისხმობ.... :) კიდევ ერთხელ გმადლობთ და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს.
დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ჩანაწერებია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ქვეყანაში ერთი და იგივე ხდება ყველგან. უბედურება ის კი არ არის კარგები არიან ნაცები თუ ცუდები...უბედურება ის არის, რომ უცოდინარები არიან და წარმოდგენა არა აქვთ რა უნდა აკეთონ, რატომ უნდა აკეთონ და რა აზრი აქვს იმას რაც აუცილებლად გასაკეთებელია....კერძოდ მენეჯმენტზე ვსაუბრობ, რომლის შესახებაც მათი ცოდნა მინუსებში გადადის....შესაბამისად, თავსაც კი არ იწუხებენ, რომ მრავალმილიონიანი ბიუჯეტები პროფესიონალურად შეფუთონ მაინც, რადგან არ ესმით ასეთი შეფუთვის მნიშვნელობა...ეგ ისე, ძალიან კარგია იმიტომ, რომ გავა დრო და ზუსტად გავიგებთ ვინ რას და როგორ ხეირობს ჩვენი გადასახადებით მოგროვებული ბიუჯეტებიდან ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვინ სად და რამდენს გვპარავს. ის გოგო რომ ბრუსელში იყო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, თუ რამდენად პასუხისმგებლობით უდგება თავის სამუშაოს...ერთი რამ ვერ გავიგე, რატომ უნდა იჯდეს საბჭოში ადამიანი, რომელსაც დრო არ აქვს ამისთვის და რომელიც ბრიუსელში უნდა იყოს...? მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ იქ უფრო სასარგებლო საქმეებს აკეთებდა სამშობლოსთვის :)....მოვითხოვ გამოუქვითონ იმ ერთი კვირის ხელფასი და აცნობონ ამის შესახებ სამშობლოს... კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ძალიან სინტერესო იყო...
ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა. შორენას. გთხოვ დააზუსტო კომუნალური გადასახადები 200000 წყლის, 300000 ელექტრო ენერგიის და ასე შემდეგ... წლიურ თანხებზეა ლაპარაკი? სტუმარს (იანვარი 17, 2010, 18:49:20) თქვენ ფიქრობთ, რომ საბჭოს წევრებმა, სხვა საქმეებსა და სხვა საქმეებიდან გამომდინარე მივლინებებს თავი უნდა დაანებონ? ნუთუ ასეთი ეფექტური გგონიათ საბჭოს ყოველი წევრის, ყოველ სხდომაზე დასწრება? "იმ გოგოს" ხელფასის დაქვითვაზე რომ ბრძანეთ..., რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საბჭოს წევრებს ძალიან მცირე და სიმბოლური ხელფასები აქვთ. ასე არ არის შორენა?
vicodi marazmi rom iyo magram mtlad aseti alaburdusena tu qondat ver carmovidgendi :((( jobia: tetrze tetri vtqvat da Savze Savi...
მეც შევეხმიანები სტუმარს (იანვარი 17, 2010, 18:49:20) "ის გოგო" მედიამკვლევარი ნინო დანელიაა, რომელსაც, როგორც ვიცი,ბრუსელში უნდა წარედგინა ქართული მედიის კვლევის შედეგები, რაც თავისთავად არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა იყოს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მედიის თავისუფლების ხარისხს, და წინასაარჩევნოდ 4 სახელმწიფო ტელევიზიის არსებობას, სადაც უგულავაზე ყოველდგე 8 წუთიან სიუჟეტებს აკეთებენ :)) და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% – ისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო ტელევიზორია!
მამუკა, წლიურ თანხებზეა, საუბარი, კი. სტუმარს: ბრუსელში იყო ნინო დანელია, რომელიც, ჩვენსავით, საბჭოს ახალი წევრია. ოღონდ მივლინებაში არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან :) საბჭოში მომუშავე ყველა ადამიანს სხვა სამსახურებიც გვაქვს და შესაძლოა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, ყველას მოგვიწიოს სხდომის გაცდენა. ამიტომ, მგონი ეს საკამათო არ უნდა იყოს.
ეს პირველი დღეა და რა დღეები გელოდებათ კიდევ ვინ იცის?! მაგრამ რა ვქნათ? არავინ მოგვართმევს სასურველ საზოგადოებრივ მაუწყებელს და თუ მოგვართმევენ - ეს მორთმეული სწორედ ისეთი იქნება , როგორიც დღეს არის : სამარცხვინო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და პრობლემების მიმართ აბსოლუტური ატროფიით. ასე, რომ გამეტებული გვყავხართ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.